„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მის ავტორებს დაუბრუნა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა წარუდგინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. კერძოდ, კანონპროექტი სხვა კანონებშიც იწვევდა ცვლილებებს, მაგრამ ეს ცვლილებები კანონპროექტს თან არ ახლდა. ამის გამო ის დაუბრუნდა იმ საინიციატივო ჯგუფს (ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ტუღუში და სხვ.), რომელმაც კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა განსახილველად.
შეგახსენებთ, კანონპროექტით სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესი შემოდის. შემოღებული იქნება მაუწყებლის ვალდებულება, მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება მისცეს. ამასთანავე, სხვა საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა ძირეულად იცვლება. შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრამდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან და სწორედ ამიტომ მოხდა ისე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში კანონის მიღება ვერ მოხერხდა. გთავაზობთ ინტერვიუს დეპუტატ ელისო ჩაფიძესთან.
ელისო ჩაფიძე: „პრინციპში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დღევანდელი პარლამენტის რეალური სახე. როგორც გავარკვიე, იურიდიული დეპარტამენტისგან განათლების კომიტეტს ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ კანონპროექტში გარკვეული ტექნიკური საკითხები იყო გასასწორებელი, მაგრამ სამწუხაროდ, განათლების კომიტეტის აპარატმა ამის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად არის პარლამენტის აპარატში რეფორმა ჩასატარებელი და რამდენად საჭიროა, დროულად ატესტაციის გავლა. მოგეხსენებათ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან საინტერესოდ დაკომპლექტებული პარლამენტის აპარატი. ეს ადამიანები სამსახურში აყვანილები იყვნენ არა იმ ნიშნით, რომ ისინი სპეციალისტები არიან, არამედ იმ ნიშნით, რომ ისინი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. ამ ორი თვის განმავლობაში (დეკემბრის შემდეგ) ფაქტობრივად ყველაფერი გაკეთდა იმისათვის (მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ), რომ ამ კანონპროექტს დღის სინათლე არ ეხილა.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. საჭიროა ორი ტექნიკური დეტალის გასწორება, რის გაკეთებასაც დღის ბოლომდე ვაპირებთ და ხვალ კანონპროექტს კვლავ წარვუდგენთ აპარატს. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან იურიდიული დეპარტამენტს კანონპროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები ძალიან ხშირად აქვს ხოლმე, მაგრამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი წევრებით დაკომპლექტებულმა პარლამენტის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კანონის მიღება რაც შეიძლება გაწელილიყო დროში.
გამოდის, რომ კანონპროექტის განხილვა ხელოვნურად ფერხდება?
- დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამ თემასთან დაკავშირებით ვაპირებ დავსვა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ამ კანონპროექტზე უნდა ემუშავათ და არ იმუშავეს. საუბარია აპარატის თანამშრომლებზე. როდესაც აპარატის ხელმძღვანელ, ქალბატონ ნინო მაისურაძეს ამ საკითხზე ვესაუბრე, მან მითხრა, რომ უბრალოდ, ენდო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც კანონპროექტი წარმოადგინეს და თვითონ დოკუმენტთან დაკავშირებით არანაირი ძალისხმევა არ ჩაუდენია. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა.
ამასთანავე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროსაბჭოსთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა. პირველ რიგში, რეზოლუციისთვის მათ ევროსაბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და მას მთავრობის მეთაური, ბიძინა ივანიშვილი უჭერდა მხარს. ეს კი, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, გახლავთ ტყუილი, ხოლო იურიდიულ ენაზე რომ ვისაუბროთ, ეს არის ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეცდომაში შეყვანა. მეორე მხრივ, ნაციონალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ. ჯერ დაკარგეს ეს კანონპროექტი, შემდეგ, თითქოს, ვერ იპოვეს, ბიუროს თითქოს ვერ გადაეცა დოკუმენტი და ა.შ.
რას ნიშნავს ეს, როგორ შეიძლება, რომ კანონპროექტი დაიკარგოს?
- ერთ-ერთ ბიუროზე, მას შემდეგ, რაც ეს საკანონმდებლო წინადადება შევიტანეთ, გასული წლის დეკემბერში, მე მოვიკითხე ეს კანონპროექტი, დოკუმენტი უბრალოდ ვერ მოძებნეს და ამის გამო, ხელახლა დაგვჭირდა მისი შემოტანა.
გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს, რათა მედიაზე კონტროლი დაამყაროს. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ „რუსთავი2“-ზე იყო მუქარები, ასევე გარკვეული პროცესები მიმდინარეობს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“.
- „რუსთავი2“-ზე არანაირი მუქარის შესახებ მე არ მსმენია. სამაგიეროდ, ძალიან კარგად მახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც სააკაშვილის განკარგულებით შეიარაღებული ადამიანები ტელეკომპანია „იმედში“ შეცვივდნენ. კარგად მახსოვს, რამდენჯერ შეიცვალა მფლობელი ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა. ასევე კარგად მახსოვს სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოში როგორ ხდებოდა გაზეთების გაყიდვის ფაქტობრივი აკრძალვა, მახსოვს, როგორ ემუქრებოდნენ და დააპატიმრეს ჩემი კოლეგა ფოტორეპორტიორები და მე თვითონ, როგორც ჟურნალისტი 2008 წელს არჩევნების გაშუქებისათვის როგორ მცემეს. სჯობს, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების წინაშე ამ ყველაფერზე აგოს პასუხი, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც აბსტრაქტულ ზეწოლაზე ისაუბროს.
ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ხათუნა ბერძენიშვილი და როგორ ასრულებდა იგი პრეზიდენტის დავალებებს და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამიტომ, მისი მსხვერპლის როლში გამოყვანა შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანმა დაიჯეროს, ვინც არ იცის, რა ხდებოდა ქართულ მედიაში.
ყველასათვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, თუ სააკაშვილის მიერ ხელდასმული არ იყო. მათ შორის, ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი, რომლებსაც მთელი მსოფლიო ნდობას უცხადებს, მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებლები იყვნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ორ-სამ ნეიტრალურ ადამიანსაც კი ვერ იტანდა. დიახ, ბორდი უნდა შეიცვალოს და ახალი ადამიანებით დაკომპლექტდეს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც დღეს სამეურვეო საბჭოს შემადგელობაში შედიან, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყვნენ ხელდასმულები. სხვაგვარად უბრალოდ პროცედურულად წარმოუდგენელი იყო, რომ ბორდში ვინმეს შეეღწია. ეს ადამიანები ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ფილტრს გადიოდნენ, ხოლო მეორე მხრივ საქმეში ერთვებოდა მის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი, რომელშიც მას აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავდა.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი კონფიგურაციით შეუძლებელია, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვინმე აკონტროლებდეს, თუ არა თავად სააკაშვილი. ამას არ ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ სააკაშვილს სურს, ჯიბის ტელევიზია ჰქონდეს, კეთილი ინებოს და ჩვენი ჯიბიდან კი ნუ აფინანსებს მას 31 მილიონი ლარით, არამედ თავისი ჯიბიდან და მილიონებიდან, რომლებიც მრავლად აქვს ნაშოვნი.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მიერ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას, თქვენი აზრით, ბორდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ბარათაშვილმა ხათუნა ბერძენიშვილი გაუშვა სამსახურიდან?
- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის წინ კარგად დადგმული სპექტაკლი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გახელაძე და ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი იმაზეც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ ამ პრეს-კონფერენციას ასეთი გადაწყვეტილება უნდა მოჰყოლოდა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანდა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელზე შექმნილ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. რეალურად საჭიროა სწორედ იმ ადამიანების ინტერესების და უფლებების დაცვა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობენ და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ.
და ბოლოს, ისევ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით. „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, რომ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები არ შევიდეს. მოახერხებს ის ამის გაკეთებას?
- კანონის დაბლოკვა მათ არ შეუძლიათ, რადგან პარლამენტში უმრავლესობით „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი. მათ შეუძლიათ მხოლოდ მცირეოდენი მავნებლობა, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გაწაფულია, მაგრამ ამ მავნებლობას კონკრეტული შედეგები ექნება. კერძოდ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, ზოგადად სახელმწიფო და საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ პარლამენტის, საზოგადოების სამსახურში და თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში. პარტიული ნიშნით გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კი საკუთარი თანამდებობები უნდა დატოვონ.