უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვატიკანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად იდეალური ადგილია.
„ვატიკანი იდეალური ადგილია მშვიდობაზე სასაუბროდ. ვატიკანი გლობალური მორალური ავტორიტეტია, რომელიც შუამავლის როლს ყოველთვის ეფექტურად ახორციელებს, ვინაიდან მიუკერძოებელია და კონფლიქტის მონაწილეებს შორის სანდოობით სარგებლობს. რომის პაპი თავისი მოწოდებით მშვიდობის წინასწარმეტყველია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.
26 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა.
„ვფიქრობ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შეხვედრა შედგება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს უკვე დავავალე, დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, რათა შეხვედრის ვადები და ადგილი განისაზღვროს. ჩემთვის მთავარია შეხვედრის არსი და არა მისი ჩატარების ადგილი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
22 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს. ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს.