„მერობისთვის სამი ძალა იბრძოლებს - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა ან პარტია“

„მერობისთვის სამი ძალა იბრძოლებს - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა ან პარტია“

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს „ქართული ოცნება“ თბილისის მერობისთვის ამზადებს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თალაკვაძე დააქვეითეს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში მეორე-მესამე პირია, მილიონიანი ქალაქის მერობა რამდენად შეიძლება დაქვეითებად ჩაითვალოს, გემოვნების საკითხია.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაანაწყენა,

გუნდში დატოვა და მერობას ამიტომ უპირებს: „გარკვეულწილად, მისი გავლენის შემცირებაც მოხდება“, - განუცხადა ექსპერტმა for.ge-ს.

ჩიტაძე, ასევე, ვარაუდობს, რომ თბილისის ახლანდელ მერს კახა კალაძეს ან აღარ სურს იგივე თანამდებობა, ან დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

„არის ვერსია, თითქოს თავად კალაძეს არ სურს მერად წარდგენა. ან თუ სურს, შესაძლოა, „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, „ოცნებას“ ჯერჯერობით კანდიდატურა ოფიციალურად არ წარუდგენია,

მაგრამ ვნახოთ, ეს ყველაფერი თალაკვაძეს რამდენად აწყობს, რადგან მისთვის ვიცე-სპიკერობა უფრო მისაღები უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს თანამდებობა მინიმუმ 2 წელი გარანტირებული აქვს, გააჩნია მომავალი საპარლამენტო არჩევნები როდის ჩატარდება. წესით, თალაკვაძე მერობას არ უნდა დათანხმდეს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილს არჩილ თალაკვაძის შესაძლო მერად წარდგენაზე კომენტარის გაკეთება უჭირს.

 „ვიდრე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ამაზე საუბარი მიუღებელია. საერთოდ, გააზრებაც კი რთულია, რა მოხდა და რა იქნება“, - გვითხრა ექსპერტმა.

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა თვლის, რომ საქართველოში მერობა პატარა თანამდებობა არ არის, ამიტომ „ქართული ოცნების“ მრჩევლები ამიტომაც განიხილავენ თალაკვაძის კანდიდატურას.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და პარლამენტს ძალიან დიდი უფლებამოსილება აქვს. ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის გარეშე ვერ დანიშნავ. რაც შეეხება ქალაქის მერობას, ქალაქის მერიც ძალიან დიდი თანამდებობაა, რადგან ეს თანამდებობა არჩევითია. ქალაქის მერს ვერც პარლამენტი გადააყენებს და ვერც პრემიერ-მინისტრი, ასე რომ, ეს პატარა თანამდებობა არაა. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პოლიტ-ტექნოლოგები და ასევე მრჩევლები მსჯელობენ ასეთ საკითხებზე და მათ შორის, თალაკვაძის მერობაც მოიაზრება. რა თქმა უნდა, თუ განმეორებით კენჭისყრაზე კალაძე უარს იტყვის“, - გვითხრა პოლიტოლოგმა.

მისივე ინფორმაციით მერობისთვის ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც ემზადება.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მერობაზე კენჭი გახარიამაც უნდა იყაროს. ანუ, ნახეთ, საქმე რასთან გვაქვს - თუ კალაძე უარს იტყვის და გახარია კენჭს იყრის, მაშინ „ოცნებამ“ ადეკვატური კანდიდატი უნდა დაუპირისპიროს, რომელიც სერიოზული იქნება და ასევე რეიტინგულიც. ამიტომ, როდესაც გავრცელდა ხმები, რომ გახარია მერობას აპირებს, დადგა საკითხი, რომ მოეხდინათ ასეთი ცვლილება“, - განუცხადა for.ge-ს იგორ კვესელავამ.

იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ მერობისთვის სამი ძალა იბრძოლებს - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა ან პარტია. ექსპერტის თქმით, ექს-პრემიერი მაისში თავის გეგმებს გააჟღერებს.

„ახლა საქართველოში პოლიტიკური ძალები შემდეგნაირად ნაწილდება - ერთი, „ქართული ოცნება“ , მეორე კი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც თავისი პოლიტიკური ხედვა გააჩნია. რაც შეეხება მესამე ძალას, რომელიც შეიქმნება, არის გახარიასი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ექს-პრემიერი თავის გეგმებს მაისში გაამჟღავნებს და მას მხარდამჭერები ეყოლება.

რაც შეეხება თალაკვაძე - გახარიას შორის დაპირსპირებას, საქმე იმაში კი არ იქნება ვინ ვის წაართმევს ხმებს, არამედ ვინ მოიპოვებს. ბუნებრივია, ბრძოლა იქნება. „ქართული ოცნების“ მომხრეების დიდი ნაწილი, დასამალი არაა, რომ გახარიასაც დაუჭერენ მხარს. რა თქმა უნდა, „ოცნების“ კანდიდატსაც ეყოლება თავისი მხარდამჭერი. აქ მთავარია კიდევ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არავის უჭერს მხარს და საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ამიტომ „ოცნება“ იმუშავებს, რომ ეს ხმები, რომელიც არსად მიდის, წამოიღოს თავისთან. საქმე ისაა, როგორ იმუშავებს მმართველი გუნდი, ნაციონალები და გახარია. ჩემი აზრით, ბრძოლა ამ სამ სუბექტს შორის წავა“, - განუცხადა for.ge-ს იგორ კვესელავამ.

შეგახსენებთ, სრულიად მოულოდნელად, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მთელი ამ 6 თვის განმავლობაში ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული და შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. მან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ყოფილმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ დაიკავა. თალაკვაძის განცხადებით, მისი ადგილი ახლა დარბაზში კოლეგების გევრდით არის და არა - სპიკერის პოზიციაზე.