ქვეყანაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. არჩილ თალაკვაძე, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და რიგით დეპუტატად საკანონმდებლო ორგანოში გადავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინოს.
მმართველ გუნდში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ კახა კალაძის კანდიდატურას ისურვებდა დედაქალაქის მერად. თუმცა, ფაქტია, უჩვეულოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს, თანაც არცთუ იშვიათი შემთხვევაა, რომ გარკვეული თანამდებობის პირს საკუთარი თავი, თავისივე სურვილით ჩამოექვეითებინა.
ამის ფონზე კი, არც კახა კალაძის გადაწყვეტილებაა ცნობილი, იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერად. დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, კალაძემ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ დატოვოს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კახა კალაძემ, შესაძლოა, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას გუნდში გადაინაცვლოს, რაც ამ ეტაპზე არ დასტურდება.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ კახა კალაძისთვის მომგებიანი არ იქნება გიორგი გახარიას „ფრთის ქვეშ გადასვლა“. მისივე თქმით, იმის შესაძლებლობას, რომ არჩილ თალაკვაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინოს, თავად ვერ ხედავს, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია კახა კალაძის გადაწყვეტილებაზე - იყრის თუ არა კენჭს დედაქალაქის მერად.
„ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ჩვენი სურვილია კალაძემ იყაროს კენჭი თბილისის მერობაზეო. ახლა კი, კალაძეზე არის დამოკიდებული, დათანხმება თუ არა მეორე წრეზე წასვლას. თუმცა, ეს იყო მხოლოდ სურვილის დაფიქსირება და არა მოცემულობა იმისა, რომ კალაძე გარანტირებულად იყრის კენჭს მეორე ვადით.
როგორც მე ვხედავ სიტუაციის განვითარების დინამიკას, ალბათ, კალაძე უფრო არას იტყვის, ვიდრე თანხმობას. ეს იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელსაც ვერავინ მოედავება. გასაგებია, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი ვერ შეეჭიდება ასეთ თანამდებობას.
არ მგონია, რომ კალაძე წავიდეს გახარიასთან და მეორე ნუმერაციით ჩაეწეროს. თუ ის გადაწყვეტს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს, მაშინ უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერი. გახარიას ჩრდილის ქვეშ ყოფნა რამდენად აწყობს კალაძეს, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება კალაძის პოლიტიკიდან გაცილების ერთ-ერთი ეტაპი. ჯანმრთელობის მდგომარება, ეს იქნება ოფიციალური არგუმენტი, რომელიც დასახელდება.
შესაძლოა, იყოს სხვა კონკრეტული მომენტებიც - გუნდში არსებული შიდა უთანხმოება, გავლენების ბრძოლა. შესაძლოა, „ოცნებას“ კანდიდატიც ჰყავდეს. მიდის გარკვეული პროცესები იმისათვის, რომ რომელიღაცა დაჯგუფებამ უფრო მეტი გავლენა ან ძალაუფლება აიღოს, მათ შორის თბილისზე. რამდენად ჩაჯდება კალაძე ამ თამაშის წესებში, არ ვიცი. თუნდაც თალაკვაძის გადაყენება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, უკავშირდება თუ არა მის მერად დანიშვნას, ჯერჯერობით მე ასე არ ვფიქრობ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ თუკი კახა კალაძესა და გიორგი გახარიასთან ერთად, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, შესაძლოა, საბოლოოდ ერთი დიდი და სერიოზული პოლიტიკური პარტია მივიღოთ, რომელიც, მისი თქმით, ახალ პარტიას დაახლოებით 15-დან 20%-მდე ხმას მოუტანს.
„კალაძეს აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი, მაგრამ გარდა რეიტინგისა საჭიროა ძლიერი სტრუქტურაც. გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ კალაძე აპირებს ქალაქის მერობას, უმჯობესია კენჭი იყაროს „ქართული ოცნებიდან,“ ვიდრე დამოუკიდებლად. ის, რომ შესაძლოა, თალაკვაძე იყოს ქალაქის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან,“ რა თქმა უნდა, დასაშვებია, თუკი კალაძე არ იყრის კენჭს მმართველი გუნდიდან. ამ შემთხვევაში თალაკვაძე იქნება მათი კანდიდატი, მაგრამ ეს საკმაოდ გაართულებს სიტუაციას „ქართული ოცნებისთვის.“
როდესაც გახარია მმართველ პარტიას გამოეყო, მაშინ ჩავთვალე, რომ გახარიას პოლიტიკური კაპიტალი იყო, რომ შეექმნა სერიოზული პარტია, მაგრამ ამას მხოლოდ გახარიას პოლიტიკური კაპიტალი არ ეყოფა. ამიტომ ჩავთვალე, რომ თუ გახარიასთან ერთად იქნებოდა კალაძე და კვირიკაშვილი, ასეთი ტრიუმვირატი შეიქმნებოდა და მივიღებდით სოლიდურ პარტიას, რომელსაც ექნებოდა 15-20% მხარდაჭერა.
თუ კალაძე და გახარია ერთ პარტიაში იქნებიან და ამ შემთხვევაში კალაძე თბილისის მერად იქნება არჩეული, ეს შანსებს ცოტა ზრდის, მაგრამ არცთუ იმდენად. ამ შემთხვევაში გააჩნია ოპოზიცია რას იზამს, იქნება შეთანხმება ერთიან კანდიდატზე თუ არა. ლაპარაკი მიდის თბილისის მერად ნიკა მელიას კანდიდატურაზე, ჯაფარიძე საკრებულოს თავმჯდომარედ, ხოლო ვიცე-მერად ელენე ხოშტარია. მეორე მხარეს მეორე ტრიუმვირატი იქმნება, რაც საკმაოდ ძლიერი ჯგუფია. ასეთ შემთხვევაში ძალთა გადანაწილება როგორ მოხდება, არ ვიცი, რას იზამენ სხვები“, - თქვა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებას გავრცელებულ ინფორმაციაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტიას სურს, რომ თბილისის მერობის კანდიტატი 2021 წლის არჩევნებზე კახა კალაძე იყოს.
„ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის, კახა კალაძე იქნება... როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ კიდევ ერთხელ შევიდეს ამ ბრძოლაში. თუმცა ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან“ ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. გადადგომის მიზეზად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებებში ჩართულობა დაასახელა და თქვა, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება მის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის ყოფნა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. თალაკვაძის ადგილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავამ დაიკავა.