სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხანძართან დაკავშირებული ახალი დეტალები

სავაჭრო ცენტრ „საბას“ ხანძართან დაკავშირებული ახალი დეტალები

სავაჭრო ცენტრ „საბას“ მფლობელი, პაატა კაჭარავა ცენტრის დაწვას დივერსიას უწოდებს და ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, ხანძარი მისმა კონკურენტებმა მოაწყვეს. შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „საბას“ ტერიტორიაზე ხანძარი საღამის საათებში გაჩნდა და შენობის რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრი იმსხვერპლა. თავდაპირველი ვერსია, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზად დასახელდა, ელექტროსადენების გაუმართაობა და მოკლე ჩართვა იყო, თუმცა სავაჭრო ცენტრის მფლობელი მაშინვე აცხადებდა, რომ მთელს შენობაში საღამოს საათებში ელექტროენერგია ითიშება და ამიტომ მოკლე ჩართვა ხანძრის მიზეზი ვერ გახდებოდა.

პაატა კაჭარავა for.ge-სთან ხანძრის გამომწვევ ახალ მიზეზებზე საუბრობს.

პაატა კაჭარავა: „სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებამ გარკვეული ეჭვები გაგვიჩინა. საუბარია გარეპერიმეტრზე განთავსებულ სათვალთვალო კამერებზე. ამასთანავე, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ხანძრის გაჩენისას სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგია გამორთული იყო. ყველაფერი ეს ერთად აღებული გვიჩენს ეჭვებს, რომ ხანძარი თავისით არ გაჩენილა.

რა ნახეთ საეჭვო ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას?

- არის ასეთი მომენტი, როდესაც ჩვენი ტერიტორიის დაცვის თანამშრომლებს ცეცხლმაქრები უჭირავთ და გარბიან იმ მიმართულებით, საიდანაც ბოლი გამოდის, 8 წამის შემდეგ ცეცხლის ამ კერიდან დაახლოებით 80-100 მეტრის მოშორებით ხდება ცეცხლის გამონათება, ანუ აალება ისეთ ადგილას, სადაც მანამდე ბოლიც კი არ იყო. აქედან კიდევ 7-8 წამის შემდეგ, ამ ახალი კერიდან კიდევ დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით ხდება გამონათება და შემდეგ უკვე ცეცხლი დიდ ტერიტორიას ედება. ეს რაც ვიდეოჩანაწერებში ჩანს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რა ხდება მეორე მხარეს. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ამ ადგილებში დადებული იყო გარკვეული ნივთიერებები, რამაც აალება გამოიწვია.

თქვენ ამბობთ, რომ ერთიანად აალების რამდენიმე დამოუკიდებელი კერა ჩნდება?

- დიახ, ამ დროს დენი გამორთულია, მაგრამ კამერებში ჩანს, როგორ გაივლის ამ კამერის წინ დაცვის თანამშრომელი, იქ რომ ხანძრის კერა ყოფილიყო, ის აუცილებლად შეამჩნევდა. დაახლოებით 8 წამის შემდეგ იმ ადგილას, სადაც დაცვის თანამშრომელმა გაიარა, ხდება აალება. როგორც მოგახსენეთ, კიდევ სხვა აალების კერაც ჩანს და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქ რაღაცეები იყო დალაგებული, რასაც შეეძლო ხანძარი გამოეწვია.

რამდენადაც ცნობილია, შემთხვევის ადგილი გამოძიებამ დაათვალიერა და რამე საეჭვო იქნა აღმოჩენილი?

- მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოჩანაწერის დათვალიერება მოხდა და ასეთი საეჭვო გარემოებები გამოვლინდა, ეს ინფორმაცია გამოძიებასაც მიეწოდა, ადგილზე ექსპერტები და კრიმინალისტები მივიდნენ და სინჯები აიღეს. გარდა ამისა, საქმეში ალტერნატიული ექსპერტიზაც ჩავრთე და სინჯები მათაც აიღეს. ამასთანავე, გამოძიებას ეს ვიდეო-ჩანაწერებიც მივაწოდე. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების დაკითხვა, ვინც დაზარალდა და ვინც შეესწრო ამ ფაქტს. ეს ხალხის ძალიან დიდი რაოდენობაა. შემდეგ, ალბათ, შეჯერდება საგამოძიებო ვერსიები და გამოძიება მივა რაღაც დასკვნამდე.

ექსპერტიზის პასუხები რამდენ ხანში გახდება ცნობილი?

- ექსპერტები აკეთებენ ქიმიურ და ლაბორატორიულ კვლევებს, რასაც საკმაოდ დრო სჭირდება. მაგ საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მითხრეს, რომ პასუხები მალე არ იქნება. ალტერნატიული ექსპერტიზაც იმიტომ დავიქირავე, რომ დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

სულ რამდენი ადამიანი დაზარალდა და რა ოდენობის ზარალზეა საუბარი?

- პირველადი მონაცემებით, 200-მდე ადამიანია დაზარალებული, ვისაც ფართები ჰქონდა ნაქირავები. რაც შეხება ზარალს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ამ ადამიანების სიტყვიერი მონაცემების საფუძველზე გვაქვს, რაც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის და რაზეც კომისია იმსჯელებს. ამ ადამიანების ინფორმაციით, მათი ზარალი დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენ კი ვიცით, რა ოდენობის ზარალი მოგვადგა, რადგან შენობის ღირებულება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შეფასებული და ჩვენი ზარალი 3 887 000 ლარს შეადგენს. დაახლოებით 7000 კვ მეტრი ფართობია დაზიანებული ცეცხლისგან, ხოლო 1700-მდე კვ მეტრია ის, რაც წყალმა დააზიანა და რაც უნდა გამოშრეს.

ბატონო პაატა, თქვენ ფაქტობრივად დივერსიაზე საუბრობთ და თქვენი აზრით, ვის შეიძლება ჩაედინა ასეთი ქმედება?

- რომ გითხრათ, ვინმესთან დაპირისპირებული ვიყავი, ან კონფლიქტი მქონდა, ასეთი რამ არ ყოფილა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ „დინამოზე“ ავეჯის ბაზრობა იხსნება და ჩემთვის ცნობილია, რომ იქიდან ზოგი მაღაზიის მფლობელი მოდიოდა ჩვენს მეიჯარეებთან და სთავაზობდა, რომ თავიანთი მაღაზიები „დინამოზე“ გადაეტანათ. შეიძლება ის ადამიანები აბსოლუტურად არაფერ შუაში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ავეჯის ბაზრობა იხსნება, თუმცა ბაზრობა რომ გაიხსნას, მას უნდა ჰქონდეს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი. ეს არის საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნა და საჭიროა, რომ ათ სუბიექტზე მეტზე გქონდეს ფართი გაქირავებული. როდესაც სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი მოგენიჭება, შენს ობიექტს ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი უნდა ჰქონდეს. თუ სპეცზონის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, ობიექტს ფუნქციონირების უფლება არ აქვს.

თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეიჯარეების გადაბირება ამიტომ ხდებოდა?

- სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭება არც ისე სასარგებლოა იმისთვის, ვინც ბაზრობას აკეთებს, რადგან მთლიანი პასუხისმგებლობა მასზე გადადის. კერძოდ, თუ რომელიმე სუბიექტს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, ან რამე დარღვევა აქვს, ბაზრობის მფლობელმა უნდა აგოს პასუხი და როგორია სხვის გამო პასუხისგება, წარმოიდგინეთ. ამასთანავე, ბაზრობის გასახსნელად შენობის გადაიარაღებაა საჭირო, რაც რამდენიმე მილიონის დანახარჯებს მოითხოვს.

თქვენი შენობის აღდგენას რამდენი ხანი დასჭირდება?

- მე უკვე დავიწყე ამ ტერიტორიის დასუფთავება, ახალი ფართი გამოვყავი და ძალიან მალე ავაშენებთ „გუდვილის“ ტიპის კონსტრუქციებს. თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, დაახლოებით 3000 კვ მეტრი ძალიან მალე, 20 დღიდან ერთ თვემდე პერიოდში გაიშვება. რაც შეეხება დანარჩენს, ამას დაახლოებით 3 თვეში გავუშვებთ. მთავარია ახლა ამინდმა შეგვიწყოს ხელი.

ბატონო პაატა, წინა ხელისუფლებასთან ხომ არ გქონიათ რამე პრობლემები?

- წინა ხელისუფლების პერიოდში, 2006 წელს მე კოლეტქივიზაცია შემეხო.

რას გულისხმობთ?

- რას და ქონებას რომ სახელმწიფოს აჩუქებ, ამას ვუწოდებ მე კოლექტივიზაციას. მაშინ მე სახელმწიფოს დაახლოებით 6 ჰექტარი მიწა გადავეცი, თავისი შენობა-ნაგებობებით. ეს იყო ჩვენს გვერდზე არსებული ტერიტორია, სადაც ახლა „მარშე“ არის განთავსებული. ამასთანავე, ე.წ. „კიკვიძის პარკის“ გვერდით გვქონდა შენობა და ისიც სახელმწიფოს გადავეცით. ახლა ვცდილობთ, რომ ეს ქონება დავიბრუნოთ, მაგრამ ეს ცალკე თემაა. მაშინ ორთაჭალაშიც ვიჯექი ორი თვე და სიზმარი ვნახე და ამიტომ „ვაჩუქე“ სახელმწიფოს ჩემი ქონება. სხვათაშორის, გასაკვირი ის არის, რომ 1937 წელს ბაბუაჩემსაც კოლექტივიზაცია შეეხო და მეც, მის შვილიშვილს, 21-ე საუკუნეში ასევე კოლექტივიზაცია შემეხო.

P.S. მას შემდეგ, რაც ეს მასალა მომზადდა, for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პაატა კაჭარავას „დინამო არენას“ მესვეურები გამოეხმაურნენ და საპასუხო განცხადება გაავრცელეს. ამიტომ ჩვენს მკითხველს ამ განცხადებასაც ვთავაზობთ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ სავაჭრო ცენტრი „საბას“ მფლობელის, პაატა კაჭარავას უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ერთ-ერთ ვერსიად „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის გახსნას უკავშირებს. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ცილისწამებით და ბრალდებით, რომელსაც ვარაუდის სახით გამოთქვამს ბატონი კაჭარავა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადება, რომელიც ჩვენი მისამართით გაკეთდა. წუხილს გამოვთქვამთ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიებით სიმართლე დადგინდება, ხოლო ჩვენი მხრიდან მოვითხოვთ ბატონი კაჭარავას მიერ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ამ ცილისწამების მიმართ“, - ნათქვამია „დინამო არენას“ განცხადებაში.