პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 27 აპრილს უნდა დაარეგისტრიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ბრალდებულ ნიკა მელიას ულტიმატუმის გაზიარებას. კანონპროექტი დაინიცირდება, ამნისტიის აქტსაც მიიღებენ, რითაც ყველა მხარე შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია და, ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.
„რუსთავის ციხის 224–ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია. არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას“, – მიმართავს ოპოზიციას ნიკა მელია.
მმართველი გუნდი, ამჯერად, მელიას მიერ გახმოვანებული უკრანული გზავნილის გათვალისწინებას არ აპირებს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ ამნისტიის გაწვევა, რაც არის შემოთავაზებული ინიციატივა, სწორი არ არის, ვინაიდან, ეს არის ერთი დიდი შეთანხმების ნაწილი. როგორც სარჯველაძე აცხადებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმება ამნისტიის გამოცემას ითვალისწინებს.
„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ მაშინ, როდესაც პირიქით, გვაქვს შესასრულებელი ის შეთანხმება, რომლის შესრულებაზეც ვსაუბრობთ ამნისტიის ჭრილში. ამ ეტაპზე შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე, სწორედ, ამნისტიაზე იქნება საუბარი.
რით შეიძლება აიხსნას პოზიციის ეს მეტამორფოზა ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად, ეს დიდი ხანია შეთავაზებულია და გირაოს შესაძლებლობა სიახლე არ არის. ამ წუთას შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის. შეთანხმება ამნისტიის გამოცემას ითვალისწინებს. უნდა ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით და ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი კოლეგების მხრიდან ხედვები. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ, ბუნებრივია, საამისოდ სურვილი გაგვაჩნია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე თვლის, რომ ნიკა მელიამ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა და თუ სამივე მხარე თანახმა იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამაზე კითხვა არ სჭირდება.
„თუ მოლაპარაკების პროცესში ჩართული სამივე მხარე, მათ შორის „ქართული ოცნება“ და მედიატორები თანახმანი იქნებიან ამ ვარიანტზე, რომ ამნისტიის გამოწვევა სხვა მუხლების რევიზიას არ გამოიწვევს, ჩვენ ამის არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. მან ძალიან სწორი განცხადება გააკეთა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ამ ეტაპზე უპარტიო სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გაიმართოს მხოლოდ ორივე მხარეს, მედიატორების თანამონაწილეობით. როგორც სამადაშვილი აცხადებს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ამის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ნიკა მელიას პირადად მოინახულებს.
„მნიშვნელოვანია უკვე დღეს გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე. ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ იმის უფლება, რომ შეთანხმების ჩაშლა ოპოზიციას შემოუტრიალონ. არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით არანაირ პროექტს ამნისტიის შესახებ, გარდა იმისა, რაზეც გვქონდა შეთანხმება.
კანონპროექტის როგორც შეტანა, ასევე უკან გამოტანა ყოველთვის შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია დავიწყოთ შეთანხმების შესრულება. ეს შეთანხმება არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ჩვენს ხელში, რომ შევძლოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
მელიას და მისი გუნდის მიზანი რომ ქუჩის პროცესებია, ეს ფაქტია და ამას მათი ყოველდღიურობით ადასტურებენ. როგორც ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასდროს გამოირჩეოდა, ის ოპოზიციის ზედგამოჭრილი ლიდერია.
„ნიკა მელიამ ბევრია იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში. თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა. ამიტომაც მოიმიზეზა „ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება“ და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა. უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ აი, ასეთ უპრინციპობასთან გვაქვს ახლა საქმე. ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს. არ მინდა გირაოო, ახლა გირაოს ითხოვს. გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო!“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდა ამნისტიის აქტის ინიცირება და შემდეგ მიღება, მაშინ სამართლებრივად ნიკა მელია წარსდგება სასამართლოს წინაშე და მას გაასამართლებენ 20–21 ივნისის ღამის დანაშაულისთვის და საკამოდ სერიოზული სასჯელიც ემუქრება.
„მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და მონაწილეობაში ედება ბრალი, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია. ამიტომ, რა უნდა მელიას, ეს არ ვიცი. ევროკავშირის მედიაციით შეთანხმება შედგა, რომ ეს დანაშაული იქნებოდა ამნისტირებული, პატიებული. ყველა ის პირი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა ერთი და მეორე მხრიდანაც, იქნებიან ამნისტირებულები. რასაკვირველია, პოლიციელების მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი. უფლებამოსილების გადამეტება მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში და ამიტომ, ამნისტია შეეხება პოლიციელებსაც.
მელია არ აღიარებს მოლაპარაკებას და მის შედეგებს. ამნისტიაზე დათანხმება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეა. მან უნდა აღიაროს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. განსხვავება შეწყალებასა და ამნისტიას შორის ეს არის. არ უნდა, რომ დამნაშავის სტატუსი ჰქონდეს, იმიტომ, რომ ცდილობს გამარჯვებულის სტატუსით გამოვიდეს.
სახელმწიფოს აქეთ სდებს ბრალს იმ დანაშაულში, რაც 20–21 ივნისს ჩაიდინა. თითქოს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული მის წინააღმდეგ. თავს კი არ იცავს, აქეთ უტევს სახელმწიფოს, შემტევის პოზიციები აქვს. მელია ამბობს, რომ სიმართლისთვის წამებულია, გამოვა და გაბრწყინდება, ეს არის მისი კონცეფცია“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისი თქმით, მელია და მისი გუნდი არ აღიარებენ ამნისტიას, რასაც ითვალისწინებს შეთანხმება და, რასაც ოპოზიცია დათანხმდა. მისი თქმით, თუ შარლ მიშელის შეთანხმება დაირღვა და ოპოზიციამ უარი თქვა, მაშინ ყველა პირობა დაირღვევა და ქვეყანა ისევ აღმოჩნდება იმ სიტუაციაში, რაშიც ამ დოკუმენტის მიღებამდე იყო.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება ამ ოპოზიციის საბოლოო განაჩენი. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ აბსოლუტურად არადეკვატურია, არასანდო ხალხია, მათ შეუძლიათ შეთანხმება დადონ და მერე დაარღვიონ. სულ ასე არ იქცევიან, მთელი მათი ისტორია ასეთია. რასაკვირველია, მელიას განცხადების მიუხედავად, ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის და მოხდება ამ კანონის ინიცირება პარლამენტში, ხელისუფლება თავისი ვალდებულების შესრულებას აგრძელებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი დაუთმო და ხელისუფლებაც გადაუნაწილა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მთლიანად ხელისუფლების აღება უნდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც ისედაც ჩამოშლილია, უნდათ, რომ საბოლოოდ ჩამოშალონ და მიიღონ მთლიანი ხელისუფლება.
„პროგნოზი იმის შესახებ, რომ „ოცნება“ ჩამოიშლებოდა, გამართლდა, აგერ ვხედავთ, რაც ხდება. რა საოცარი ნაბიჯები გადადგეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ე.წ. ოპოზიციისთვის, რომლის უკანაც დგანან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები დასავლეთიდან. შედეგად მივიღეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად გაკოტრდა პოლიტიკურად, მაგრამ „ოცნების“ პოლიტიკურ გაკოტრებას არ მოჰყოლია „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის ზრდა. ანუ, მივიღეთ პოლიტიკური ვაკუუმი, რომლის შევსებასაც ცდილობენ ასეთი გარიგეგებით. ასეთ ვაკუუმს ბუნება დიდხანს არ ითმენს და ბუნებრივია, მიიღებენ სულ სხვაგვარ პროცესებს. როგორც ჩანს, ვინც ამ უმსგავსო შეთანხმებების ინიცირებას ახდენდა, ან წინასწარ აქვთ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული, რაც მეეჭვება, ან ვერ წარმოუდგენიათ შედეგები, რომელიც დადგება“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, როდესაც პოლიტიკუმი მთლიანად არის მოწყვეტილი საზოგადოებრივ ინტერესებს და განწყობებს, შედეგები ძალიან მძიმე დგება.
„არავინ არ იფიქროს, რომ მართვის ახალი ტექნოლოგიებით ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება საქართველოში. რასაც უკეთებენ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ორიენტირების აღრევა. რასთან გვაქვს საქმე – დასავლეთმა გვითხრა, თქვენ გავრილოვი ჩასვით სავარძელში, ხალხს ჰქონდა უფლება, რომ მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება, რასაც ხელი შეუშალეთ და რისი უფლებაც არ გქონდათ. აქედან გამომდინარე, ვინც დაიცვა პარლამენტი, ისინი დამნაშვეები არიან, მაგრამ ვინც პარლამენტს უტევდა, ისინი უნდა გამოცხადდნენ გმირებად.
სახელმწიფო გადატრიალების მომწყობებს გმირებად გვიცხადებენ, პარლამენტის დამცველებს დამნაშავეებად. თვითონ ეს ნარატივი „ოცნებამ“ მიიღო და მიიღო იმთავითვე. გია ვოლსკიმ თქვა, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთო, გასაგებია, მაშინ გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ ამის შესახებ. თუ წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ და ამის გამო აბრუნებენ ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და დისკრედიტირებულ ხალხს, თქვან ეს. მაგრამ თვითონაც იგივე მორალური სახე აქვთ და რას იტყვიან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.