პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის გამართული საათნახევრიანი „საინტერესო“ შეხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სამი საკითხი დააყენა უშედეგოდ დასრულდა. ქვეყნის პირველმა პირმა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, „მედიისა და სასამართლოს ზეწოლისგან გათავისუფლება“ მოითხოვა და ოპონენტ ძალას მოუწოდა „ხალხზე მასობრივი ძალადობა“ შეწყვიტოს.
ქვეყნის პირველი პირის მიერ წამოყენებულ საკითხებს, საპარლამენტო უმრავლესობა ირონიულად უყურებს, მიხეილ სააკაშვილს წარსულს ახსენებს და საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად ემზადება. ხოლო, უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილია და ხელისუფლებას მოუწოდებს - ღია კარებს ნუ ამტვრევს, რადგან მათი მტკიცებით, კონსტიტუციური უფლების გამოყენებასა და მთავრობის გადაყენებას არავინ აპირებს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, შეხვედრისადმი ოპტიმისტურად განწყობილი არ იყო, რადგან პრეზიდენტი მთავარ კითხვებს ყოველთვის გაურბის.
„ბოლო პერიოდში, სააკაშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც შეთანხმების მოსურნე პირმა არ უნდა აკეთოს. პრემიერ-მინისტრი სააკაშვილს მხოლოდ იმიტომ შეხვდა, რომ მომავალში არ ეთქვათ - მოლაპარაკებები თქვენ ჩაშალეთო. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრაზე პრემიერი თანმიმდევრული იქნებოდა. პრეზიდენტი კი, მოედნიდან ყოველთვის პირველი გარბის და მთავარ კითხვებს თავს არიდებს. ის, რაც მას წარსულში ჩაუდენია და რასაც ახლა სჩადის, ეს სირცხილია. როცა მიშა სააკაშვილი სასამართლოს თავისუფლებაზე საუბრობს, ეს სირცხვილია და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე მარტის ბოლომდე დადგება და თუ პროცესში უმცირესობა ჩაერთვება, ეს მხოლოდ მისასალმებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალა იქნება ილუსტრირებული, აბსოლიტურად გაკოტრებული და მთელი საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება.
„პარტია, რომელიც საკუთარ ახირებებსა და მიზნებს დემოკრატიულ პრინციპებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სწირავს, ეს კარგია?! არ მგონია, რომ ამ პარტიას მომავალი ჰქონდეს. მგონი, მათი რეიტინგი ნულის ტოლფასია. ამ პოლიტიკურ ძალას სხვა არაფერი დარჩენია - თუ არა იცრუოს და საკუთარი თავის მარგინალიზაცია მოახდინოს. ბოლო პერიოდში, პრეზიდენტი ისე მოქმედებს, რომ ფაქტიურად სხვა ქვეყნების ურთიერთობაში ერევა. ეს მისი სტილია, რაც საშიშია, თუმცა, არ არის კარგი, როცა შენი პრეზიდენტი ასე მოქმედებს“, - აცხადებს კანონმდებელი.
შეხვედრაზე საუბრისას, პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ყურადღებას პრეზიდენტის „არაადეკვატურობაზე“ ამახვილებს.
მისი შეფასებით, შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა დეტალებზე ისაუბრა, სააკაშვილმა კი, ყურადღება ყველაფერზე გაამახვილა, გარდა შეხვედრისა.
„ეს კაცი არადეკვატურად იქცევა. მართალი გითხრათ, ამ შეხვედრას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ პრემიერი ვალდებულია, რომ მას შეხვდეს და სახელმწიფოს მომავალზე ისაუბრონ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა არ შედგა, დარწუნებული ვარ, რომ მომავალში კონსულტაციები გაიმართება. სააკაშვილის მოსმენა ოქტომბრამდე მოგვიწევს, მაგრამ მანამდე, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს დავაყენებთ და უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ინიციატივას მხარი დაუჭიროს“, - განუცხადა for.ge-ს დუმბაძემ.
დუმბაძის მსგავსად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც საუბრობს, რომლის განცხადებითაც, უმცირესობის რიგებში ისეთი პირები მოიძებნებიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ჭიპლარით არ არიან მიბმული და მის ნება-სურვილზე ცალსახად არ არიან დამოკიდებულნი.
„მიხეილ სააკაშვილი შეხვედრაზე იმიტომ მივიდა, რომ თავისი რეჩიტატივი მოესმინა, რადგან მის გამოსვლაში არცერთი საინტერესო წინაადადება არ მომისმენია. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის ბოლოს, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა და კონსტიტუციიდან ის მახინჯი ნორმა ამოვა, რომლითაც სააკაშვილს მთავრობის დათხოვის უფლება აქვს. შეუძლებელია ამ კაცთან შეთანხმება, რადგან ვინც მას იცნობს, იცის, რომ მას ხელის ჩამორთმევა და შეთანხმების შეცვლა სჩვევია. მის ასეთ ქმედებებს პრემიერის ღირსეული ნაბიჯი ხვდება და ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ, სააკაშვილი პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად საკმაოდ შელანძღული გამოიყურება“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს დილემის წინაშეც აყენებს - ან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, ან პარლამენტში წლიური ანგარიშით მათ გარეშე გამოვიდეს.
For.ge-სთან საუბარში, მანანა კობახიძე ინტერესდება ქვეყნის პირველ პირს რა უნდა პარლამენტში, იმ ფონზე, როდესაც უწყებას მთავრობის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება წაართვა.
„რისთვის მოდის?! თუ ის თვლის, რომ შეუძლია პარლამენტი გაყაროს, მთავრობა დაითხოვოს, არავის არაფერი ჰკითხოს და ბედნიერია, როცა ასეთი ნორმები არსებობს, მაშინ რა უნდა და რისთვის მოდის?! ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო მთავრობის სხდომები სხვენში, ვენახში, წყალსა და ბარში ჩაეტარებინა, ის ასეთ რაღაცეებს მიჩვეულია. თუ მას პარლამენტში მოსვლა სურს, საკანონმდებლო ორგანოს რატომ არ აგდებს არაფრად?! არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ სააკაშვილს მოვუსმინო, იმიტომ, რომ მისი ყოველი გამოსვლა ეს არის ტყუილების მთელი კასკადი და თუ ის მაზოხისმით არის დაავადებული თქვას. მან თქვა, რომ რა სჯობდა - მივიდოდი, გამლანძღავდნენ, დამახურავდნენ და წამოვიდოდიო. თუ ადამიანს ლანძღვა სიამოვნებს, არ ვიცი და თან, ეს რა ტერმინოლოგიაა?! მართალი გითხრათ, სააკაშვილი რითია დაკავებული ვერ გავიგე, მაგრამ თუ საკუთარ თავს აწვალებს, ხალხს რას ერჩის, რომელიც მისი მოსმენით დაიღალა. რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ე.ი. კოჰაბიტაცია იმას ითვალისწინებს, რომ თურმე მის ტყუილებს უნდა ვუსმინოთ, მაგრამ ჩვენ ვუსმენთ და ხალხმა რა დააშავა?!“, - აცხადებს კობახიძე.
კობახიძის მსგავსად, დუმბაძეც პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტის მოვალეობაა, რომ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინოს, მაგრამ პარლამენტის აბსოლიტური უმრავლესობა და მათ შორის უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მისი მოსმენის წინააღმდეგია. თუ ის კონსტიტუციურ ცვლილებებზე წამოვა, მზად ვართ მას მოვუსმინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მოსმენას არ ვაპირებთ და მას ტრიბუნასთან კეკლუცი მარტოს მოუწევს“, - განაცხადა დუმბაძემ.
ოპონენტების კრიტიკას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი არ იზიარებს და აცხადებს, რომ ნაციონალები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ცდილობენ, ხოლო ხელისუფლება ნიშნის მოგებით საუბრობს.
„კმაყოფლი ვარ, პრეზიდენტს არ განუცხადებია, რომ „შეხვედრა შეხვედრისთვის“ გაიმართა. ასევე კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის ლიდერი იყო აბსოლიტურად ლოგიკური და ადეკვატური. უსამართლოდ მიგვაჩნია, რომ თანანმდებობრივი გადაცდომის მუხლით, ათასობით ყოფილ თუ ახლანდელ ჩვენს თანაგუნდელს კითხავენ. ასევე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს - როგორი უნდა იყოს სასამართლო და მას როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან. საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ-ერთი საკითხია და არა ერთადერთი. ყველაფერ ამაზე შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას და პრეზიდენტიც მზაყოფნას გამოთქვამს, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ეს იყო „შეხვედრა შეხვედრისთვის“ და დიდი დრო პრეზიდენტის პიროვნულ კრიტიკას დაუთმეს“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.
დავით დარჩიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ღია კარის მტვრევას შეეშვას, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ბოროტად გამოყენებას არავინ აპირებს.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მმართველი ძალა ცვლილებებს ვერ დაამტკიცებს.
როგორც for.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, თუ ხელისუფლება თანამშრომლობის სურვილს გამოავლენს და ოპოზიციასთან ადეკვატურად ისაუბრებს, ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურა წინ წავა.
„კარგია, რომ შეხვედრა შედგა და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც იქნება, რადგან თანამშრომლობის რეჟიმში მნიშვნელოვანი საკითხებზე უნდა შევათანხმოთ. პრეზიდენტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო - თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე უნდა შედგეს, რომელიც ხალხს აინტერესებს. კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე“, - აცხადებს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვებას შეძლებს თუ არა, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობა უმცირესობის წევრებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამას გარდა, ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეც ცდილობს, რომელმაც კონსულტაციები უმცირესობის რიგებიდან წამოსულ დეპუტატებთან - მარიკა ვერულაშვილთან, გურამ მისაბიშვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან, იაშა შერვაშიძესთან გამართა და ფრაქციის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებაც მიიღეს, მაგრამ მათ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურით, ფრაქციის შექმნისთვის ერთი კვოტა სჭირდებათ, რომელსაც სავარაუდოდ ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ანზორ ბოლქვაძის მეშვეობით შეავსებენ.
უმცირესობის რიგები კი, 21 ოქტომბრიდან, ანუ, მერვე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნიდან დღემდე, 12 დეპუტატმა დატოვა.