აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს. ამის შესახებ Reuters-ი ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით წერს.
რუსულ მედიასთან საუბრისას უშაკოვმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღის შესახებ ზუსტი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„გადაწყვეტილებას მრავალ ფაქტორზე დაყრდნობით მივიღებთ“, - განაცხადა უშაკოვმა, რომელიც 1998-2008 წლებში აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის წინადადება შეხვედრის შესახებ კრემლში დადებითად მიიღეს.
აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.