თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში თურქეთი სომეხთა გენოციდის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხებს.
„უახლოეს დღეებსა და თვეებში სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის რეაქცია იქნება. ყველა ქმედება ამ ძალიან სამწუხარო განცხადების შედეგი იქნება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
იბრაჰიმ ქალინმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პარლამენტი დღეს განცხადებას გააკეთებს.
„იმის თქმა, რომ თურქები, ჩვენი წინაპრები გენოციდურ ქმედებებში მონაწილეობდნენ, უბრალოდ აღმაშფოთებელია. ეს ისტორიული ფაქტებით არ დასტურდება“, - განაცხადა მან.
24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება. ჯო ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.