პრეზიდენტობის თითქმის 100 დღის შემდეგ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 52%-ს შეადგენს. აღნიშნულს გაზეთ The Washington Post-ისა და ტელეკომპანია ABC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 52% აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ჯო ბაიდენის ქმედებები მოსწონს, ხოლო 42% უკმაყოფილოა 46-ე პრეზიდენტის პოლიტიკით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილში, პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ჯო ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის რეიტინგი 42%-ს შეადგენდა.
გამოკითხული ამერიკელების 60% მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა პანდემიასთან ბრძოლა, საიმიგრაციო კრიზისი და ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეფორმა.
სატელეფონო გამოკითხვა 18-21 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 007-მა ამერიკელმა მიიღო.