„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან მაშინ გადააყენეს, როცა ის ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებელთა სამიტზე ჩასასვლელად უცხოეთში იმყოფებოდა. ამის გამო გიორგი ბარათაშვილმა შეწყვიტა ევროპაში ვიზიტი და უახლოეს ხანში საქართველოში დაბრუნდება. თუმცა ამ ეტაპზე იგი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის აღნიშნული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და იგი არ ელოდა, რომ მას, როგორც ორი თვის წინ არჩეულ გენდირექტორს, საკადრო გადაადგილებების მოტივით გადააყენებდნენ.
სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო თავის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე მან არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს მოუსმინა, რომელიც სამეურვეო საბჭოსგან არხის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის კომპეტენციისა და საფრთხეების შესწავლას ითხოვდა. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლებას იგი არხის გენერალური დირექტორის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებდა. მისი თქმით, გიორგი ბარათაშვილმა გადაწყვეტილება თეა წულუკიანზე გასული რეპორტაჟის შემდეგ მიიღო. მეტიც, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ბარათაშვილი თურმე არხის სარედაქციო პოლიტიკაში ღიად ჩარევას ცდილობდა და მას მიუთითებდა, ივანიშვილის მთავრობის შესახებ რეპორტაჟები პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებულიყო.
იმის გამო, რომ გენდირექტორი გიორგი ბარათაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, მან ბორდის კითხვებს Skype-ის მეშვეობით უპასუხა.
მაუწყებლის გენდირექტორის დათხოვნას უკვე მოჰყვა ამ სფეროს წარმომადგენელთა შეფასებები. მედიაექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ყოველთვის პოლიტიზირებული საზოგადოებრივი მაუწყებელი არც დღეს აღმოჩნდა გამონაკლისი და სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს გიორგი ბარათაშვილი. ამასთან, საინტერესოა, ბორდმა რატომ არ განასაჯაროვა ეს პროცესი და დახურულ რეჟიმში რატომ არჩია მხარეებს შორის ურთიერთობა.
უკვე ცნობილია, რომ არხის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის პოსტიდან გადაყენების გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო და განმარტა, რომ ბარათაშვილმა არხზე კრიზისული სიტუაციის შექმნა ვერ აღკვეთა.
ამავე დროს, არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის მოსმენის მიუხედავად, ბორდს ძველ თანამდებობაზე მისი აღდგენის გადაწყვეტილება არ მიუღია.
ასე რომ, გია ჭანტურიას დათხოვნის შემდეგ, ასე მოკლე ხანში გიორგი ბარათაშვილის საკითხიც დადგა და ბარათაშვილის ადგილის დასაკავებლად ბრძოლა ისევ გაგრძელდება. მანამდე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა. გამოცხადდება კონკურსი და კანდიდატების განცხადებების მიღება 14 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამასთან, კონკურსი დაახლოებით იმავე წესით ჩატარდება, როგორც დეკემბერში.
For.ge-მ ბორდის წევრებთან დაკავშირება სცადა, თუმცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე მობილურს არ პასუხობდა, ბორდის წევრმა გიორგი მელაძემ კი გვირჩია, ოფიციალური პასუხისთვის მოგვეცადა.
მართლაც მოგვიანებით ოფიციალური განაცხადი ლევან გახელაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბორდის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს გამჭვირვალე პროცესს და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვას. ხოლო, მას შემდეგ, რაც მათ ორივე მხარის არგუმენტები მოისმინეს, მაუწყებლობის კანონის 32-ე პრიმა-მუხლის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენდირექტორის მიმართ უნდობლობის საკითხი დადგა. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, საბჭომ გიორგი ბარათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი ყოფილიყო და დაბალანსებულობის, მიუკერძოებლობის ძირითადი მიზანი შეესრულებინა. უფრო მეტიც, გახელაძის თქმით, სამეურვეო საბჭო ვალდებულია, მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამდენად, ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაყურებელს და მის შიდა სტაბილურობას. ამიტომ, ლევან გახელაძის განმარტებით, მხარეებს თავშეკავება უნდა გამოეჩინათ, რათა კონფლიქტი პოლიტიკური ინსინუაციების საგანი არ გამხდარიყო.
მომხდართან დაკავშირებით For.ge მედიასფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ბორდის მხრიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება ძალიან უცნაურია. მეტიც, თუ ისინი ხედავდნენ, რომ კრიზისული სიტუაცია იყო ტელევიზიაში, ალბათ, ახალი გენერალური დირექტორის არჩევას სჯობდა, კრიზისული ჯგუფის წევრები აერჩიათ, რომლებიც შემდგომ კრიზისს მოაგვარებდნენ ამ ტელევიზიაში. ამის შემდეგ უნდა გამოეცხადებინათ დირექტორის არჩევნები, რადგან დირექტორების ცვლის ტემპით საზოგადოებრივი ტელევიზია შეიძლება, მალე გინესის წიგნში აღმოჩნდეს, რომ არაფერი ვთქვათ მის დაფინანსებაზე მაყურებლის რაოდენობრივ შეფარდებასთან შედარებით.
მისივე თქმით, გიორგი ბარათაშვილი სწორედ ამ ბორდმა აირჩია და ბარათაშვილის არჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომ ბორდის წევრები მას კარგად იცნობდნენ და მისი შესაძლებლობები იცოდნენ. თუმცა როგორც გაირკვა, თურმე მხოლოდ დაუნიშნავთ და არ იცნობდნენ. ამიტომ თამარ ჩიქოვანის აზრით, ბორდის ბრალია ეს ყველაფერი. სწორედ მათ უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გადადგნენ, აცალონ სხვას, ვისაც შეუძლია ნორმალური დირექტორის არჩევა. ეს რომ აღნიშნულ ბორდს არ შეუძლია, დღესაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
თამარ ჩიქოვანი ხათუნა ბერძენიშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას ძველ პოსტზე, არარსებულ ადგილზე, ვერ აღადგენდნენ, რადგან ის თანამდებობა, რომელიც ბერძენიშვილს ეკავა, აღარ არსებობს და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც თვითონ ბორდმა დაამტკიცა.
განხორციელდა თუ არა გიორგი ბარათაშვილის მხრიდან ხათუნა ბერძენიშვილზე პოლიტიკური ზეწოლა, სარედაქციო დამოკიდებლობაში ჩარევა, ან ფინანსური გარიგების შეთავაზება, თამარ ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ხათუნა ბერძენიშვილი მუშაობს საზოგადოებრივ ტელევიზიაში, ის მაყურებელზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა. ამიტომ ძალიან უხერხულია მისგან ამ თემაზე საუბარი.
„თანამშრომლებს ჰკითხეთ, კიდევ რა ურთიერთობები ჰქონდა და მენეჯმენტის როგორი ფორმა ჰქონდა შერჩეული ბერძენიშვილს“, - გვითხრა თამარ ჩიქოვანმა.
რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე გადადგა გიორგი ჭანტურია, რომელსაც თურმე მცირე პრობლემები ჰქონდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ კრიზისული სიტუაციები მაუწყებელში ისევ ყოფილა. სინამდვილეში, ლაშა ტუღუშს მიაჩნია, რომ ამ არხზე დიდი ხანია პრობლემებია, თანაც, ძალიან სერიოზული. ამიტომ იგი სკეპტიკურად იყო განწყობილი ჯერ გია ჭანტურიას გადადგომის, შემდეგ ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით. მართლაც, ახლახანს ამას მოჰყვა საინფორმაციოს ხელმძღვანელის გათავისუფლება, საბოლოოდ კი ყველაფერი გიორგი ბარათშვილის გათავისუფლებით დასრულდა. ამდენად, ლაშა ტუღუშისთვის გაუგებარია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს.
გაათავისუფლეს თუ არა ხათუნა ბერძენიშვილი პოლიტიკური ნიშნით, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ეს უშუალოდ ბერძენიშვილის პირადი მოსაზრებაა და სინამდვილეში, რა მოხდა, არავინ იცის. თუმცა „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი იზიარებს იმ აზრს, რომ ბორდი დიდი ხანია, უკვე პრობლემად იქცა და არსებული სისტემა მოძველდა. ამიტომ ახალი სისტემა უნდა დაინერგოს.
„ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი. იმედია, მსჯელობა დაიწყება და სხვა ტიპის ბორდს მივიღებთ, სულ სხვა ფორმით, სხვა კომპეტენციითა და პასუხისმგებლობით. ბევრი რამ შესაცვლელია. ამ ბორდის პირობებში კიდევ ბევრი პრობლემები გაგვიჩნდება. მათ შორის, უცნობია, თუ როგორ დაფარავენ ვალებს. განა შეიძლება, ასე უცებ დანიშნო და უცბად გაათავისუფლო დირექტორი?! რომელი კრიზისი ვერ დაძლია ამ დირექტორმა?! ან კიდევ, თუკი ეს არგუმენტი მართლაც რეალურია, ერთ თვეში როგორ უნდა დაეძლია კრიზისი?!“ - აინტერესებს ლაშა ტუღუშს.
რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციიის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი კი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო წლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის წინაშე ვალები დააგროვა და ხათუნა ბერძენიშვილი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაუშვეს. მანამდე კი რამდენიმე თანამშრომელს დაატოვებინეს ტელევიზია. ასეთი პროცესები გამოიწვია იმან, რომ წინამორბედმა გენერალურმა დირექტორმა ვერ შეასრულა გათვალისწინებული სამუშაო და ბორდმა პრევენციული ქმედება ვერ განახორციელა, რათა ასეთ მდგომარეობამდე არ მისულიყვნენ. ეს კი არხისა და ბორდის სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს.
ამასთან, ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ მას უფრო მყარი ფაქტები სჭირდება, რათა დაიჯეროს, თითქოს გიორგი ბარათაშვილსა და ხათუნა ბერძენიშვილს შორის დაპირისპირება თეა წულუკიანის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ განხორციელდა.