რამ გამოიწვია და რატომ გახდა აუცილებელი, რომ მმართველ პარტიაში როტაცია მომხდარიყო? სრულიად მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მთელი ამ 6 თვის განმავლობაში ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული და შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. მან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ყოფილმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ დაიკავა.
მმართველი პარტიის ოფისში, უმრავლესობა არჩილ თალაკვაძის თანამდებობის დატოვების არგუმენტებს ისმენდა. უკვე სხდომის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კი თალაკვაძემ საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა - სპიკერის პოზიციაზე.
თალაკვაძის მოულოდნელი წასვლის შესახებ კი არაერთი ვერსია გაჩნდა. For.ge-ს რამდენიმე წყარო, როტაციის სხვადასხვა მიზეზებს უსახელებს. მაგალითად „ოცნების“ შიგნით საუბრობენ, რომ თალაკვაძის კუჭავათი ჩანაცვლების აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ოცნება“ დასავლეთის მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს, კუჭავას კი, გუნდის შიგნით, სწორედ, შესაფერის კანდიდატან მოიაზრებენ. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად „ოცნების“ შიგნით ძალთა შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ამ დაპირისპირებაში ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი ძლიერდება. შესაბამისად, თალაკვაძე პრემიერის გუნდს შეუერთდა. არსებობს მესამე ვერსია, რომ თალაკვაძეს ქალაქის მერობის კანდიდატად ამზადებენ. კახა კალაძეს, დიდი ალბათობით, პოლიტიკაში დარჩენა აღარ სურს. ის ამის მიზეზად ჯამრთელობის მდგომარეობას დაასახელებს და კენჭისყრაზე უარს იტყვის. სწორედ თალაკვაძე იქნება ის სათადარიგო ფიგურა, რომელსაც „ოცნება“ თამაშში ჩართავს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ოპონენტებს, მათ როტაციის შემდეგ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ, რადგან თვლიან, რომ მმართველ გუნდში რღვევა ისედაც დაწყებული იყო. კონკრეტულად ამ ცვლილების შესახებ კი ფიქრობენ, რომ ოპონენტებს შორის მოლაპარაკებებისას თალაკვაძის პოზიციით „ქართული ოცნება“ უკმაყოფილო დარჩა.
აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებებს „ოცნების“ გუნდში წინ პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და კახა კუჭავას ამერიკაში და ევროპაში ვიზიტები უძღოდა. გუშინ კი, პარტიის ოფისში ვიზიტის შედეგების განხილვის შემდეგ, მე-10 მოწვევის პარლამენტში ცვლილებების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ქართული ოცნების“ პირობებში ერთი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება მეორედ მოხდა. წინა შემთხვევაში, 20 ივნისის მოვლენებისას, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძის გადადგომა ლოგიკას არის მოკლებული და რთული სათქმელია, რეალურად ამ როტაციის უკან რა დგას. ძაბირაძე აბობს, რომ განცხადება ცოტა გაუგებარი იყო, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ნეიტრალურმა ადამიანმა უნდა გააგრძელოს. მისი აზრით, რაღაცა ლოგიკურად არ გამოდის, რადგანაც თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მაშინ თალაკვაძეს უნდა დაეგვირგვინებინა, რადგანაც მან ნიუანსები უფრო უკეთესად იცის.
„რაც შეეხება ოპოზიციის არგუმენტებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო ივანიშვილი განაწყენდა და თალაკვაძე დასაჯა, ცოტა ლოგიკას მოკლებულია. ჯერ ერთი, რომ თუ ივანიშვილი ისევ აქტიურად ერევა პოლიტიკაში და თუ არ უნდოდა, ამ დოკუმენტს ხელს ვერავინ მოაწერდა. მეორეც, აქ მარტო თალაკვაძის პასუხისმგებლობა არ იქნება, რადგან მაშინ ამას უკან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა მიჰყვეს. ასევე ამ დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა მხოლო თალაკვაძემ კი არ აიღო, არამედ მთელმა გუნდმა და პარტიამ. ამიტომ აქ ვერ გავიგე თალაკვაძე რადგან წავა, დოკუმენტის პირობები რატომ ვერ შესრულდება? ოპოზიცია თავს იტყუებს თუ მართლა სჯერათ, რასაც ამბობენ, არ ვიცი. არც ის ვიცი, შიდა კულუარებში რა ხდება და ვინ ვისთან არის დაპირსპირებული. თუმცა ფაქტი ერთია, თალაკვაძის გადაყენება უცნაურია. კი ბატონო, მეც გავიგე ასეთი ვერსია, რომ თალაკვაძე შესაძლოა, თბილისის მეორობის კანდიდატად ვიხილოთ. სავარაუდოდ, კალაძე მერობაზე კენჭისყრას ჯამრთელობიდან გამომდინარე აღარ მოისურვებს და თალაკავძე რამდენიმე თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე ჩაებმება“, - აცხადებს for.ge-სთან ძაბირაძე.
მისივე თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილში არჩილ თალაკვაძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის, ამიტომაც ცუდი არ იქნება, რომ ის მერობის კანდიდატად დასახელდეს. ანალიტიკოსს არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარტიაში რაღაცა დაპირისპირებას აქვს ადგილი. მისი აზრით, ეს შესაძლოა განპირობებული იმით იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალების გაძლიერება ხდება - ტაქტიკური გადაჯგუფება, რომელიც მომავალ სტრატეგიას უკავშირდება.
„თუ ეს ვერსია მართალია, რომ თალაკვაძის ქალაქის მერობა სურთ, მაშინ ჯობია, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს და მისი კანდიდატურა პირდაპირ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან არ მოხსნან. მის მიმართ საზოგადოებაში აგრესია არ არსებობს და თუ სიტუაციას ობიექტურად შევხედავთ, საკმაოდ კარგი სპიკერი იყო პარლამენტის და გაწონასწორებული პიროვნებაა. არც ისე ჩანს, რომ ის სხვა ჯგუფში გადასვლას აპირებდეს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ თალაკვაძე სხვა გადაჯგუფებისთვის სჭირდებათ. ალბათ, უფრო თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. „ოცნებას“ ამ არჩევნების წინ გადალაგება მართლა სჭირდება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე კი იმ ვერსიას უფრო იზიარებს, რომ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნა, მით უმეტეს ამ კრიზისულ სიტუაციაში, სწორი ტაქტიკური სვლაა. ბოჟაძე ამბობს, რომ კუჭავა სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც ჩუგოშვილის და სხვა „ოცნების“ წევრების წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, დასავლეთთან კომუნიკაციის კუთხით ახალი გზა გაარღვია. თითქმის დაშლისთვის განწირული პარტიიდან იმდენი მოახერხა, რომ დასავლეთს ქვეყანაში არსებული რეალური სურათი დაანახა. ამიტომ, ის არის ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა, რომლის ნეიტრალურობა შექმნილ სიტუაციაში ძალიან საჭირო და აუცილებელია.
„ოპოზიცია საკმაოდ ბევრ ვერსიებს ყვება. რა თქმა უნდა, მეც არა ერთი ჭორი თუ ვერსიები მოვისმინე, მაგრამ ერთი რაც ლოგიკურად მიმაჩნია, ისაა, რომ ახლა ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობისთვის უფრო ძლიერი ფიგურა სჭირდებოდა. კუჭავა სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულად მუშაობდა. როგორც ჩანს, თალაკვაძემ ჩათვალა, რომ ახლა ამ პროცესებში ჯობია ის ადამიანი ჩაერთოს, რომელიც უფრო ნეიტრალური ფიგურა იქნება. კუჭავას დანიშვნამ, შესაძლოა, ბრიუსელში და ვაშინგტონში კიდევ უფრო დამატებით გარანტიები შექმნას იმისთვის, რომ ის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს პირნათლად შეასრულებს. არაა გამორიცხული, მისი კანდიდატურა ამ მოტივითაც შეირჩა. გახსოვთ, ალბათ, როცა „ოცნება“ ლამის დაიშალა და პარტიიდან ხულორდავა, ჩუგოშვილი და სხვები წავიდნენ, კუჭავამ ეს სივრცე მაშინვე შეავსო. მე არ მაქვს უფლება, რომ არჩილის პოზიციას არ ვენდო“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიციის ვერსია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოლაპარაკებიდან რამე წააგო, აბსურდია, რადგან მოცემული დოკუმენტით მოგებული ვერავინ დარჩებოდა. შესაბამისად, შარლ მიშელის დოკუმენტი არჩილ თალაკვაძის არც დაწერილია და ხელი მასზე არც მხოლოდ მას მოუწერია. მან პასუხისმგებლობა გუნდთან ერთად აიღო და თალაკვაძესთან ერთად მის შესრულებაზე პასუხს მთელი პარტია და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აგებენ. ამნისტიაც კი მათთვის წამგებიანი პოზიციაა, ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ, მელია გარეთ სხვა ფორმით გამოიყვანონ. ამიტომ ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ საკუთარ არალოგიკურ ვერსიებში ოპოზიცია თავადვე გაიხლართა.
„რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ თალაკვაძე, შესაძლოა, თბილისის მერად დასახელდეს, ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ერთი ისაა, რომ ჯერ კალაძეს მსგავსი არაფერი უთქვამს. ის საკმაოდ ძლიერი კანდიდატურაა და არ ვიცი, ალბათ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ნიკა მელია თუ იქნება მერობის კანდიდატი, კალაძე მას პირველივე ტურში მოუგებს. რაც შეეხება პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებებს, მსგავსი არაფერია. ოპოზიციას მუდამ უნდა, რომ რაღაცა ხდებოდეს, მაგრამ არც არაფერი ხდება. ესაა ჩვეულებრივად საკადრო გადაადგილება, რომელიც გუნდს და სიტუაციას სჭირდება“, - აცხადებს ბოჟაძე for.ge-სთან.