რუსეთში ქართული პროდუქციის მომარაგებაზე ზრუნვა დაიწყეს

რუსეთში ქართული პროდუქციის მომარაგებაზე ზრუნვა დაიწყეს

„როსპოტრებნადზორი“ საქართველოდან წაღებული ნიმუშების ლაბორატორიულ შემოწმებას იწყებს. ამასობაში კი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ქსელები ქართული პროდუქციის მომარაგებაზე ზრუნვას იწყებენ.

ადგილობრივი ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე შეტანა კი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში განახლდეს თუკი რუსეთში პროდუქციის რეგისტრაცია ნორმალურ პირობებში ჩაივლის.

ამას ადასტურებს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო, რომელიც კითხვაზე - შეუძლიათ თუ არა ღვინისა და მინერალური წყლების ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის მარტ-აპრილში რუსეთის ბაზარზე შეტანა - იგი პასუხობს, რომ „შესაძლებელია, რა თქმა უნდა“, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუშლის ის არაჯანსაღი პოლიტიკური მდგომარეობა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსი ექსპერტების საქართველოში ყოფნის პერიოდში.

ონიშჩენკო ამბობს, რომ უწყების ექსპერტები ქართული საწარმოების მონახულებით კმაყოფილნი არიან. “ჩვენმა სპეციალისტებმა ნახეს, რომ ქართულ საწარმოებში არსებული ტექნოლოგიები სტაბილურია და ხარისხის დასაშვები დონეა”, -აღნიშნავს რუსეთის მთავარი სანიტარი.

„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი მთლიანობაში დადებითად აფასებს თანამშრომლების საქართველოში ვიზიტს. „განწყობა მთლიანობაში ოპტიმისტურია. არის ხარვეზები და შენიშვნები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ... ეს ხარვეზები არა მხოლოდ კერძო, არამედ სისტემურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ისინი დაძლევადია“, - აღნიშნა ონიშჩენკომ.

როგორც ჩანს, მოსკოვში ყველაფერი გადაწყვეტილია და ეს ინფორმაცია კრემლისა და წითელ მოედანს კარგა ხანია გასცდა. ახლა მხოლოდ კონკრეტული თარიღია დასადგენი. ამასობაში კი საცალო ვაჭრობის არაერთმა რუსულმა კომპანიამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება საქართველოდან ღვინის შეტანის მიზნით.

როგორც ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ქსელის „X5 რითეილ გრუპის“ (იგი აერთიანებს სუპერმარკეტებს: „პიატეროჩკა“, „პერეკრიოსტოკი“ და „კარუსელი“) წარმომადგენელმა განაცხადეს, კომპანიამ უკვე გამართა მოლაპარაკებები რამდენიმე მომწოდებელთან, შეამოწმა მათი პროდუქცია და როგორც კი „როსპოტრებნადზორი“ მას „მწვანე შუქს“ აუნთებს, ისინი მზად არიან, კონკრეტული კომერციული წინადადებები განიხილონ.

კომპანია თავდაპირველად ქართული ღვინის შეტანას „პერეკრიოსტოკში“ გეგმავს.

„საქართველოში ჩამოსულ ინსპექტორებთან ერთად ღვინის იმპორტიორი სამი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციის ხარისხით აღფრთოვანდნენ“ - აცხადებს საქართველოს სომელიების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი.

რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტ „ოქეიში“ ადასტურებენ, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ქართული პროდუქციის რეალიზაციით.

„რა თქმა უნდა, ქართული პროდუქციით დავინტერესდებით, განსაკუთრებით, მინერალური წყლითა და ღვინით. მინერალურ წყალს წარმატების კარგი შანსები აქვს, ღვინოს კი უფრო გაუჭირდება იმ პოზიციის დაკავება, რომელიც აკრძალვამდე ჰქონდა. თუმცა გარკვეულწილად, ქართული ღვინო რუსეთის მომხმარებელს შორის მოთხოვნადი იქნება“, - განაცხადეს „ოქეიში“.

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთში ერთი ბოთლი ქართული ღვინო 350 რუბლზე ნაკლებად არ გაიყიდება.