მას შემდეგ, რაც სატყეო დეპარტამენტში დიდი დაჭერები დაიწყო, გარემოს დაცვის ინსპექცია ტყე-ღრეს მოედო და რეინჯერებსა და ხე-ტყის ბიზნესით დაკავებლ წვრილ მეწარმეებზეც ნადირობა გამოაცხადა.
მაგალითად, სვანეთის მოსახლეობა მასიური დაჭერების მორიგ სერიას ელოდება. როგორც ლენტეხის რაიაონის მკვიდრნი აცხადებენ, ამ დროისთვის გარემოს დაცვის ინსპექციასთან ერთად, რაიონში თავდაცვის სამინისტროც მუშაობს.
“ე.წ. უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის საქმე ძიებაშია და მეპატრონეები ოფიციალურად არ გამოუვლენიათ, თუმცა რამდენიმე პირის მიმართ ეჭვები უკვე გამოითქვა. დაჭერების სერია კი მას შემდეგ დაიწყება, რაც გარემოს დაცვის ინსპექცია ტყეში შევა და რეინჯერებს თავიანთ უბნებს შეუმოწმებს.
ამ დროისთვის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების მეპატრონეებს, სადაც მათი თქმით, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინეს, ათ–ათი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრეს. იმ ფაქტორს არავინ ითვალისწინებს, რომ სვანეთში თავის რჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ ხე-ტყეზე მუშაობაა და არც ერთ ოჯახს ამ ოდენობით თანხის გადახდა არ შეუძლია.
გარდა ამისა, რამდენიმე მეწარმეს ხე-ტყის დამუშავების უფლება ტენდერის საშუალებით ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ხმაურიან ამბებს ველით”, - აცხადებს მოსახლეობა.
ოფიციალური ინფორმაციით, გარემოს დაცვის ინსპექციამ ლენტეხის რაიონში მონიტორინგის შედეგად უკანონოდ მოჭრილი 100 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა
აღმოჩინა. საქმე ძიებაშია.
პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფთხოების დეპარტამენტმა კი უფრო მსხვილი თევზი დაიჭირა. მათ მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, დაკავებულები არიან ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების, ასევე – ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე სააგენტოს გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია.
პროკურორის მოადგილის დავით სიხარულიძემ და საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ზაზა ქაჩიბაიამ განაცხადეს, რომ ეს პირები წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ლობირებას უწევდნენ ფირმებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასა და ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიების გაცემის პროცესში. სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს. დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზარალმა 2,7 მილიონი ლარი შეადგინა. პაპუნა ხაჩიძეს და გიორგი ბაღათურიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის გარემოს დაცვითი ქსელში” აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ხე-ტყის უკანონო მოჭრის ფაქტების დაფარვასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, თუმცა, მისი განცხადებით, გამოძიების ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციისთვის რთულია, რადგან ეს საკითხი სპეციფიურ მონიტორინგს საჭროების. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხე-ტყე საკმაოდ გაძვირდა და ამ საქმით დიდი მოგების მიღებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ტყეებში გახშირებული ხანძრების ერთ-ერთ მიზეზად გაჩეხილი ტყის კვალის დაფარვა სახელდებოდა. მარტო ნოემბერში 300 ჰექტრამდე ტყე განადგურდა. 2 წელიწადში კი საქართველოში 430 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.