შეხვედრა შეხვედრისთვის თუ ბოლო გაფრთხილება

შეხვედრა შეხვედრისთვის თუ ბოლო გაფრთხილება

„აქაც თავისი მანქანით მოვიდა?! თვითონ იყო საჭესთან? ამ გაბუტულობანას რომ თამაშობს, ესეც სასაცილოა, ესეც ყალბია. არავის დაუსჯია, დასჯილად რომ გვაჩვენებს თავს, თითქოს, გული უნდა აგვიჩუყდეს. ასეთი ხელოვნური თამაშიც კი მიუღებელია, სასაცილოა და მხოლოდ მას ვნებს პირადად“, - განაცხადა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ცალ-ცალკე მიმართეს საზოგადოებას. სააკაშვილის გამოსვლაში ახალი არაფერი თქმულა, ნიშანდობლივი იყო ის ხაზი, რასაც ნაცმოძრაობა მიჰყვება არჩევნების შემდეგ: ოპოზიციის ჩაგვრა, მედიაზე ზეწოლა, ქვეყნის ნგრევა ახალი ხელისუფლების მიერ, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისის ნიშნები. ამ ყველაფრის მიუხედავად კი სააკაშვილი ახალ ხელისუფლებას დახმარებასა და თანადგომას სთავაზობს.

„შეთანხმებას არა, მაგრამ უფრო მძაფრ პოლიტიკურ დუელს ველოდი. თუმცა დუელი არ შედგა და ამისი ძირითადი განმაპირობებელი ის რეალობა იყო, რომელშიც არის თითოეული მხარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის სახით უკვე წაგებული აქვს ბრძოლა. დუელში მას იარაღიც არ ჰქონდა. სააკაშვილის შემდეგ ინტერვიუებში ჩანს ზოგადი ფრაზები, ნოსტალგია იმ პერიოდისა, როდესაც პრეზიდენტი იყო, - ემოციებით სავსე.

საკმაოდ კონკრეტული იყო პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად არააგრესიული, არაემოციური და დეტალურად აღწერა მოლაპარაკების შინაარსი. თუმცა თქვა, შეხვედრა შეხვედრისთვისო, მაგრამ თავისთავად, ეს სურათი წამგებიანია უიარაღო „ნაციონალური მოძრაობისთვის“,- აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

სააკაშვილმა არც რჩევა-დარიგებები დაიშურა ივანიშვილის მთავრობის მიმართ და ივანიშვილს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული განსხვავებები საჯაროდ არ განიხილონ. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საგარეო პოლიტიკურ საკითხებში გარკვეული პრობლემატური თემები შეიქმნა და მზად არის, მთავრობას ამ თემების გადალახვაშიც დაეხმაროს. 

„კი არ დავცხოთ ერთმანეთს. მე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, ნახეთ, როგორ გააფუჭეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ამას არ ვიტყვით. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური დებატების ფორმა უნდა იყოს. მეც მოვუწოდებ პრემიერს, რომ ამ თემაზე ჩვენი განსხვავებები საერთოდ არ უნდა განივიხილოთ საჯაროდ, რადგან თუ ჩვენ ერთმანეთს დავცხეთ საგარეო პოლიტიკურ თემებზე, ამით მხოლოდ ერთი ვიღაც იხეირებს და ეს არ არის ჩვენი ინტერესები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლიტოლოგ ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ამ შეხვედრამ დაგვანახა ერთი უმთავრესი რამ - სააკაშვილი ცდილობს, დარჩეს სამართლებრივი სივრცის გარეთ.

„ის გვეუბნება, რომ მის პიროვნულ განწყობასა და გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული და არა კანონზე, საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო თუ არა. რადგან თუ ის არ დათანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებას, ეს ნიშნავს, რომ ვიმოქმედებთ ისეთი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერრი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე შეფასებით, სახეზეა, რომ დარღვეულია ხელისუფლებათაშორისი ბალანსი, რომლის პარალელურად სააკაშვილი ცდილობს ხელოვნურად გაამწვავოს დესტაბილიზაციის საფრთხე.

ზოგიერთი ექსპერტისთვის შეხვედრა პერსპექტიული აღმოჩნდა, როგორც ექსპერტი ნიკა ჩიტაზე აცხადებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები მზად არიან, შეთანხმება შედგეს, თუმცა დათმობა ორივე მხარის ვალდებულებაა. ჩიტაძის განცხადებით, ბუნებრივია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოზიცია და მოთხოვნები და ეს ვინმეს გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს.

„სასიხარულო და მისასალმებელია, რომ როგორც პრეზიდენტმა, ისე პრემიერმა გამოხატეს მზადყოფნა, შეხვდნენ და განიხილონ ქვეყანაში არსებული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან, მედიის თავისუფლებასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების პროკურატურაში დაბარებასთან და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხზე არ მოხდა შეთანხმება, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან პოლიტიკაში არ ხდება, რომ მოლაპარაკების პირველივე რაუნდზე შედგეს შეთანხმებები. თუმცა ნათლად გამოიკვეთა პრეზიდენტის როგორც სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს მედიის გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ა.შ.

შედარებით სამწუხარო იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ იყო შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის, რადგან პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას და მთავრობის საქმიანობისთვის ხელის შეშლას“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაც სააკაშვილმა ისე შეაბრუნა, როგორც თვითონ აწყობს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ინტერესია, ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სასამართლო, - მაშინ როდესაც მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტი პრეტენზია პროკურატურისა და მთავრობის მიერ მართულ სასამართლოს შეეხებოდა. სააკაშვილის შეფასებით ერთის მხრივ, მთავრობა უნდა მუშაობდეს და ჰქონდეს სრული თავისუფლება მუშაობის და ვერავინ შეუშლის ხელს. ის ლაპარაკი, რომ ვიღაცას ვერ ვიჭერთ და ამიტომ ვერ ვმუშაობთ, მგონი ამას სერიოზულად არავინ იღებს.

„ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ეფექტურია, არავინ უშლის ხელს და მთელი უფლებამოსილება გადავეცით. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ იყოს დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო. ეს სასამართლო ბუნებრივად ვერ იქნება ჩემი დიქტატის ქვეშ და არ უნდა იყოს არავის დიქტატის ქვეშ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრამ გაამართლა პროგნოზი, რომ ჯალათსა და მსხვერპლს შორის შეთანხმების ძიება მუდმივად უშედეგო იქნება.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი პესიმისტური პროგნოზი გამართლდა. ლაპარაკი იმაზე, რომ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, მაშინ, როცა რეალურად პროკურატურაზე არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს, არ შეიძლება. ქართველ მოსახლეობას  აქვს მკაფიო განწყობა, რომ წავიდეს წინ დემოკრატიული მომავლისკენ. სამწუხაროდ, პრეზიდენტს ამის პერსპექტივა არ გააჩნია. მან პირველ რიგში, თავის გუნდში უნდა მოძებნოს რესურსი, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს. ამასობაში კი, რეალობა ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.  

„რადგან სასამართლოზე გაამახვილა ყურადღება, ეს ნიშნავს, რომ მისი და მისი გუნდის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთადერთ გარანტად ისევ ის მოსამართლეები რჩებიან, რომლებიც მისგან მანიპულირებულები არიან და იმ მოსამართლეებს, რომლებსაც დღეს გამოაქვთ არასამართლიანი განაჩენები, მომავალში პრობლემები არ შეექმნათ“,- მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შეწყდეს ყველანაირი ზეწოლა მედიაზე, რომელსაც, მისი თქმით, დღეს აქვს ადგილი. „სხვადასხვა პროცესები ვითარდება და ხელის ფათურია „საზოგადოებრივ არხზე“. იყო მუქარები „რუსთავი 2“-ისა და სხვა არხების მიმართ. ახლა მე ნამდვილად არ მინდა განზოგადება ყველა ისტორიის, თუცმა მიდის გეგმაზომიერი კამპანია მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების. ქვეყანაში იქნება ერთი სახის და მეორე სახის მედიაც. ქვეყანაში უნდა იყოს ალტერნატიული აზრი და ოპოზიცია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, ტელევიზიებთან დაკავშირებით იქით შეედავე და აქეთ მოგეცემას პრინციპია და ეს განცხადებები გაკეთებული იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. „ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი ორიენტირებული იყო უცხოეთზე და არა საკუთარ ხალხზე, რადგან იცის, რომ საკუთარ ხალხში ლეგიტიმაცია დიდი ხანია დაკარგული აქვს“,- ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ დევნასა და შევიწროებაზე, რასაც თითქოს ყოფილი ხელისუფლება განიცდის ახალი მთავრობის მხრიდან.

„არავის აქვს იმუნიტეტი, არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს. მაგრამ მასობრივი დევნა და შევიწროება იმ ნიშნით, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის წევრები, ეს ქვეყნისთვის ცუდია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ყველაზე გვიან სააკაშვილი იმ თემასაც შეეხო, რისთვისაც საერთოდ, ეს შეხვედრა შედგა და ფაქტობრივად დააფიქსირა, რომ ის არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს და მთავრობასა და პრემიერს ურჩია, სიტყვაზე ენდოს, რომ ის არც არავის დათხოვნას აპირებს და არც გათავისუფლებას.

„მე ვარ მათ მხარეს, მიუხევადად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს თუ - არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე“, - აღნიშნა სააკაშვილმა, მისივე შეფასებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრემიერი, რომ რაიმე საფრთხე მისგან არ ელოდება.

პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ სააკაშვილმა ის ვერაფერში ვერ დაარწმუნა და არც ერთი იურისტი არ იტყვის, რომ ვინმე ვინმეს სიტყვაზე უნდა ენდოს, ხოლო ვის რისი უფლება აქვს, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით უნდა იყოს დამტკიცებული.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში შეინიშნებოდა ერთი რამ, რომ სააკაშვილი არის განეიტრალებული, მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილი. მისივე შეფასებით: „ეტყობოდა კიდეც სააკშვილს ქცევის მანერაზე, გამოსვლის სტილზე. მისი აღელვება მიანიშნებდა, რომ ის წაგებული იყო და დამარცხებულის პოზიციიდან საუბრობდა“.

საერთოდ კი ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას „შეხვედრა შეხვედრისთვის“ უწოდა, თუმცა როგორც აღნიშნა, მისთვის შეხვედრის მიზანი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი დარჩნენ საზოგადოების ღირსეულ წევრებად. 

„მე რამდენჯერმე შევახსენე, რომ შეხვედრა იყო მისი თხოვნით და კარგად უნდა ჩამოეყალიბებინა, რაც სურდა. მე შევახსენე საინტერესო საკითხები, შევახსენე ჩემი ბოლო წერილი, რაზეც პასუხი ვერ გასცა ამ დროის განმავლობაში. ამაზე მითხრა, ძალიან საინტერესო რამ, რომ ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მერე დავუკონკრეტე, რომ როგორ ჩვეულებრივად, მთავრობას შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ან მოხსნას? მან მიპასუხა, რომ რამდენიმე მაგალითს მოიყვანდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და შემპირდა, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა. მან თქვა, რომ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოიყვანდა თუმცა ვერც ერთი გაიხსენა, სადაც პრეზიდენტს ასეთი უფლებები ჰქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა მთავარი სათქმელი, იმის მიუხედავად, სააკაშვილი წინ აღუდგება თუ არა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის უკვე განეიტრალებულია. საზოგადოებას კი უთხრა, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება.

„კიდევ ერთი გზავნილი, რაც ბიძინა ივანიშვილისგან გაისმა, ეს არის, რომ ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური სტაგნაცია არ არის, ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებს. გარდა ამისა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მერყეობენ (ვისაც არ ჩაუდენია რაიმე მძიმე დანაშაული), მიანიშნა, რომ დროა გონს მოეგონ და ქვეყნის განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და მომავალშიც, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვანმა წევრებმა, ისე გააგრძელონ მოღვაწეობა“,- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც ჩანს ივანიშვილმა არა მხოლოდ ამოხსნა სააკაშვილის არარეალური განცხადებების მიზეზი, არამედ ამის შესახებ მიუთითა კიდეც. როგორც ივანიშვილი ამბობს, მან შეახსენა სააკაშვილს, უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და არ უნდა აკეთონ განცხადებები მხოლოდ ამერიკისთვის. 

რამდენად სწრაფად დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი, მალე გახდება ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში გვეტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მისივე შეფასებით, ალბათ, მარტის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე კენჭისყრაზე დადგება. ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, დამტკიცდება თუ არა ცვლილებათა პროექტი, საზოგადოებას სანერვიულო არაფერი აქვს.

 „სააკაშვილი საუბრობს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე, ადამიანების ცხოვრებაზე უპირველესად ეს კრიზისები აისახება და არა კონკრეტულ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება. ყველანაირი მონაცემებით დასტურდება, რომ არც ეკონომიკური კრიზისის საფუძვლები არსებობს და არც პოლიტიკურ კრიზისზე საუბრის საფუძვლები არსებობს, რადგან ქვეყანას ქმედითუნარიანი მთავრობა ჰყავს, სამართალდამცველები იცავენ მოქალაქეებს, ეკონომიკური პროფილის მინისტრები დარგის განვითარებაზე მუშაობენ და ა.შ. ასე რომ, საზოგადოებას აღელვების მიზეზი არ აქვს, ეს სააკაშვილის მხრიდან მორიგი ხელონური დაძაბულობის შექმნის მცდელობაა, რასაც საფუძველი არ აქვს“ ,- მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილი.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ დამოკიდებული, ისტორიას შემორჩებიან თუ მოქმედ პოლიტიკურ ძალად გააგრძელებენ არსებობას.

„გავიხსენოთ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეზე გავლენას უკვე ვეღარ ახდენდნენ, ასეთივე ძალაგამოცლილ ჯგუფად გადაიქცევა „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა. მისი შეთავაზება იყო სწორედ ის, რომ არ მომხდარიყო მარგინალიზაცია და მომხდარიყო ღირსეული წასვლა, ღისრეული დათმობა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამისი შანსი, დარჩეს წაგებულ პოლიტიკურ გუნდად, მაგრამ პოლიტიკაში დარჩეს. ხოლო თუ გააგრძელა დესტრუქციული მოქმედება და ვხედავთ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე საზოგადოებისთვის სახიფათო ნაბიჯებს დგამს, ასეთ შემთხვევაში გაირიყება“,- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.