ოპოზიციაში დაპირისპირების ახალი ფრონტი გაიხსნა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ილუზია აღმოჩნდა. „ნაციოანლური მოძრაობა“ ოპოზიციის იმ ნაწილის დამუნათებას განაგრძობს, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მათ პრეტენზია აქვთ, ოპოზიციამ ნიკა მელიას რატომ არ ჰკითხა, უნდოდა თუ არა ან ამნისტიით გამოსვლა ან კიდევ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა. ანუ ოპოზიციას მიშელთან უნდა ემსჯელა, მათ მიერ მელიას გასათავისუფლებლად შერჩეული გზები ამ უკანასკნელს ხომ არ გაანაწყენებდა.
ჰქონდა თუ არა სხვა არჩევანი ოპოზიციას? - როგორც ამბობენ - არა, რადგანაც დოკუმენტში მელიას გათავისუფლების ყველა გზაა მოცემული. სამართლებრივად სხვა გზა მისი გათავისუფლების აღარ არსებობს. ევროკავშირი მას ე.წ. პოლიტპატიმრად აღიარებს და გირაოს გადახდაზე თანახმაა, რადგან სხვაგვარად კრიმინალს ევროპა ფულს არ გადაუხდის. ხოლო მეორე მხრივ, დაზღვევა ხდება იმით, რომ თუ ის გირაოზე უარს იტყვის, ამნისტიით გამოვიდეს. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია უნდა და ითხოვოს, რომ პროკურატურა სასამართლოში შუამავლობით შევიდეს და მელიას 20 ივნისის საქმეზე ბრალდება საერთოდ მოეხსნას.
მაშინ რეალურად რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრი? როცა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ევროპა გირაოს უხდის და ამაზე უარს იღებენ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნიკა მელია მიხელ სააკაშვილის ხელში სათამაშოა მიუხედავად მისი მცდელობისა, თავი წარმოაჩინოს ეროვნულ გმირად, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ტანჯულ პოლიტიკურ ლიდერად იქცა. რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტზე ხელის მოწერის მოწოდებით, მელია თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა და ამდენად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მელიას, როგორც მერობის კანდიდატისთვის სახის შენარჩუნების და გმირად წარმოჩენის მცდელობაც, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“ სხვა მცდელობები, კრახისთვისაა განწირული.
ასეა თუ ისე, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციაში მოვლენები უცნაურად განვითარდა - როგორც ჩანს, ნაციონალებთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი „ლელო“ ბრიუსელში ნიკა მელიას თავდებში დასადგომად ევროპარლამენტარებს ეძებს. მართალია, ამბობენ, რომ ასეთი ევროპარლამენტარები იპოვეს, მაგრამ ჯერჯერობით მათ ვინაობას არ ამხელენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს: „ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით“.
მისივე თქმით, მელიას და სხვა პროტესტში მონაწილეების საქმის დასრულების ერთადერთი გზა ამნისტიის პროექტია.
„არასწორი ინტერპრეტაციები რომ დასრულდეს, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, მელიას საქმე და სხვა პროტესტში მონაწილეების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის პროექტი, რადგან გირაო რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან, მაგრამ შეიძლება, ისევ შეებრუნებინა „ქართულ ოცნებას“ და ნიკა მელიას ჩასვამდნენ განმეორებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რათა შევიდნენ პარლამენტში, ამით პილატე პონტოელის პოზიციას ითავსებენ.
„ასევე მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის პილატე პონტოელის პოზიცია. ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ, რომ შედეგი მიიღოთ. ჩემი აზრით, სახელების და გვარების ჩამოთვლა არ არის საჭირო, რადგან სია ძალიან გრძელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამნისტიაზე საუბრისას ვაშაძემ განმარტა, რომ მძიმე მუხლების ამნისტირება არ ხდება, რადგან კონვენციის მიხედვით, ამისი უფლება არ აქვთ.
ამასობაში კი „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ლელოს“ და რესპუბლიკელებს ემუქრება: „მთელ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნი, რომ გამხილოთ“.
როგორც აკაკი ბობიხიძემ განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ უკვე პირველ ნოემბერს იყვენ მზად პარლამენტში შესასვლელად და ამაზე „ლელოს“ დათანხმებაც სურდათ.
„თქვენ პირველ ნოემბერს იყავით მზად შესასვლელად. თქვენი და ბატონ, გიორგი ვაშაძის ფუნქცია იყო, როგორმე „ლელო“ დაგეთანხმებინათ და სამწუხაროდ, მოახერხეთ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძის საპასუხოდ, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლიდან „ლელოსთან“ ბრძოლაზე გადასვლა „ძალიან დიდი მიღწევაა პოლიტიკური კარიერის დასასრულში“.
ამ იწილო-ბიწილო დაპირისპირებასა და გაურკვევლობაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ ორ რამის მიღწევას ცდილობს, 1. საზოგადოების თვალში ოპოზიციის იმ ნაწილის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და 2. გააგრძელოს დესტუქციული ქმედება, რომელსაც მთელი 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა.
„ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლით ნაციონალების მთავარი გეგმის ჩაშლა მოხდა. მათ იულიზია ჰქონდათ შექმნილი, რომ ოპოზიციური ერთობა ენმ-ის გარშემო იყო შეკრებილი და მათი პატრონაჟით მოქმედებდა. ეს ყველაფერი კი თავზე ხუხულასავით ჩამოეშალათ, რადგან იმის მიუხედავად, რომ მათ ამ მცირე პარტიებზე რაღაცა გავლენა ჰქონდათ, პარტიები მიხვდნენ, ნაციონალებს არ უნდა ჩაჰყოლოდნენ პოლიტიკურ სამარეში და თავის გადასარჩენად დოკუმენტზე ხელის მოწერა საჭირო იყო.
მათ ცოტა უფორ შორს გაიხედეს და ნახეს, რომ ევროპამ და ამერიკამ მათ უფრო იმპერატიული ტონით მოსთხოვა დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამ პოლიტიკური მასკარადის დასრულება. მკაცრი მოთხოვნა იყო არა მხოლოდ ხელისუფლების მისამართით, არამედ ოპოზიციის მიმართაც. ისინი მიხვდნენ, რომ თუ ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ, არც ელექტორატის და არც დასავლეთის მხრიდან სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად აღქმულები არ იქნებოდნენ“, - აცხადებს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
ჩვენი რესპონდენტის აზრით, ნაციონალების კიდევ ერთი მიზანი ის არის, რომ საკუთარი ამომრჩევლის თვალში დამარცხებულ ძალად არ გამოჩდნენ. მათ უნდათ, რომ ნიკა მელია ციხიდან მორალურად გამარჯვებული პოზიციით გამოიყვანონ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისი, როგორც მერობის კანდიდატად დაყენება უნდათ, ამიტომაც გმირის მანტიით ციხიდან გამოსულ მელიას, ფიქრობენ, კიდევ უფრო მეტი რეიტინგი ექნება. თუმცა ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ეს თამაში და ისევ დესტრუქციის გზას გაყოლა, პირველ რიგში, მათ დისკრედიტაციას მოახდენს საკუთარი ამომრჩევლის თვალში.
„ენმ-ს უნდა მელია ციხიდან ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, როგორც ნიკა გვარამიამ თქვა - მორალურად გამარჯვებული. მერე ამაზე მათ თავიანთი პოლიტიკური კამპანია ააგონ და თბილისის მერობის კანდიდატად მელია დაასახელონ. ზურგს უკან კი, სოციალური კაპიტალი ჰქონდეს, თითქოს მან სახელმწიფოს და ხელისუფლებას ეს ბრძოლა მოუგო. ეს არის მათი ამომრჩევლისთვის განკუთვნილი კამპანია. თუმცა მათი ელექტორატიც ადამიანები არიან. უყურებენ მელიას ირგვლივ დაწყებულ ამ აღვირახსნილ კამპანიას გამოვალ-არგამოვალს და მათაც ყელში ამოუვათ. ამ ყველაფერმა უკვე არასერიოზული სახე მიიღო. ყველაფერი მელიას კაპრიზების დაკმაყოფილებაზეა გადასული. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი არაფერი ხდება. მე მგონი ეს არის ის სახადი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია მოიხდის. ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის ოპოზიცია რა შედეგს დადებს, ეს მასზე ბევრად იქნება დამოკიდებული“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, სრულიად გაუგებარი და ლოგიკურად აუხსნელია ბრიუსელში ვიზიტით მყოფი „ლელოს“ ქმედება, რომელიც ევროპარლამენტარებს ეძებს და სთხოვს, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. სრულიად აუხსნელი რამ არის, რადგან როგორც ჩანს, „ლელო“ ენმ-თან კიდევ რაღაც ვალშია. ამიტომ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მიშელის დოკუმენტის რევიზია არაფრით აღარ უნდა მოახდინოს, რადგან ეს უკვე სახელმწიფოს სრული დისკრედიტაცია იქნება.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, ე.წ. ოპოზიციის ერთიანობას ვეღარ ინარჩუნებს და ჩვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აგრძელებს. სალუქვაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია ასეთი მაღალი ჩართულობის წიანაღმდეგ, რასაც ევროპული საბჭო ქვია, წახვიდე. ფაქტია, დანიელსონის 5-პუნქტიანი გეგმა ხელისუფლებისთვის გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე შარლ მიშელის ეს დოკუმენტია და გამორიცხულია რომელიმე ხელისუფლება ისეთ დათმობებზე წასულიყო, რაზეც ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით მმართველი გუნდი წავიდა. 5 კომიტეტის ხელმძღვანელი უნდა იყოს ოპოზიციის წევრი, რომლებმაც სად რა საბოტაჟი შეიძლება მოაწყონ, არავინ იცის. ამიტომ წარმოუდგენელია ამ დოკუმენტს ოპოზიცია კრიტიკულად განიხილავდეს და მასში რამე სადავო ჰქონდეთ.
„ყველაფრის მიუხედავად „ოცნება“ შეთანხმებაზე წავიდა, ამიტომ არ არსებობს არგუმენტი, ამ დოკუმენტს ხელი რატომ არ უნდა მოეწეროს. მთელი ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციას ვუსმენ და ლოგიკას ვეძებ. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, ნიკა მელიას ამნისტიით გათავისუფლების მაგივრად ეთქვა, რომ თანახმაა ევროპარლამენტარების, გინდ თავდებით და გინდა გირაოთი გათავისუფლებაზე. ის გამოვიდოდა გირაოთი და გააგრძელებდა სასამართლოში თავისი უფლებების დაცვას. ეს პროცესები კი დასავლეთის მხრიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცეოდა. არადა სხვა გზა არჩიეს და ითხოვენ, რომ პროკურატურა სასამართლოში შუამავლობით შევიდეს და ბრალი საერთოდ მოუხსნან. ეს კი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის გაგრძელება იქნება, ვინაიდან იმ ჟესტით, რაც მან სამაჯურის გადაგდებით გააკეთა, სახელმწიფოს მდგრადობა და ინსტიტუტების რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა“,-აცხადებს სალუქვაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ადგილობრივ არჩევნებს ვერ მოიგებს და არ აქვს იმის იმედი, რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები იქნება. ამიტომაც ისევ ცდილობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ იდგეს. ეს კი სრულიად აბსურდია, რადგან მთელი დასავლეთი იმას აღიარებს, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა. სალუქვაძე ამბობს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი ფასილიტატორებთან ჭიდილში დარწმუნდა, რომ დინების წინააღმდეგ ცურვა სხვა ქვეყნის ინტერესებში შედის - პროდასავლური მხოლოდ სიტყვით ხარ, საქმით კი სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ. არშემდგარი სახელმწიფოს იმიტაციის შემქნა ჩვენს პარტნიორებს არ აწყობთ. ასეთი ქვეყანა არც ევროკავშირში და არც ნატოში არ უნდათ.