პანტომიმის თეატრი ჩუმად გაიყიდა. ამავე თეატრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათი შენობა 31 აგვისტოს განკარგულებით გაყიდა. მომხდარის შესახებ თეატრის დამაარსებელმა, არტისტმა ამირან შალიკაშვილმა ახლახანს შეიტყო.
For.ge ამირან შალიკაშვილს ესაუბრა.
როგორ გაიყიდა პანტომიმის თეატრი?
- პრეზიდენტმა პირდაპირ აიღო და აგვისტოში გაყიდა თეატრი. ასეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოს არ ახსოვს, რადგან არცერთ პრეზიდენტს არ გაუყიდია თეატრი.
თეატრი გასული წლის აგვისტოს განკარგულებით გაიყიდა. ამის შესახებ აქამდე რატომ არ ვრცელდებოდა ინფორმაცია და პირადად თქვენ როდის გაიგეთ შენობის გაყიდვის შესახებ?
- მე გავიგე ახლახანს, სულ რაღაც ერთი კვირის წინ. საბუთი სანამ არ მივიღე, არ ვიცოდი. ჯარისკაცის მამის არ იყოს - „დოკუმენტ პაკაჟი“, დაახლოებით ასე მომივიდა. იქაც დადასტურებულია, რომ შენობა გაყიდულია.
ვისზეა გაყიდული?
- რა ჩემი საქმეა?
იმ დოკუმენტშიც არ ჩანს, ვისზეა გაყიდული?
- ყველაფერი იქ ჩანს, მაგრამ არ მათქმევინოთ, ვინ იყიდა. არ მინდა, ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო.
კერძო პირზეა გაყიდული თუ რომელიმე ორგანიზაციაზე?
- სახელმწიფო თეატრი იყიდა კაცმა, მაგრამ არ დამასახელებინოთ მისი ვინაობა.
ცნობილ ადამიანზეა საუბარი?
- როგორ გეკადრებათ. ვიღაცამ ორ მილიონად იყიდა, მაგრამ მის წინამორბედს 1 ლარად უყიდია.
თუ ერთ ლარად უყიდია, მაშინ ეს ორი მილიონი საიდან გაჩნდა?
- მე არ ვიცი, მაგრამ მე მომცეს 100 ათასი. როგორც კი ეს თანხა მივიღე, ამის შემდეგ უკან გადავუგზავნე. ახლაც ანგარიშზე ისევ გადმომიგზავნეს, მე არ ვიღებ ასეთ ფულებს.
უნდოდათ, ამ 100 ათასის სანაცვლოდ გაეჩუმებინეთ?
- რა თქმა უნდა, მერე დამაპატიმრებდნენ, წამიყვანდნენ პოლიციაში. მივხვდი ამას, რადგან ინტუიცია მაქვს, ბოლოს და ბოლოს, მსახიობი კაცი ვარ, ამასთან, - რეჟისორიც.
აღნიშნული თანხა - ასი ათასი დიდი ხნის წინ გამოგიგზავნეს?
- ორი კვირის ამბავია. ჩვენი დასის წევრებმა ამის შესახებ რომ შეიტყეს, რა უნდა გაეკეთებინათ? ისინი ახალგაზრდები არიან, მაპატიეთ და ჯერ არ არიან გარყვნილები და არ მათქმევინოთ კიდევ.
თქვენი შენობა ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილზე (რუსთაველის გამზ. №37) მდებარეობს. მისი გაყიდვის მიზეზიც ეს უნდა იყოს?
- დიახ, სწორედ შენობის გამო გაყიდა პრეზიდენტმა და ამას ხაზი უნდა გაესვას.
თუ მიგანიშნეს, სად აპირებენ პანტომიმის თეატრის მსახიობების გადაყვანას?
- სადაც ამბობენ, იქ მხოლოდ მიწაა. საუბარია ცხრა აპრილის ბაღზე, სადაც 900 კვ.მ. მიწა მომცეს.
ანუ იქ შენობა ასაშენებელია?
- არაფერი არ არის იქ.
მომხდარის გამო ვინმესთვის მიმართვას თუ აპირებთ?
- არავის არ მივმართავ, საქართველოში არ არსებობს ხელმძღვანელობა.
ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას თუ მიმართავთ?
- არ ვიცი, მართლა ახლები არიან თუ ძველები დარჩნენ?! მითხარით, რამდენს დაველოდო. შევარდნაძეს ველოდებოდი. მერე მოვიდა პატიაშვილი, მერე კიდევ შეიცვალა. მე რა ვქნა, ახლა ვის ველოდო?! 74 წლის ვარ, ეს რა გამიბედეს.
აქამდე თუ ყოფილა თქვენსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის რაიმე დაპირისპირება ან ფარული უკმაყოფილება?
- არავითარი. როცა მივმართე შევარდნაძეს და ვუთხარი, თეატრი მომყიდეთ-მეთქი, მითხრა, თეატრი არ იყიდებაო, ისევე, როგორც არ იყიდება ეკლესია და სკოლა. მეც თავი დავანებე. თურმე, რაც უნდა, იმას აკეთებს პრეზიდენტი, თუ არ შეაჩერეთ. ამიტომ ის უნდა შეჩერდეს. ის ვერ ხვდება, ამირან შალიკაშვილს დაეჯახა. მე სხვა შთამომავლობის ვარ, ის ცუდ რამეს უპირისპირდება. მსოფლიო დადგება ფეხზე. უკვე რუსეთიდან გაისმის ტელეფონის ზარები, ერთადერთი პანტომიმის მამა დარჩა საქართველოში, ჩაპლინის, მარსელ მარსოს, ტომაშევსკის და ვლადისლავ ფიალკას შემდეგო. მე დავრჩი ერთი და მე გამაცურეს?! არავითარი საპროტესტო აქცია არ მჭირდება, მე არავის ვებრძვი, უბრალოდ, მაინტერესებს, მე რატომ შემეხნენ? მე არ უნდა შემხებოდნენ. ყოველთვის მქონდა ასეთი განწყობა და ყველა შემოქმედი ადამიანი მეუბნებოდა, ბატონო ამირან, ნუ ნერვიულობთ, თქვენ არავინ შეგეხებათო. ამიტომ ეს როგორ გაბედეს?
სააკაშვილი ხშირად სტუმრობდა ოპერას, მაგრამ მოდიოდა თუ არა იგი პანტომიმის თეატრში, ისევე, როგორც სხვა ნაციონალები?
- არასოდეს, სააკაშვილი კი არა, ნაციონალებიდან არავინ არ მოსულა. ჩვენი თეატრის პირდაპირ იდგა პრეზიდენტი, გადავედი და ვუთხარი, შემობრძანდით-მეთქი. მიპასუხა, ბატონო ამირან, გიცნობთ, ვიცი, ვინც ხართ, რაც ხართ, ვიცი თქვენი პრიზები, მაგრამ ახლა არ მცალიაო. ეს მოხდა 2004 წელს. ხელი არ ახლოს ჩვენს შენობას. კი ბატონო, მას აქვს უფლება, თუ შენობა სახელმწიფოს სჭირდება, წაიღოს, მაგრამ მე მომცეს ჩემი ადგილი ისევ ქალაქის ცენტრში, მე სად უნდა წავიდე?! და ის ცარიელი მიწა დაიყაროს თავზე.
იქნებ, იმ მიწაზე პანტომიმის თეატრის აშენებას აპირებს?
- არ ვიცი, რას აპირებენ. ვიღაცები მიყვებიან, რომ იქ თურმე ბაღი უნდა გაშენდეს. გაშენდეს, ბატონო, ვინ შეუშლის ხელს, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ როგორ არ მითხრა, რომ შენ წახვალ, ვთქვათ, აი ამ ქოხში. მე დავიწუნებდი, ან არ დავიწუნებდი და წავიდოდი, აბა, რას ვიზამდი, მაგრამ არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა. არ მინდა, ვთქვა, მათი სახელები.
მართალია, თქვენ არ ასაჯაროებთ, ვინც იყიდა ეს შენობა, მაგრამ ერთ კონკრეტულ ახალ მფლობელზეა საუბარი თუ რამდენიმე მფლობელზე?
- ერთი პიროვნებაა და ვიტყვი, ეს გახლავთ „ზარალა“, გიორგი რამიშვილი. მან იყიდა პანტომიმის შენობა. დარეკა კიდეც, გავუგზავნე ჩემიანები და არც კი მომიკითხა.
თქვენები რომ გაგზავნეთ, რა იყო თქვენი შეთავაზება?
- არაფერი, მინდოდა, მეკითხა, რა ჰქენი, კაცო, ეს რა გააკეთე-მეთქი? მაინტერესებდა, თუ სად მიშვებდა.
და თქვენს წარგზავნილებს არ მოუსმინა?
- ლაპარაკი არც ყოფილა, მან დაურეკა ჩემს შვილს და უთხრა, რა დაემართა მამაშენსო. ჩემმა შვილმა უპასუხა, მამაჩემს რა დაემართა, მე არ ვიცი, ახლა მიდის საფრანგეთში და დაბრუნდებაო.
„ზარალასთან“ აქამდე გქონდათ შეხება?
- არასოდეს არ მქონია, არც მინდა და არც შევეხები. ესეც რომ ვახსენე, მივქარე. მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო პანტომიმის თეატრი როგორ გაყიდა? როგორ გაუყიდა ქვეყანას? როგორ გაბედა პრეზიდენტმა ამ ნაბიჯის გადადგმა?