„რუსთავი2“-ის პროდიუსერს სააკაშვილისთვის არ მოუსმენია

„რუსთავი2“-ის პროდიუსერს სააკაშვილისთვის არ მოუსმენია

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სამი კონკრეტული საკითხი დააყენა. ამის შესახებ სააკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხებს შორის ერთ-ერთი თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შეჩერება იყო.

 „თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს. იყო მუქარები "რუსთავი 2"-ისა და სხვა ტელევიზიების მიმართაც. იყო შემთხევევბი, როდესაც ტელეარხები დაიხურა, მეპატრონეები გამოიცვალნენ და ა.შ. ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით პოლიტიკური კონტროლის დამყარების გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს. ქვეყანაში იქნება, როგორც ერთი, ისე მეორე სახის მედია. ჩვენ მთავარია მივაღწიოთ, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ჰქონდეს მთელი მედიის გაკონტროლების საშუალება. ქვეყანაში ალტერნატიურლი აზრი და ოპოზიცია უნდა იყოს. ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხია შემდეგი – რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არავის აქვს, არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს, ეს ყველაფერი კანონითაა დარეგულირებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იმის გასარკვევად, თუ რა სახის ზეწოლას განიცდიან მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მედია-საშუალებები, for.ge რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება არ მოუსმენია, მაგრამ ვარაუდობს, რომ სააკაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დასაკითხად მის დაბარებას გულისხმობდა.

„როგორც ვიცი, პრეზიდენტმა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ისაუბრა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ალბათ მან ის იგულისხმა, რომ ჩვენი გენერალური დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ალბათ, ასევე ის ბოლო აქცია იგულისხმა, რომელიც ჩვენი ტელეკომპანიის წინ რამდენიმე დღის წინ მოეწყო. თუმცა არ ვიქნები ზუსტი ამაზე საუბრისას, რადგან თავად პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია“, - აცხადებს ნანა ინწკირველი.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა, მაკა გაფრინდაშვილმა for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ არც წინა და არც ახალი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არასოდეს უგრძვნია.

„ჯერჯერობით ჩემს პრაქტიკაში, არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ ყოფილა. თუ ასეთი რამ მოხდება, მე აუცილებლად გამოვალ და ღიად ვისაუბრებ ამაზე“, - ამბობს მაკა გაფრინდაშვილი.

For.ge-ს კითხვაზე - მაშინ, რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილ, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაკა გაფრინდაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კონკრეტული კითხვა დაუსვეს და მან ამ კითხვას უპასუხა.

ამდენად, პრეზიდენტის მიერ ნახსენები მედია-საშუალებების წარმომადგენლები მათზე ახალი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას არ ადასტურებენ. რაზე დაყრდნობით აკეთებს მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადებებს ქვეყნის პრეზიდენტი? მისგან ტყუილები არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი უკვე ისეთ აშკარა ტყუილებსაც არ ერიდება, რომელთა გამოც შემდეგ ბოდიშის მოხდაც კი უწევს. კერძოდ, შეგახსენებთ, ზუსტად ერთი კვირის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საბანკო სექტორით რუსული სპეც-სამსახურები დაინტერესდნენ, რუსულმა სახელმწიფო კომპანიებმა უკვე რამდენიმე ქართული ბანკი შეიძინეს, დანარჩენებთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები მიმდინარეობსო.

„რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად, დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი, იყიდა „სბერბანკმა“, რუსეთის სახელმწიფო ბანკმა. ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს „თიბისი ბანკს“. ნუ, „ქართუ“ ისედაც რუსული ბანკია. შემდეგ შემოდის „გაზპრომ ბანკი“, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა“, - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

მის ამ განცხადებას მის მიერ დასახელებული ბანკები მაშინვე გამოეხმაურნენ. ამგვარი გარიგებების რეალობა უარყვეს როგორც ქართულმა, ასევე სააკაშვილის მიერ დასახელებულმა რუსულმა ბანკებმა. მოგვიანებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სააკაშვილს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

„ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთი ჩემ მიერ დასახელებული ბანკი მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და ისინი ამას არ უარყოფენ, მაგრამ თუ ბანკები არასწორად დავასახელე, ეს უნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის რამე პრობლემა შემექმნა. ჩემი სურვილია, რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის მართლა არ ჩაუვარდეს ხელში ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკებს, იმ ქვეყნისა, რომელსაც საქართველოს მიმართ სრულიად არაჯანსაღი ინტერესი აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აეროპორტში, აზერბაიჯანში წასვლის წინ.

გამოდის, რომ ან პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვინმე შეგნებულად აწვდის არასწორ ინფორმაციას, ან ის საუბრობს იმას, რაც აწყობს, უფრო სწორად, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაზე არის გათვლილი და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შეუქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს. სავარაუდოდ, მეორე ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს არის, რადგან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მხოლოდ დასავლეთისთვის საუბარს თავი დაანებოს.

რას ფიქრობენ ახალი ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობაზე თავად მედიის წარმომადგენლები, ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

რეგიონული მედიის ასოციაციის პრეზიდენტი, ია მამალაძე ღიმილისმომგვრელს უწოდებს პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ია მამალაძის თქმით, ამ არხის ამ ფორმით არსებობა არის სწორედ საზოგადოებაზე ზეწოლა მედიის მხრიდან და არა ვინმეს მხრიდან ზეწოლა მედიაზე.

„რა ფორმითაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, ბორდის და მისი ხელმძღვანელობის არჩევის პრინციპით, ბიუჯეტის ხარჯვით, როგორც გამოიყურება და რა რეიტინგიც აქვს - ეს არის მედიის ზეწოლა საზოგადოებაზე. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, იყო თვეები, როდესაც მედიაზე სხვადასხვა ფორმით ზემოქმედების 30-40 ფაქტი გვქონდა ხოლმე. ეს იყო დაშინების მცდელობიდან დაწყებული, ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფით დამთავრებული ზეწოლის ფაქტები. ამასთანავე, ამ ინფორმაციას ვაწოდებდით უწყებათაშორის კომისიას, იყო ღია მიმართვები პრეზიდენტის სახელზე და ა.შ. არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს რომელიმე ასეთ ფაქტზე რაიმე სახის რეაგირება მოეხდინა“, - აცხადებს ია მამალაძე.

მისი თქმით, სამაგიეროდ, არსებობს უამრავი ფაქტი, როდესაც მედიაზე ზეწოლის განმახორციელებელი პირები წახალისებულები იყვნენ, წინაურდებოდნენ სამსახურში და ა.შ. ამასთანავე, ია მამალაძის განცხადებით, მედიაზე ზეწოლას თავად პრეზიდენტიც ეწეოდა, როდესაც ამბობდა, რომ გაზეთებს არ კითხულობდა, რომ საქართველოში მიკერძოებული ტელეკომპანიები არსებობენ, რომლებსაც ის არ უსმენს და ა.შ. ია მამალაძე ვერ იხსენებს ვერც ერთ ფაქტს, როდესაც პრეზიდენტმა ინტერნეტ-გამოცემებს, ან ბეჭდურ მედიას მისი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა მისცა. ამიტომ, მას უადგილოდ მიაჩნია მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მედიაზე ზეწოლის შესახებ საუბარი.

რეგიონული მედიის ასოციაციის პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მფლობელი შეეცვალა, „იმედია“, რომელიც კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. სამაგიეროდ, ია მამალაძე იხსენებს, რომ თავად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არაერთი ტელეარხი დაიხურა და ეს ყველაფერი პრაქტიკულად ძალისმიერი მეთოდებით ხდებოდა, რომლის დროსაც იარაღი და სპეც-რაზმები იყო გამოყენებული. ასევე სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი გაზეთი დაიხურა და მედია-საშუალებებს მეპატრონეები შეეცვალა.

„ძალიან სწორად გამოხატავს მაშინდელ რეალობას სიტყვა, რომელიც ამ პროცესის გამოსახატად დამკვიდრდა ჩვენში. საუბარია სიტყვაზე „ახევა“, როდესაც მედია-საშუალებებს მათ მფლობელებს „ახევდნენ“. ზოგადად მეპატრონეების შეცვლა შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პროცესი, რადგან ესეც ჩვეულებრივი ბიზნესია და შეიძლება ის გასხვისდეს, მაგრამ სულ სხვაგვარად ხდებოდა ეს ყველაფერი სააკაშვილის მმართველობის დროს და სწორედ ის იყო დანაშაული“, - ამბობს ია მამალაძე.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტს მედიაზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები აქვს, კონკრეტულ ფაქტებზე უნდა ისაუბროს და არა ასე აბსტრაქტულად. ამასთანავე, ია მამალაძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მედიაზე ზეწოლაში ხათუნა ბერძენიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებას გულისხმობს, ია მამალაძე ამგვარი ზემოქმედების მომხრეა ხათუნა ბერძენიშვილის ჟურნალისტებთან დამოკიდებულების, ბორდთან ურთიერთობის და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე.

მედია-ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მედიაზე ზეწოლის ფაქტები ცნობილი არ არის, მაგრამ თუ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია აქვს პრეზიდენტს, მან ამ ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცეს.

„ქართულ მედიაში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა შეიცვალა. ვამჩნევ, რომ მედია ჩამოუყალიბებელია და სრულად მოუწევს გადაწყობა, რადგან ახლა უკვე აღარ არის ის სივრცე, რაც იყო წინასაარჩევნოდ. აქ ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა ზეწოლაზე საუბარი არავის მიმართ არ გამიგია. „რუსთავი2“-ის მიმართ რაღაც გადაკრული ფრაზები გვსმენია და შეიძლება ეს ნიკა გვარამიას საკითხს ეხებოდეს, მაგრამ თუ ყველამ ვიცით, როდის მივიდა ამ არხზე გვარამია“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე ზეწოლაზე საუბარი უფრო დასავლეთზე არის გათვლილი. აქვე ექსპერტი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალევე ტელეკომპანია „იბერია“ დაიხურა, იყო ზეწოლა „კავკასიაზე“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და ა.შ. ახლა კი ახალი ხელისუფლების მოსვლიდან უკვე 5 თვე გავიდა და თუ პრეზიდენტს რამე კონკრეტული ფაქტები აქვს, მედია-ექსპერტი ამბობს, რომ მან ამის შესახებ კონკრეტულად უნდა ისაუბროს და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს.