ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად სლოვაკეთის მთავრობა ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.
„სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. მათ ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ედუარდ ჰეგერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უცხოური დიპლომატიური მისიები სლოვაკეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მუშაობდნენ.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.