ნატო: ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა ძალის გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო: ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა ძალის გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ნატოს წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters განუცხადა.

„რუსეთის მხრიდან დეესკალაციესკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანი და დროულია. ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინის ტერიტორიასა და უკრაინის საზღვრებთან გაუმართლებელ სამხედრო აქტიურობას ყურადღებით დააკვირდება“, - აღნიშნა ნატოს წარმომადგენელმა.

ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა ძალის გაყვანისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.