სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება

აშშ განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ. ამ წლების განმავლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უკრაინას დახმარების სახით 2 მილიარდზე მეტი დოლარი გამოვუყავით. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის საზღვრებთან სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება.

„მოვისმინეთ რუსეთის განცხადება უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ. სიტყვები მოვისმინეთ. ახლა მოქმედებას ველით. აშშ განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.