თეთრი სახლი: აშშ უფლებას იტოვებს, ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

თეთრი სახლი: აშშ უფლებას იტოვებს, ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უფლებას იტოვებს, ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს.

„რამდენიმე დღის წინ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ალექსეი ნავალნის თემა განხილვის საგანი იყო. უფლებას ვიტოვებთ, მომავალში ახალი სანქციები გამოვაცხადოთ. პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ალექსეი ნავალნის ადამიანურად ეპყრობოდნენ, რომ ის უსაფრთხოდ იყოს და საბოლოოდ, გათავისუფლდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.