„სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმება საფრთხის შემცველია“

„სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმება საფრთხის შემცველია“

პარლამენტი სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე მსჯელობს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაში საფრთხის შემცველ ნორმებს ხედავს, ხოლო უმცირესობა დანაშაულის დონის აწევას პროგნოზირებს, რასაც მთავრობა არ ეთანხმება.

პარლამენტში წარდგენილი ინიაციატივით, დანაშაულის ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. ხოლო, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება.

ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და ასევე „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებებით, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატობოდეს.

რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ, ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც, არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს.

ამას გარდა, პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებს უკუძალა ექნება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც სასჯელი ცვლილებების ძალაში შესვლამდე არსებული წესით დაენიშნათ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი სამთვიან ვადას ადგენს, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა, სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმება საფრთხის შემცველია.

მისი შეფასებით, ზოგადად, წარმოდგენილი ინიციატივა პროგრესულია, რადგად სასჯელთა სრული შეკრების წესი ძალიან მანკიერია და სასამართლო პრაქტიკაშიც მანკიერად გამოიყენებოდა, როცა ადგილი ჰქონდა არაადეკვატურად მძიმე სასჯელების მისჯას და შემდეგ საპროცერსო შეთანხმებისთვის დიდი თანხის მოთხოვნას.

„თუმცა, ერთი უკიდურესობიდან, ანუ სასჯელის სრული შეკრებიდან, მეორე უკიდურესობაში - დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა სრულ შთანთქმაზე გადასვლა, გამართლებული არ არის. ეს გარკვეულ საფრხეებს შეიცავს. კერძოდ, პირს, რომელესაც ერთი მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, ეცოდინება, რომ სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი აღარ დაეკისრება. ეს კი, დანაშაულის შემკავებლობას შეამცირებს. გარდა ამისა, გარკვეულწილად, არც სამართლიანობის პრინციპს შეესაბამება, რადგან არსებობენ, როგორც კონკრეტული დაზარალებულები, ასევე არსებობს საზოგადოების მოთხოვნაც, რომ სახელმწიფომ თითოეულ დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში კი ვიღებთ სურათს, როცა ერთ მძიმე დანაშაულზე ხდება სასჯელის გამოყენება, ხოლო დანარჩენ დანაშაულებზე პირი სასჯელისგან თავისუფლდება“, - განმარტავს კანონმდებელი.

შავგულიძის მოსაზრებით, სჯობს, სრული შთანთქმის პრინციპი არ ამოქმედდეს და დასაშვები გახდეს გარკვეული გრადაცია.

„კერძოდ, თუ ადგილი აქვს რამდენიმე ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაძლებელი უნდა გახდეს სასჯელის სრული შთანთქმა, ხოლო თუ საქმე ეხება მძიმე დანაშაულს ნაკლებად მძიმესთან ერთად, დასაშვები უნდა გახდეს ნაწილობრივი შეკრება და ასე შემდეგ“, - დასძენს დეპუტატი.

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი თევდორაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ კანონი უფრო ლიბერალური გახდეს, თუმცა განსასაზღვრია ის შედეგები, რომელიც შეიძლება აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამ გამოიწვიოს.

„ეს იურისპრუდენციაში გარკვეული ადამიანების კომპეტენციაა. თუ კანონი უფრო ლიბერალური გახდება, ეს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს. თუმცა, იმის საშიშროებაც არსებობს, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონემ აიწიოს და ეს მეტი პრევენციის განხორციელების ვალდებულებას სამართალდამცავ ორგანოებს ანიჭებს“, - განუცხადა for.ge-ს კანონმდებელმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის ინფორმაციით კი, შეკრებითობის პრინციპი 2004 წლიდან მოქმედებს და ინიაციტივის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი გაუმართლებლად მკაცრი და არაადეკვატური სასჯელების შეფარდებას იწვევს, რაც თავის მხრივ უსამართლობის განცდას ამკვიდრებს.

„ამ პრინციპის არსებობა ასევე იწვევს გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას“, - აცხადებს თადუმაძე, რომელიც ოპოზიციის შეფასებას, რომ ცვლილებები დანაშაულის ზრდას გამოიწვევს, არ იზიარებს და ამბობს, რომ მსგავსი საფრთხე რომ არსებობდეს, მთავრობა ამ ინიციატივას არც მოამზადებდა.

პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობას გააგრძელებს. ცვლილებები პირველი მოსმენით კი, პლენარულ სხდომაზე უახლოეს მომავალში გავა.