მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობას გაზაფხულის მოსვლა გაზის გაიაფებით ახარა. მართალია, ეს მხოლოდ 5-თეთრიანი კლებაა, მაგრამ როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ისინი მიღწეულით არ დაკმაყოფილდებიან. ბუნებრივი აირის გაიაფებას ექსპერტებმა სხვადასხვაგვარი შეფასება მისცეს.
1-ლი მარტიდან ბუნებრივი აირის ტარიფი მთელი საქართველოს მასშტაბით შემცირდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის თქმით, მოსახლეობას საშუალება ექნება 10%-ით, ანუ 5 თეთრით შემცირებული ბუნებრივი აირის ტარიფით ისარგებლოს.
მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყველა დანაპირების შესრულება დაწყებულია და ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ბუნებრივ აირის ტარიფის შემცირება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების შემცირების ხარჯზე გახდა შესაძლებელი.
„აღნიშნული კორპორაცია სადისტრიბუციო კომპანიებს 5 თეთრით შემცირებულ ბუნებრივ აირს მიაწვდის“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა მინისტრის გავრცელებული ინფორმაცია მალევე დაადასტურა.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1-ლი მარტიდან საქართველოში მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასი კუბურ მეტრზე 5 თეთრით შემცირდება. ტარიფის კლება შესაძლებელი გახდა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შემოსავლების ხარჯზე.
კერძოდ, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შეამცირა კომპანია „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“ და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მისაყიდი გაზის ფასი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ შემცირებულ ფასად მიიღოს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტები ტარიფის კლებას სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ. ირაკლი ლექვინაძე თვლის, რომ გაზის 10%-ით გაიაფება სრულიად შეესაბამება რეალურად არსებულ მდგომარეობას.
„ამ დოზით ბუნებრივი აირის გაიაფება მე მიმაჩნია ოპტიმალურ შედეგად. ჩვენ დამოკიდებული ვართ მომწოდებელზე, ელექტრონერეგიისაგან განსხვავებით, რომელსაც ჩვენ თავად ვაწარმოებთ. აზერბაიჯანიდან გაზს ისედაც შეღავათიან ფასში ვიღებთ. გაზის ტარიფი არის ორ ქვეყანას შორის დადებული კონტრაქტის თემა და ასე სწრაფად არ იცვლება“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის თემატური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი აირის ტარიფის 5 თეთრის გაიაფებით სუსტი ნაბიჯი გადადგა. მისი გამოთვლით, გაზის ტარიფის მინიმუმ 14 თეთრით გაიაფებაა შესაძლებელი.
„მიმაჩნია, რომ მთავრობამ გადადგა სუსტი ნაბიჯი მაშინ, როცა შესაძლებელი იყო გაცილებით მეტით შემცირება, სულ მცირე 14 თეთრით. ახლა გაკეთდა 5-თეთრიანი შემცირება.
ფაქტობრივად, ეს მოხდა იძულებით, ანუ მთავრობა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. როგორც ჩანს, ვერ მოერია იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ მაღალი ტარიფით სარგებლობენ და პრაქტიკულად, მიზერული შემცირება გააკეთა.
მე ჩემი გაანგარიშებები გადავეცი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მონაცემები გამოქვეყნდა ჩემს „ფეისბუქის“ გვერდზეც და თუ რომელიმე ციფრი სწორად არ მაქვს დათვლილი, მაშინ იქნებ ვინმემ მითხრას ამის შესახებ. ვინმემ მიმითითოს, რატომ უნდა შემცირებულიყო ტარიფი მხოლოდ 5 თეთრით, როცა თავისუფლად შეიძლება მინიმუმ 10-14 თეთრით შემცირება“, - განაცხადა ექსპერტმა.
კითხვაზე თუ რომელ ინტერესთა ჯგუფს აწყობს, რომ საქართველოში გაზის ტარიფი არ შემცირდეს, გიორხელიძე აცხადებს, რომ საუბარია გავლენიან ჯგუფებზე, რომლებიც გაზის ბიზნესში არიან. იგი მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ თბილისში გაზის მაღალი ტარიფის გამო წლის განმავლობაში ზემდეტად 44 700 000 ლარი „ამოდის“.
„როგორც ჩანს, ამ ფულს ვიღაც აკონტროლებს და ამის შეცვლა იოლი არ არის“, - განაცხადა მან.