საქართველო „ჰიბრიდული რეჟიმების“ სექტორში გაამწესეს

საქართველო „ჰიბრიდული რეჟიმების“ სექტორში გაამწესეს

საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 103-ე ადგილზეა. ამგვარი შედეგი ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ The Economist Intelligence Unit გამოაქვეყნა. ექსპერტების შეფასებით, ეს შედეგი რეალობასთან ახლოს იმყოფება. 

საქართველოს „ჰიბრიდული რეჟიმების“ სექტორში, უგანდას, მოზამბიკის, კამბოჯას, კენიასა და ბუტანის შემდეგ მოხვდა. საქართველოს დემოკრატიის ინდექსი - 5,5 – საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური ჩართულობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებლების მიხედვით დაადგინეს. 

ამავე სექტორში მოხვდნენ რუსეთი – 107 ადგილზე და სომხეთი – 109 ადგილზე. 
დემოკრატიის ინდექსით პირველ ხუთეულში ნორვეგია, ისლანდია, დანია, შვედეთი და ახალი ზელანდია შევიდნენ.

„დემოკრატიის ინდექსით საქართველოს 103-ე ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – ამგვარი მოსაზრება ექსპერტმა ნიკა ჩიტიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში The Economist Intelligence Unit-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას დააფიქსირა. „103-ე ადგილი არ უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 200-მდე სახელმწიფოა და მათგან 192 გაეროს წევრია. ასევე, თუ გავითვალისწინებთ „Freedom House“-ის შეფასებებს, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა“, - განაცხადა ჩიტიძემ.

თუმცა, მას მიაჩნია, რომ საქართველოში ჯერჯერობით კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანა სრულფასოვან დემოკრატიად ჩამოყალიბდეს. 

„ბუნებრივია, 103-ე ადგილი არ არის დამაკმაყოფილებელი. იმედია, მომავალში ეს ინდექსი გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამე არის გასაკეთებელი, კერძოდ რეფორმებია გასახორციელებელი სასამართლო სისტემაში. ასევე ბევრი რამ არის გასაკეთებელი მედიაგამჭვირვალობის თვალსაზრისით. 

გამჭვირვალე უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაც, მოსაგვარებელია საკადრო პოლიტიკაც. მიმაჩნია, რომ სხვადასხვა სამინისტროში კონკურსები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა ჩიტიძემ.

„დემოკრატიის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 103-ე ადგილზე გასვლა რეალობასთან ახლოსაა“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

„რეიტინგში საქართველოს მეზობლად, დიდად განთქმული დემოკრატიის ქვეყნები არ არიან. რუსეთი და სომხეთი კი ჩვენს ქვემოთაა. ამ ქვეყნების განლაგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მონაცემი რეალობასთან ახლოსაა. დემოკრატიის თვალსაზრისით რუსეთი მართლაც ჩვენს ქვემოთ უნდა იყოს“, - ამბობს საყვარელიძე.

კითხვაზე, რა სფეროებშია საჭირო ვითარების გაუმჯობესება, საყვარელიძემ რამდენიმე სფერო დაასახელა:

„ინსტიტუციონალურად ყველაზე ძირეული და მნიშვნელოვანი სასამართლო და საარჩევნო პროცესია, ასევე მედიის მაქსიმალურად გათავისუფლება სახელმწიფოს კონტროლისგან, მაგრამ არის არაინსტიტუციონალური საქმეც, რომელსაც ფაქტობრივად, არავინ აკეთებს. ეს არის პოლიტიკური კულტურის ამაღლება თავად საზოგადოებაში. ამას ხელისუფლება რომ არ აკეთებდეს, გასაგებია, რადგან ასეთ შემთხვევაში მართვა ყოველთვის ადვილია. ხოლო რატომ არ ცდილობს ოპოზიცია, რომ საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და აქტიურობის ხარისხი გაიზარდოს, ეს გაუგებარია“.

ცნობისთვის, მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატის ინდექსი განსაზღვრავს დეოკრატიის დონეს სახემწიფოში და ეფუძნება ექსპერტული შეფასებების მეთოდოლოგიას, ასეე საზოგადოებრივი აზრის კვლევას შესაბამის ქვეყნებში. 

ინდექსი დემოკრატიულობის 5 საკვანძო მაჩვენებელს ეფუძნება. მათ შორისაა საარჩევნო კოდექსი და პლურალიზმი, მთავრობის საქმიანობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. 

დემოკრატიულობის ინდექსში 167 სახელწიფო დაყოფილია ხელისუფლების რეჟიმის ოთხ ტიპად. პირველი - სრული დემოკრატია, მეორე - არასაკმარისი დემოკრატია, მესამე - ჰიბრიდული რეჟიმი, მეოთხე - ავტორიტარული რეჟიმი. 

როგორც მოგახსენეთ, რეიტინგში საქართველო მესამე სახეფურზე - ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოხვდა. საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მოზამბიკი, უგანდა, ლიბერია, ვენესუელა, რომლებიც ასევე ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში მოხვდნენ. 

რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად დასახელებულია ნორვეგია. პირველ ათეულში ასევე გაერთიანებულნი არიან ისლანდია, დანია, შვეცია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ფინეთი, შვეიცარია, კანადა, ნიდერლანდები. 

უნდა აღინიშნოს რომ სრული დემოკრატიის სახელმწიფოების სიაში მე-17 ადგილზე იმყოფება აშშ, მე-19–ზე – დიდი ბრიტანეთი, ხოლო 26-ე ადგილზეა პორტუგალია, რომელიც ამ სიის ბოლო საფეხურზეა. 

არასრული დემოკრატიის ქვეყნებში პირველ ადგილზე, ხოლო სრულ რეიტინგში 27-ე ადგილზეა კაბო-ვერდე, 28-ე ადგილზე – საბერძნეთი, 29-ე ადგილზე – იტალია, 31-ე ადგილზე – საფრანგეთი. არასაკმარისი დემოკრატიის ქვეყნებში ბოლო ადგილზე (78-ე ადგილზე) მალი აღმოჩნდა. 

ჰიბრიდული რეჟიმების ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ჰონკონგი (მე- 80 ადგილი). ამავე ჯგუფში მოხვდნენ ყირგიზეთი (106-ე) რუსეთი (107-ე), სომხეთი (109-ე). ჰიბრიდული რეჟიმებს შორის ბოლო ადგილზე და საერთო რეიტინგში 111-ეზეა ერაყი. 

ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში მოხვდა ყახაზეთი (132-ე), აზერბაიჯანი (135-ე), ჩინეთი (136-ე), უზბეკეთი 9164-ე) და თურქმენეთი (165-ე). 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო პოზიციაზე – არასრული დემოკრატიის ქვეყნებს შორის იმყოფებიან ესტონეთი (33-ე), ლიტვა (41-ე) ლატვია (48-ე), მოლდოვა (64-ე) და უკრანია (67-ე). 

საერთო რეიტინგის ბოლო – 167-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეა იმყოფება.