„ოთხთა ეკლესია და იშხანი ზედგამოჭრილია იმისთვის, რომ იქ არსებობდეს ქართული მონასტერი“

„ოთხთა ეკლესია და იშხანი ზედგამოჭრილია იმისთვის, რომ იქ არსებობდეს ქართული მონასტერი“

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინიტრების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ორ ქვეყანას შორის კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების გაღრმავება მოხდება, კაბალურს უწოდებენ.

მათი აზრით, თურქეთთან, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოსთან, მსგავსი ტიპის შეთანხმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ბათუმის ცენტრში მუსლიმანური სამლოცველოს აშენებასა და თურქეთის ტერიტორიაზე ორი ქართული კულტურული ძეგლის რესტავრაციის შესახებ საზოგადოებას ზოგადი ცნობები აქვს. ამდენად, პარტიის ლიდერები ოფიციალური უწყებების მხრიდან განმარტებებს და შეთანხმების ოფიციალური ტექსტის გასაჯაროებას ითხოვენ.

კახა კუკავას თქმით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არსებობს ნაცვალგების პრინციპი და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, თურქეთმაც იგივე ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რაც საქართველომ. ანუ, თუ ისტორიულ ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ჩვენს ძეგლებს რესტავრაცია ჩაუტარდებათ, მაშინ საქართველოში მუსლიმანური კულტურის ძეგლებსაც რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეთ. ხოლო, თუ ბათუმში მეჩეთის დიდი კომპლექსი უნდა აშენდეს, მაშინ თურქეთის დიდ ქალაქებშიც ტრაპიზონსა და რიზეში დიდი მართლმადიდებლური ქართული ტაძრის კომპლექსი უნდა აშენდეს და ამით თანასწორობა დაცული იქნება. ამ შემთხვევაში, ბათუმელ მუსლიმან მლოცველთა ინტერესზე საუბარი არ უნდა იყოს, რადგან იმდენი მლოცველი ბათუმში არ არსებობს. ამდენად, მეჩეთის მასშტაბური ძეგლი, რომელსაც აზიზიეს ნაცვლად, მეჰმედი ერქმევა, ნამდვილად არ არის დიდი წარმატება ბათუმისთვის.

ასევე, თუ განიხილება ძეგლების საკუთრებაში გადაცემა, დღის წესრიგში უნდა დადგეს ქართული ძეგლების ჩვენი სამოციქულო ეკლესიისთვის გადმოცემის საკითხი, რომლის ღირებულებაც უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გვიანდელი ძეგლების. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ზეწოლით თურქეთმა თავის თავზე აიღო ვალდებულება ეთნიკური უმცირესობებისთვის ძეგლების დაბრუნების თაობაზე და ასეთი რამ მართლაც განახორციელა, რატომღაც ამ უმცირესობებში ქართველები არ შედიოდნენ.    

ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებით For.ge საპატრიარქოს პოზიციით დაინტერესდა, თუმცა საპატრიარქოში განგვიცხადეს, რომ ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებამდე თავს შეიკავებდნენ. ასევე, დავუკავშირდით ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილს და მანაც, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გვითხრა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა პირადი აზრის გამოთქმის უფლება.

უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ნაცვალგების პრინციპზე გაამახვილა ყურადღება და გვითხრა, რომ, თუ თურქეთი ტაძრის რესტავრაცია- რეკონსტრუირების უფლებას გვაძლევს, იმის სანაცვლოდ, რომ მოქმედი საკულტო ნაგებობა ჩვენ უნდა ავუშენოთ, თანაც ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, როგორც მინიმუმ, ჩვენც უნდა მოგვცენ უფლება, მსახურება აღვადგინოთ ჩვენს მიერვე აღდგენილ ტაძრებში და კიდევ, ჩვენს მღვდელმსახურთ განმოსვა არ უნდა უხდებოდეთ იმ ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში! სწორედ ეს იქნებოდა ნაცვალგების სამართლიანი განმარტება და არა ის, რაც გვესმის.

ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ესაუბრება.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ, დაუშვებელია ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ოშკისა და იშხანის აშენება

- სხვა გამოსავალი არ არის, ჩვენი ძეგლები უნდა გადავარჩინოთ და თურქეთი გვიყენებს მეჩეთის აშენების მოთხოვნას. ამაში დიდ უბედურებას ვერ ვხედავ, რადგან მეჩეთები აჭარაში ყოველ ნაბიჯზე შენდება. თუ მეჩეთი აშენდება და ამ დროს თურქებმა მარტო ოშკისა და იშხანის კი არა, ყველა ძეგლის აღდგენის საშუალება არ მოგვცეს, ამასთან, არც იმის საშუალება მოგვცეს, რომ მონაცემები მაინც გაიცეს, მაშინ ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ უნდა მივიღოთ ადეკვატურად, რასაც ისინი საქართველოში მოითხოვენ, ცხადია, ისინი უფრთხილდებიან და სურთ, რომ მათი მუსლიმანური მოსახლეობა იყოს თავისუფალი თავის კულტმსახურებაში, მაგრამ ჩვენც იგივე უნდა მოვითხოვოთ თურქეთის მხარისგან.

თუმცა თურქული მხარე აცხადებს, რომ თურქეთში ეკლესიის გახსნას აზრი არ აქვს, რადგან იქ ქართული მოსახლეობა რეალურად არ ცხოვრობს.

- ასეთ შემთხვევაშიც, იქ მონასტრები უნდა გაიხსნას. მერე რა, რომ ქართული მოსახლეობა იქ არ არის, ხალხი მიდიოდა და უდაბნოში ხსნიდა მონასტრებს. მონასტერი სხვა არის და სამრევლო ეკლესია სულ სხვა. ახლა არ არის ნიადაგი სამრევლო ეკლესიისთვის, ახლა არ არის იქ მართლაც ქრისტიანული ხალხი. არის უამრავი ტერიტორია და თვით კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეპარქიები, რომლებიც, პრაქტიკულად, ვერ მოქმედებენ მღვდელმსახურების თვალსაზრისით, რადგან იქ არ არის ქრისტიანული ბერძნული ან ქრისტიანული თურქული მოსახლეობა, მაგრამ არის მოქმედი მონასტრები. ჩვენი თითქმის ყველა ტაძარი და ეკლესია განლაგებულია ისეთ ადგილას, ისეთ გეოგრაფიულ სივრცეში, რომ იქ თავისუფლად შეიძლება თუნდაც მცირე მონასტრების შექმნა, სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ამ უძველეს მიწაზე და წესით, წინააღმდეგობა არ უნდა შეგვხვდეს, რომ ოთხთაში, იშხანში ამის აღდგენის შემდეგ მოხდეს ქართველი ბერების ან მონაზვნების გაგზავნა. ალბათ, იქ ბევრ სირთულეებს შეხვდებიან, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

როცა თურქულ მხარეს საქართველოში ექნება თავიანთი საკულტო ნაგებობა, მოქმედი მეჩეთი, მაშინ ჩვენ გვჭირდება მოქმედი ქართული მონასტერი თურქეთის ტერიტორიაზე. იგივე ეხება სომხეთსაც, სომხეთი ითხოვს თავიანთი ეკლესია-მონასტერების დაბრუნებას, ქართული მხარე კი ვითხოვთ, სომხეთში არსებული საკულტო ნაგებობების, ძეგლების, თუნდაც ახტალის დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციაში და იქ ქართული მონასტრის გახსნას. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რაც ქვეყნებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. რასაც ერთი მხარე მოთხოვს, იმას ითხოვს მეორე მხარეც. ჯერ ერთი, უკვე თურქეთის ამ მხარეში გაჩნდა ახალი ქართული დიასპორა ანუ ის ხალხი, რომლებიც იძულებით არიან  თურქეთში წასულნი და იქ ცხოვრობენ ან მუშაობენ. მათ უფლება აქვთ, ჰქონდეთ თავიანთი სულიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება და ისინი შეიძლება გახდნენ ამ ეკლესიების მრევლი. არცერთი ეს ეკლესია ძალიან შორს არ არის იმ რაიონული და საბაზრო ცენტრებიდან, სადაც ჩვენი დღევანდელი ქართველები მუშაობენ და არა - ისტორიული გურჯები. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ გვაქვს უფლება, გავხსნათ მონასტრები. ვიმეორებ, უდაბნოში იხსნება მონასტრები, ოთხთა ეკლესია და იშხანი ზედგამოჭრილია იმისთვის, რომ იქ არსებობდეს ქართული მონასტერი. თუკი უნდათ ეს, თუ გაგვიკეთებენ ამას, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, გადავდგათ ნაბიჯი და მათაც მივცეთ უფლება, ააშენონ თავისი მოსახლეობისთვის, თავისი მუსლიმანებისთვის მეჩეთი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ქართველ მუსლიმანს ვუთხრათ, თქვენ მეჩეთის უფლება არ გაქვთ.

თუ თურქული მხარე ამას არ დათანხმდა, მაშინ ეს უბრალო ნაცვალგება გამოვა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე ცალმხრივობა იქნება?

- მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ისევ დაჩაგრულები ვართ, რომ ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვართ და ჩვენ მარტო ვთმობთ და ისინი მაინც თავიანთ საქმეს აკეთებენ. მაშინ საჭირო იქნება, ჩავრთოთ იუნესკოს ყველა მექანიზმი, რომ ეს ძეგლები იუნესკომ აიყვანოს აღრიცხვაზე და დაავალდებულოს თურქეთი, ბოლოს და ბოლოს, აღადგინოს ეს ძეგლები.

წლების წინ საპატრიარქო აცხადებდა, რომ ზუსტად იუნესკოს ძალით უნდა მომხდარიყო ამ ძეგლების აღდგენა. კახა კუკავასთვისაც გაუგებარია, რატომ არის საუბარი მხოლოდ ოშკსა და იშხანზე, მაშინ, როცა უამრავი სხვა ძეგლია ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ტერიტორიაზე. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უშუალოდ უნდა მიმართოს იუნესკოს, რადგან იუნესკო ითვალისწინებს, რომ ძირძველ ქართულ ძეგლებს შესაბამისი სტატუსი უნდა მიეცეს.

- დიახ, ამ შემთხვევაში, მე მგონი, ჩვენი აქტიურობა უფრო მეტად უნდა იყოს იუნესკოსთან დაკავშირებით, წარვადგინოთ ამ ძეგლების უნიკალურობის შესახებ მასალა, რადგან ოთხთაც, ოშკიც და ბანაც მართლაც უნიკალური ძეგლებია და არაფრით არ ჩამოუვარდება სვეტიცხოველს, ბაგრატს და გელათს.

სხვათა შორის, წლების წინ, როცა დავინტერესდი, რატომ არ შეიძლებოდა ეს ძეგლები იუნესკოს ნუსხაში შეეტანათ, მაშინ ხომ მეჩეთის აშენებაზე საუბარი საჭირო აღარც იქნებოდა, იმ დროს ნიკა ვაჩეიშვილი ჩემთან საუბარში აცხადებდა, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან იუნესკოსთვის მიმართვა დროში გაწელვადი იყო და ამასობაში ჩვენი ძეგლები ჩამოიქცეოდა. ამ საქმეში რატომ არ მოხერხდა უფრო აქტიურად იუნესკოს ჩართვა?

- ამიტომ ვჩქარობთ, რომ ახლა ამ ორ ძეგლს აქვს ე.წ. SOS-მდგომარეობა. ანუ იძახიან, რომ ჩვენ უკვე ვინგრევით და სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ. ამიტომ იძულებულნი ვართ, წავიდეთ იმ დათმობაზე, რომ ვთქვათ, მივცეთ მეჩეთის აშენების ნება, მაგრამ საპირისპიროდ იქ არა მარტო უნდა აღდგეს, არამედ უნდა ამოქმედდეს ქართული მონასტრები.

რატომ არ მოხერხდა იუნესკოს ჩართვა ამ საქმეში და მართლა დროში გაწელვადი იყო ეს პროცედურა?

- არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამის შესახებ. მე მგონი, ამაზე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები და, ალბათ, ცოტა უნდა დააჩქარონ.

ერდოღანთან გაფორმებული ხელშეკრულების განსაჯაროებას მოითხოვს თავისუფალი საქართველო და აცხადებს, გვაჩვენონ ეს დოკუმენტი, იქნებ, მოსაწონიც კი იყოსო.

- ხომ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რა ხელშეკრულება დაიდო და რა წერია მასში? საიდუმლოდ და სეპარატულად ხომ არ იყო ხელმოწერილი ის ხელშეკრულება? იქნებ, მართლაც ისეთი კარგია, რომ ორივე ხელს ვაწერთ ან პირიქით, გარკვეულ შენიშვნებს გამოვთქვამთ. არა მგონია, საეჭვო იყოს, თუ რატომ არ ჩნდება მოლაპარაკების დეტალები. მართალია, ბოლო დროს ჩვენ ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ, მაგრამ, მე მგონი, გამოაქვეყნებენ და ამაში პრობლემა არ იქნება.

იმ ფაქტს როგორ შეაფასებთ, რომ თავის დროზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას აპროტესტებდნენ, თუმცა ამჯერად აზრს იცვლიან, მართალია, ახლა ეს აზიზიეს, ანუ დამპყრობის მეჩეთი არ შენდება, მაგრამ მაინც არ აპროტესტებენ.

- ეტყობა, რაღაცას უნდა გაუწიოს ანგარიში ორივე მხარემ. როგორც ჩანს, ჩვენებმა გადაწყვიტეს, ამ შემთხვევაში გაუწიონ ანგარიში ამ მოთხოვნას. ოღონდ, რასაკვირველია, ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების კვალობაზე. იშხანი და ოშკი  შარშან ვნახე და მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, ოშკში. იშხანი იმდენად არაა პრობლემატური. გუმბათის თვალსაზრისითაც და კედლის თვალსაზრისითაც, ოშკის სამხრეთის კედელი უკვე წაქცევაზეა და სასწრაფო შველას მოითხოვს.  

საპატრიარქოს პოზიცია რატომ არ ჩანს? ისინი ამბობენ, რომ განცხადებას მალე გააკეთებენ ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა განცხადება რატომღაც იგვიანებს.

- მე მგონი, საპატრიარქო გამოვიდა ამ თემის შესახებ განმარტებით. თბილისში არ ვიყავი და ზუსტად არ ვიცი ამის შესახებ.