ჩეხეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტოს.
ჩეხეთის სენატში აცხადებენ, რომ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფო ტერორიზმის აქტი იყო.
გარდა ამისა, სენატის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეამციროს.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.