ევროკავშირი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებს მკაცრად გმობს

ევროკავშირი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებს მკაცრად გმობს

ევროკავშირი მკაცრად გმობს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებს, რამაც საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებები გამოიწვია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

„ევროკავშირი ძალზე სერიოზულად ეკიდება ჩეხეთის ხელისუფლების დასკვნას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა ეს ქმედებები ჩაიდინეს. ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო სამართლისა და ჩეხეთის სუვერენიტეტის უხეში დარღვევით, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედებით, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოს. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს საქმიანობისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპაში და ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკას, მხარს უჭერს ჩეხეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის შემდგომ ძალისხმევას.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის არაპროპორციულ რეაქციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ რუსეთის ფედერაციის მუქარებს. მტკიცედ ვუპასუხებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ქმედებებს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის დონეზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.