საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თუ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვლება, ევროკავშირი პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას დააკისრებს.
„ნავალნიზე ეს უმოწყალო თავდასხმა აუტანელია. საჭირო სანქციებს მივიღებთ და პასუხისმგებლობას პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას დავაკისრებთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ უკიდურესობამდე არ მივალთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟან-ივ ლე დრიანი ასევე შეეხო უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის საკითხს.
„პუტინი უხერხული მეზობელია, ზოგჯერ საშიშიც, მაგრამ ის ისევ იქ არის, ამიტომ დიალოგი უნდა გავაგრძელოთ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთს უკრაინის წინაღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელება სურს, მაგრამ საზღვარზე ჯარის შეგროვება ინციდენტების საშიშროებას შეიცავს“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.