„მელიამ შეიძლება თავი ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდოს, რომ მისი ციხიდან გამოყვანა ძალით გახდეს საჭირო“

„მელიამ შეიძლება თავი ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდოს, რომ მისი ციხიდან გამოყვანა ძალით გახდეს საჭირო“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლების მიზნით არც ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას ეთანხმება და არც 20 ივნისის ამნისტიაზეა თანახმა. მელიას შეუძლია გირაოს გადახდის შემთხვევაში ციხე 72 საათში დატოვოს, ხოლო ამნისტიის შემთხვევაში, მას უნდა თუ არა, ციხის დატოვება მაინც 1 თვეში მოუწევს. მელიამ ციხიდან გამოსვლაზე უარი რომც თქვას, მას უბრალოდ, ბადრაგი ხელს წაავლებს და ქუჩაში გამოიყვანს. ნაციონალები მოითხოვენ, რომ პროკურატურა სასამართლოში შუამავლობით შევიდეს და მელიას ბრალი საერთოდ მოუხსნან, რაზეც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და აცახდებს, რომ ის, რაც დოკუმენტის მიხედვით უკვე შეთანხმებულია, არ შეიცვლება.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დესტრუქციული ქმედებებით საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ დანებებას არ აპირებს. ამიტომ, შესაძლოა, დაპირისპირების ახალი მიზეზი ნიკა მელიას გათავისუფლების და ამნისტიის საკითხი გახდეს. შესაძლოა, დოკუმენტზე ხელმოწერა არა კრიზისის დასასრული იყოს, არამედ ახალი კრიზისის დასაწყისის საფუძველი. ამის მთავარი ინიციატორი კი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. თუმცა ამ ქცევით პარტია დასავლეთის წინაშე პოლიტიკურად სრულიად გაბანკროტდება და მისი პროდასავლურობის ილუზია საბოლოოდ გაქრება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი გიორგი (ჟორიკა) რურუას 27 აპრილს შეიწყალებს, იმავე დღეს პარლამენტი ამნისტიის პროექტზე მუშაობას დაიწყებს, რომელიც მელიასაც შეეხება. რაც შეეხება ამნისტიის პროექტის დამტკიცების ვადებს, ის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში სამი მოსმენით, შემჭიდროებულ ვადებში უნდა განიხილონ. პროცესს შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამნისტიის პროექტი 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდება წარდგენილ პირს შეეხება. ამასთან ნიკა მელიასთვის ღია რჩება გირაოსთან დაკავშირებული შეთავაზება, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, თანხას ევროკავშირი გადაიხდის.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ „მთავარ არხთან“ ილაპარაკა ნიკა მელიამ. ის ტელეკომპანიას ციხიდან ტელეფონით დაუკავშირდა. მელია უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც, მისი თქმით, ითვალისწინებს მისი გირაოს გადახდას.

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი და რატომ? - აღმოჩნდა, რომ გუშინდელი ხელმოწერილი დოკუმენტის მიღმა, შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ერთი წინაპირობა შესრულდეს და რა არის ეს წინაპირობა თურმე - ვიღაცამ უნდა გადამიხადოს გირაო და ამისთვის საჭირო ყოფილა ჩემი თანხმობა. არაფერი არ შეცვლილა ჩემთან მიმართებაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს არის არა ჩემი აკვიატება, არა ახირება, არამედ იდეა. იდეა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი არ დავუხარო ამ უსამართლობას და ამით გავწყვიტო ეს ჯაჭვი. იდეას მე არ ვუღალატებ. ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავს, არათუ თავისუფლებას“, - განაცხადა მელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საია კი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. აღნიშნულის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ქართული ოცნების“ წევრი ირკალი ქადაგიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ყველა პოლიტიკურ პარტიას ვალდებულება აქვს აღებული 20 ივნისთან დაკავშირებით. ხოლო თუ მელია ამნისტიაზეც უარს იტყვის, მას სასამართლოსთვის დალოდება მოუწევს.

„თუ ადამიანს გარეთ გამოსვლა არ უნდა და ის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, ჩვენ მეტი სხვა რა გზა გვაქვს? თუ ეს დღის წესრიგიც მხოლოდ დესტრუქციაზეა დაყრდნობილი, მაშინ რა ვქნათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება, რომ ციხიდან გამოვიყვანოთ? ასევე არ არის საინტერესო რას ამბობს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავარია დოკუმენტში რა წერია. თუ ნიკა მელია დამნაშავეა და ვიწყალებთ, ეს პოლიტიკოსებში დაუსჯელობის სინდრომს არ გააჩენს? ანუ პოლიტიკოსი როცა ხარ, შეგიძლია ყველაფერი ჩაიდინო, წამოწვე, ტელევიზია მოგაკითხავს და ყველაფერი გეპატიება. ეს არ აჩენს დაუსჯელობის სინდრომს?“, - განაცახდა ქადაგიშვილმა for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამნისტია არის შეთანხმების დოკუმენტით შეთავაზებული, შესაბამისად, ვერ მოხდება დოკუმენტის რევიზია მხოლოდ იმიტომ, რომ „ვიღაც თავის დესტრუქციული დღის წესრიგიდან ვერაფრით გამოდის“. ხოლო ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ მელიასთვის ციხის კარები ავტომატურად იღება. ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დესტრუქციული რეჟიმი გააგრძელოს, ხოლო ის დამარცხება, რაც ამ დესტრუქციამ განიცადა, უკან შემოატრიალონ.

„ამ დესტრუქციის უკან შემოტრიალება უნდათ, მაგრამ როგორ თავადაც არ იციან. კეთილი ვინებოთ და ყველამ შეთანხმების შესრულება ვისწავლოთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, მაშინ მივდივართ ამნისტიის გზით, ეს არის ევროპის მიერ შემოთავაზებული გზა. მელიას ციხიდან უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უნაგირზე კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული, მაგრამ არ გამოვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა for.ge-სთან.

 „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას მხრიდან უარი ევროკავშირს გირაოს გადახდაზე სრული სპეკულაციაა, რადგანაც ამ ფორმით მელია პოლიტპატიმრის სტატუსზე უარს ამბობს. მისი თქმით, ევროკავშირი კრიმინალებს ფულს არ უხდის.

„რადგანაც ევროკავშირმა შენი თავისუფლებისთვის ფულის გადახდა გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად გაღიარებს. ამიტომ, მელია, როდესაც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად თავს არ აღიარებინებს. ევროპელები კრიმინალებს ფულს არ უხდიან. ამიტომ მგონია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია და მელია გირაოზე უარს არ უნდა ამბობდეს. მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი, ყველაზე კარგი პარლამენტი იყოს, რაც კი გვქონია, იმდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. სამშაბათს შემოდის კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლითაც ამ შეთანხმების აღსრულება იწყება. ჩემი აზრით, ოპოზიცია შედის და იწყებს ამ კანონპროექტზე მუშაობას საკომიტეტოდაც და ისედაც“, - განაცხადა ხვიჩიამ for.ge-სთან.

„მოქალაქეების“ წევრი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ნიკა მელიას გაჯიუტება. ელისაშვილი ამბობს, რომ რაღაცა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოძებნილიყო იმისთვის, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლებულიყვნენ. ამიტომაც რურუაზე ითქვა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს, ხოლო მელიაზე ევროკავშირი თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ გირაოს გადაიხდის. სხვა სამართლებრივ მექანიზმს ისინი ვერ მოიფიქრებდნენ და ვერც ოპოზიცია ვერ ჩააჯინდებოდა.

„გულახდილად გითხრათ, მელიას მხრიდან არ მესმის რატომ ჯიუტდება ევროკავშირმა გირაო არ გადაუხადოს. ამნისტია არის მუხლი და იქ დათქმებს ვერ გააკეთებ ამაზე გავრცელდეს და იმაზე არა. იქ შეწყალებისგან განსხვავებით, რომელიც პერსონალური ძალისხმევაა, ამნისტია მუხლზე ცხადდება ან ერთ კონკრეტულ ქეისზე. ხომ ვერ ამოკრიფავ ამაზე გავრცელდეს და იმაზე არა? არ ვიცი, შეიძლება საპატიმროში სხვანაირი ემოციაა, ან მისი თანამებრძოლები მელიას სხვა რაღაცას ეუბნებიან, მაგრამ ევროკავშირი იხდის გირაოს და არა ვიღაცა კონკრეტული პირი. მიჩქმალვით და რაღაცით ხომ არ კეთდება. ასევე გაუგებარია ეს ზედმეტი აჟიოტაჟიც ამ საკითხთან დაკავშირებით. 6 თვეა ამ ქვეყანას ვაჯანჯღარებთ, ვლანძღავთ ერთმანეთს და ამასობაში ხალხი დაიმშა“, - აცხადებს ელისაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებებს პოლიტიკაში კვლავ აგრძელებს. თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ უნდა გამოვიდეს მელია ციხიდან, როცა ამას ევროპული მხარე სთავაზობს. მისი თქმით, როცა პარტია ევროპის წაინააღმდეგ მიდის და ამაში საია-ს განცხადებებს იყენებს, ეს დასანანია და სამწუხაროა, რადანაც ჩრდილს ამ ორგანიზაციას აყენებს.

„მრავალი წელია საია ავტორიტეტული ორგანიზაციაა და დასავლური ორგანიზაციების დაფინანსებით სარგებლობს. ამ დროს კი, სააკაშვილის დღის წესრიგისთვის საჭირო განცხადებას აკეთებს. თურმე მისთვის გაუგებარია ამნისტიის შესახებ დადგენილება რატომ უნდა მიიღონ. ამგვარი ენჯეოების განცხადებები, რომელიც სააკაშვილის პარტიის პოზიციას ერთი-ერთში ემთხვევა, სრულიად მიუღებელია. რაც შეეხება მელიას, ის ადრე თუ გვიან, ციხიდან ნამდვილად გამოვა. ის იქ დამრჩენი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ჯობია მელია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე დაფიქრდეს და ბოლომდე სააკაშვილის კაპრიზების მძევლად არ უნდა იქცეს. ეს მისი გადასაწყვეტია. ცხადია, გირაოთი იქნება ეს თუ ამნისტიის გადაწყვეტილებით, ის ნამდვილად გარეთ გამოვა და ჯობია ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ მას უნდა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყოს ან მის პარტიას თუ სურს, რომ გარკვეული ხმები მოიპოვოს და საერთოდ რეიტინგი არ დაკარგონ“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ფაქტი ერთია, რომ შარლ მიშელმა ვიზიტის დროს პროტოკოლით „ნაციონალურ მოძრაობას“ სილა გააწნა, რადგანაც მათ ცალკე არ შეხვდა. მიშელი მხოლოდ იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ან პარლამენტში 1%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც შეძლეს. აბაშიძე ამბობს, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ პარტიებს, რომლებმაც დასავლეთის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ნაციონალებმა და ევროპელებმა ასე თუ გააგრძელეს, ისინი დასავლეთის თვალში ბოლომდე მარგინალიზებულები დარჩებიან. თუ მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ კონტროლირებად ტელევიზიებში ისხდნენ და პარლამენტთან 10 კაცი შეკრიბონ, ეს უკვე მათი პოლიტიკური არჩევანია. „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა, იქნებოდა ეს დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერა თუ მოულოდნელად გამოჩენილი მიშელის ახალი დოკუმენტზე შეთანხმება. ამით კი „ოცნებამ“ დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დაიმსახურა. მელიამ შეიძლება თავი ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდოს, რომ მისი ციხიდან გამოყვანა ძალით გახდეს საჭირო. ცხადია, ადრე თუ გვიან ის გამოვა, მაგრამ თუ მას უნდა რომ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები ჰქონდეს, ჯობია ამ მასკარადს მორჩეს და თავი არ შეირცხვინოს“, - აცახდებს გია აბაშიძე for.ge-სთან.

არაგველი641 დიახ, მე მასეთი სიძმარი მაქვს ნანახი: სპეცრაზმი შევიდა საკანში, მელია ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და გლდანის ნაგავსაყრელზე გადააგდეს!
3 წლის უკან