რა უნდა მოიმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა, როდესაც, ერთი მხრივ, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ახრჩობს, ხოლო, მეორე მხრივ, ინფლაცია? კობა გვენეტაძის უწყება მძიმე მდგომარეობაშია. მას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენაც უთითებენ და პარალელურად, მის შერბილებასაც უკიჟინებენ. ამ დომხალში სანამ რაიმე გამოიკვეთება, ქვეყანას გაზრდილი ფასები და შეზღუდული ბიზნესი შერჩა ხელთ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის სუბირ ლალის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაზე, თუმცა ეს რთული პროცესია. ამიტომ სამომავლოდ მას კიდევ მოუწევს მტკიცე ნაბიჯების გადადგმა.
„სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღემატება. მონეტარულმა პოლიტიკამ ეკონომიკის მხარდაჭერა და ინფლაციის კონტროლი უნდა დააბალანსოს. ეროვნული ბანკი ჯერჯერობით გონივრულ ნაბიჯებს დგამს იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ყველგან და ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენს“, - განაცხადა სუბირ ლალმა.
მიუხედავად სავალუტო ფონდის მისიის მხარდაჭერისა, ქვეყანაში სწორედ ინფლაციის კუთხით არის უდიდესი პრობლემები. პარალელურად ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ იზრდება ფასები და ძალიან ძვირდება პროდუქცია. ასეთ ვითარებაში კი, შესაძლოა, 2021 წელი იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე შარშანდელი იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს იგივე მოცულობის ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, როგორც შარშან და რეფინანსირების განაკვეთიც უნდა გაიზარდოს.
„არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ჩვენ შეგვექმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები. განსაკუთრებით, ასეთი მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში (7.5%). ამ ყველაფერს შეუძლია გამოიწვიოს მონეტარული რყევა და ლარის დევალვაცია.
შარშან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების სახით გამოიყენა თითქმის 900 მლნ-ზე მეტი, ველოდები, რომ წელსაც დაახლოებით იგივე ინტერვენციების განხორცილება მოუწევს სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევაც მოუწევს, რაც ჩემი აზრით, ცენტრალურმა ბანკმა ცოტა დააგვიანა კიდეც“, - განაცხადა კოვზანაძემ.
სულ სხვაგვარად უყურებენ საფინანსო ბაზარზე არსებული გამოწვევებს ფინანსისტები. ისინი ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. როგორც პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სებ-მა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყოს.
„ჩვენს სამეზობლოში და ევროპაშიც სესხები დაბალ პროცენტებში გაიცემა. როცა ეკონომიკა რეცესიაშია, მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკური პირობების გაუარესებას იწვევს. იმის გამო, რომ სესხებზე მაღალი პროცენტია, ფულადი რესურსები ძნელად ხელმისაწვდომია და კიდევ უფრო ფერხდება ეკონომიკის განვითარება, რაც კრიზისულ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა. წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის და ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა მიმართული იყო განაკვეთების გაძვირებისკენ, რა მხრივაც მსოფლიო სავალუტო ფონდის მითითებებს თვალდახუჭულად ასრულებენ. ყველა ხედავს, რომ ამით ეკონომიკა ზარალდება“, - განუცხადა „რეპორტს“ ხომიზურაშვილმა.
1009
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85