„ნიკა მელია არც თავად აპირებს გირაოს გადახდას და არც სხვის მიერ გადახდას დათანხმდება, ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაზე იქნება ბოლომდე“

„ნიკა მელია არც თავად აპირებს გირაოს გადახდას და არც სხვის მიერ გადახდას დათანხმდება, ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაზე იქნება ბოლომდე“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებასთან ერთად ხელი მოაწერა, ოპოზიციამ მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ . თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ხელმომწეთა რიგებში ამ პარტიის ორი წევრი სალომე სამადაშვილი და გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდნენ. პარლამენტში შესვლა კი სამადაშვილს, შესაძლოა, საკმაოდ ძვირად დაუჯდეს და ვაშაძის გზას დაადგეს - ისიც „ექს-ნაციონალი“ გახდეს. ვიდრე „ნაცმოძრაობაში“ გაურკვევლობა სუფევს, უკრაინიდან პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მორიგ დაბრუნებას აანონსებს.

რა ბედი ელის სალომე სამადაშვილს, როგორ აპირებს ჩამოსვლას ექს-პრეზიდნტი და როგორ აპირებენ ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას, for.ge-ს ამ კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პასუხობს.

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა. როგორ შეაფასებდით მის ვიზიტს და რა იყო თქვენთვის მიშელის განცხადებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი?

- შარლ მიშელის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, მან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ პროცესებში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც ის ამ პროცესში ჩაერთო, შემდეგ ვითარება შეიცვალა. ის, რომ გარკვეული დათმობა არის მიღწეული გარკვეულ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, ეს პირადად მიშელის დამსახურებაც არის. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ჩემთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის, ბუნებრივია, ის არის, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა საპყრობილიდან უნდა გათავისუფლდნენ. ამის შემდეგ, ჩვენ პარტიაში შეგვეძლება მივსჯელოთ ამ შეთანხმებაზე, მანამდე ჩვენ არანაირი მსჯელობა არ გვექნება, ვიდრე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ციხეშია.

თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეულ პარტიებთან შეთანხმება შედგა. ერთ-ერთ ვინც პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, თქვენი პარტიის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილიც იყო. რა ბედი ელის მას, გაირიცხება პარტიიდან?

- ეს ორმხრივი საკითხია. თავად, სალომე სამადაშვილმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე რაც მოვისმინე, ის ჯერ ნიკა მელიასთან შეხვედრას აპირებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხზე პარტიაშიც იქნება მსჯელობა. ეს სალომეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო. ის არჩევანში თავისუფალია. ეს პარტიის გადაწყვეტილება არ იყო, ეს თავად, სალომემაც დააფიქსირა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოაწერა. მის გადაწყვეტილებასთან პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს.

ასევე რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ მან შეთანხმებას ხელი მოაწერა?

- არ დაგიმალავთ და მოულოდნელი იყო. თუმცა, ბატონმა გრიგოლმა რამდენიმე თვის წინ, როგორც თავმჯდომარის პოსტი, ასევე პარტიაც დატოვა. ბუნებრივია, როგორც ინდივიდუალურმა დეპუტატმა, ისე მიიღო გადაწყვეტილება.

შეთანხმების გაფორმებამდე, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობების თანახმად, ის გიორგი რურუას შეიწყალებს. ვინაიდან ნიკა მელიას შეწყალება ვერ მოხერხდება და თქვენი ულტიმატუმი არის მისი გათავისუფლება, როგორ ხედავთ ნიკა მელიას გათავისუფლებას, ფიქრობთ, რომ ის დატოვებს საპყრობილეს?

- დიახ, ვიცით, რომ პრეზიდენტი ნიკა მელიას ვერ შეიწყალებს, რადგან ის მსჯავრდებული არაა. ორ საკითხზე იყო საუბარი - ერთი, გირაოს გადახდაზე და მეორე იყო ამინისტიის შესახებ კანონის მიღებაზე. რაც შეეხება გირაოს, ამის კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ, როგორც ჩვენ, ასევე ნიკა მელიაც. არც თავად აპირებს გირაოს გადახდას და არც სხვის მიერ გადახდას დათანხმდება. ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაზე იქნება ბოლომდე. რაც შეეხება ამინისტიის შესახებ კანონს, აქაც ძალიან ბევრი კითხვებია. ეს კანონი თუ გავრცელდება საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც 20 ივნისს უფლებამოსილებას გადაამეტეს და ჩვენ კარგად ვნახეთ რაც მოხდა იმ ღამეს, ბუნებრივია, ასეთი ფორმით მისაღები არაა კანონი. ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ხელისუფლება, ანუ პროკურატურა შესულიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლით. ეს იქნებოდა ყველაზე იოლი და მარტივი გზა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ გზაზე წასვლას არ აპირებს. აპირებს, რომ მთელი ტვირთი ოპოზიციაზე გადმოიტანოს. ჩვენი პოზიცია ცნობილია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე დანარჩენი ოპოზიციისთვისაც.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე რას გვიპასუხებთ, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოში აპირებს დაბრუნებას. როგორ წარმოგიდგენიათ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დაბრუნება და როგორ აპირებს ის დაბრუნებას, რადგან თუ ჩამოვა მას დააკავებენ?

- მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ უნდა დაბრუნდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამ ქვეყნის სირცხვილია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება. რა და როგორ მოხდება, ამაზე წინასწარ ვერ ვიმსჯელებ. სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე ინფორმაციაც არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება, როგორც ყველამ, მეც ისე მოვისმინე, დანარჩენს თავად დააკონკრეტებს, როდესაც ჩამოსვლას დააპირებს. ერთი ის ვიცი, რომ ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს, რაც ძალიან კარგია.

ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს მაშინ მოაწერთ და პარლამენტში მაშინ შეხვალთ, როდესაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს?

- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. როდესაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ, მასთან ერთად დავჯდებით და ყველაფერს გადავწყვეტთ.

mamago მერე?!
3 წლის უკან