„ნაცმოძრაობა“ მხოლოდ მელიას გათავისუფლებაზე აპელირებს, როდესაც ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მოხდა“

„ნაცმოძრაობა“ მხოლოდ მელიას გათავისუფლებაზე აპელირებს, როდესაც ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მოხდა“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც შეტანილია, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მექანიზმით მოხდება მათი გათავისუფლება, - ეს იქნება ამნისტია თუ გირაოს გადახდა, რაზეც მაგალითად, ნიკა მელია კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი დოკუმენტზე ხელმომწერებს გაემიჯნა და ხელის მოწერაზე უარი თქვა. პარტიაში ამბობენ, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გარეთ არ იქნება, დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. თანაც, აღნიშნავენ, რომ თავად ნიკა მელიამ უნდა გადაწყვიტოს, პარტია ხელს მოაწერს თუ არა მიშელის ახალ დოკუმენტს.

ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში მიმართა:

„მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“, - წერს ნიკა მელია.

რა ხერხითა და მექანიზმით შეილება მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის ციხიდან გამოშვება?

როგორც For.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა. გურამ მაჭარაშვილმა უთხრა, ამნისტიის კანონზე პარლამენტი მას შემდეგ იმსჯელებს, რაც 113 დეპუტატი საკანონდებლო ორგანოში თავს მოიყრის. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვითარების პროვოცირებას და სწორედ ამით ხსნის იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„დოკუმენტში პირდაპირ არ წერია უპირობოდ გათავისუფლებაზე. ზოგადად, მთავარი არის ის, რომ ეს შეთანხმება შედგა, არა მხოლოდ ამნისტიის შესახებ კანონზე, ბევრ სხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე და წინადადებაზე. აუცილებლად ვიმსჯელებთ, როგორც კი შემოვა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ის დეპუტატები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაიწყებენ მუშაობას. დეტალებში პრობლემები ნაკლებად იქნება, მთავარია, რომ პრინციპზე შეთანხმება მოხდა, ამის შემდეგ კონსულტაციების საფუძველზე მოვახდენთ ოპოზიციასთან ერთად, ყველა იმ საკითხის გადაწყვეტას, რომელიც მოცემულია.

გასაგებია, რატომ სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ხან ეთანხმება და ხან არ ეთანხმება ამ შეთანხმებას, დეტალებში ეძებოს პრობლემები, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ წინადადებების განხილვას ოპოზიციის წევრებთან ერთად, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ, აუცილებლად დავიწყებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ნება აქაც ჩანს, მხოლოდ თავისი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე აპელირებს ამ შეთანხმებაში, მაშინ როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმება მოხდა საქართველოში და ეს არის კარგი, რომ პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო ჯანსაღად წარიმართოს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ საკითხად მიაჩნია ნიკა მელიას გამოშვება, რომელსაც თვითონ არ უშვებენ. ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია და ითქვა უკვე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ, მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრები, როდესაც პარლამენტში იქნებიან, ანუ 113 და მეტი დეპუტატი, დაიწყებენ იმ წინადადებებზე მუშაობას, რომელიც არის მოცემული.

ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, არა მხოლოდ ყველა პარტია, არამედ თავად „ნაცმოძრაობის“ ბევრი წარმომადგენელი აპირებს გააგრძელოს მუშაობა საქართველოს პარლამენტში, ამას ჩვენ ვნახავთ სამშაბათს, როდესაც სესია დაიწყება. მაქვს მოლოდინი, რომ 113-ზე მეტი დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში და ამ საკითხებზე შესაძელებელი იქნება დავიწყოთ საუბარი“, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა For.ge-სთან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს. მისივე თქმით, ევროპული მხარე მზად არის, ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს.

„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, განვითარებული ადამიანების ქვეყანა, ძლიერი ოჯახებით და ძლიერი ადამიანებით. ბატონი შარლ მიშელის ჩამოსვილის შემდგომ,  იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს, ისიც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და ყველა გავერთიანდებით ამ საერთო საქმეში. ნიკა მელია გამოვა, ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ძალიან სერიოზული ჟესტია, ან მეორე ვარიანტია - ეს შეიძლება იყოს ამნისტია“, - განაცხადა ვაშაძემ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება სხვადასხვა ფორმით შეიძლება, მათ შორის პროკურატურის რამდენიმე გადაწყვეტილებით. ამასთან, ლომჯარიამ ისაუბრა ამნისტიის აქტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ამ საკითხზე მას აქვს შეკითხვები, შეეხება თუ არა ეს აქტი იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის აქციაზე არადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები.

„ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება გათავისუფლდეს (მელია), თავად პროკურატურას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რაზეც ჩემი მოადგილეც საუბრობდა დღეს ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემომებების და ახალი საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს“, – განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა: „გააჩნია რა პუნქტებს შეეხება (ამნისტიის აქტი), მე წინასწარ არ გავაკეთებ (შეფასებას). თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში იქნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, თუმცა წინასწარ შეფასებას არ გავეკეთებ, მე არ ვიცი რა ტიპის ამნისტიის აქტის მიღება იგეგმება“, – თქვა ლომჯარიამ.

ლაზი ბმული შიშს დიდი თვალები აქვსო. რა იცი რა მოხდება.
3 წლის უკან