შეთანხმება მომავალ შეხვედრაზე – ჟენევაში

შეთანხმება მომავალ შეხვედრაზე – ჟენევაში

ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოსკოვი ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე უარს ამბობს. ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა „არამკაფიო პოზიციის“ გამოც გაღიზიანებულია. 

ერთადერთი საკითხი, რაზეც ჟენევაში მხარეები შეთანხმდნენ არის ის, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 4 მარტს გაიმართება. შვეიცარიაში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს რომ ისინი მოლაპარაკებებით „ძალიან გაწბილებულები“ არიან. 

„ამის მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ ჩვენ რუსული მხარისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების გაკეთებაზე უარი მივიღეთ,“ – განუცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ რადიო „თავისუფლებას.“ 

ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების დროს, რუსეთის დელეგაციის წევრებმა კონფლიქტის მხარედ ყოფნა უარყვეს. 

„მათ არ ჰქონდათ მკაფიო პოზიცია იმის შესახებ არსებობს თუ არა საერთოდ 12 აგვისტოს შეთანხმება და აქვთ თუ არა მათ ძალის არგამოყენების შესახებ რაიმე სახის ვალდებულება,“ – აღნიშნა ბოკერიამ. მისი თქმით, რუსეთის „ძალზე არაკონსტრუქციული პოზიცია“ ქართული მხარის „შეშფოთებას“ იწვევს. „მით უმეტეს, როცა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის ფონზე ხდება,“ – დასძინა მან. 

ქართულმა მხარემ უკმაყოფილება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა „არამკაფიო პოზიციის“ გამოც გამოთქვა. „მე ვფიქრობ თანათავმჯდომარეების პოზიცია უფრო მყარი და მკაფიო უნდა იყოს და ჩვენ ამის თაობაზე ჩვენი უკმაყოფილება არ დაგვიფარავს,“ – აღნიშნა ბოკერიამ. 

თანათავმჯდომარეებმა ჟენევაში შეხვედრების შემდეგ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს. 

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივი განცხადებები, როგორც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სამართლებრივი ვალდებულება, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროცესის წინსვლის საქმეში,“ – ნათქვამია განცხადებაში. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების მე-14 რაუნდმა „შესაძლოა იმპულსი მისცეს ჟენევის პროცესის ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს.“ 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა, რომელიც ჟენევაში აშშ-ს მხარეს წარმოადგენდა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ცალმხრივი განცხადება ძალის არგამოყენების შესახებ მხარეებს საშუალებას მისცემს ფოკუსირება კონკრეტულ საკითხებზე მოახდინონ.  

სააგენტო ასოშიეთედ პრესს გორდონმა განუცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის შემდეგ არსებულ პრობლემებზე მოლაპარაკებებმა „პროგრესი განიცადა.“ მან რუსეთს ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობის ანალოგიური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა.

როგორც მოლაპარაკებების მე-14 რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის გაზიარებაზე. 

„ჩვენ ველოდით, რომ რუსეთის ფედერაცია გაიზიარებდა სამშვიდობო ინიციტივას და თავადაც აიღებდა ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ განცვიფრებულები ვართ იმ რეაქციით, რაც მათ ჰქონდათ - რუსეთმა არა თუ ვალდებულება არ აიღო ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, არამედ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ 12 აგვისტოს ხელშეკრულების არსებობა და ის ვალდებულებები, რომელიც მათ აქვთ აღებული ამ შეთანხმებით. ეს შემაშფოთებელია, მით უმეტეს იმის ფონზე, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებში მოსკოვის მხრიდან ბოლო პერიოდში აქვს ადგილი“, - განმარტა კაპანაძემ. 

სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივის გარდა, ჟენევაში ქართულმა მხარემ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრა, მათ შორის ცხინვალთან ახლოს უკანონო შეირაღების განთავსებაზე, ახალგორის მოსახლეობის აღირცხვიანობასა და მათთვის ქონების ჩამორთმევაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების ხელწყობასა და სხვა თემებზე.

რუსული მხარის რიტორიკა ჟენევიდან ჟენევამდე არ იცვლება:

„საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე არაკონსტრუქციული პოზიცია დაიკავა და ფაქტობრივად, იგნორირება მოხდინა აფხაზეთისა და სამხრე ოსეთის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებისა იმის შესახებ, რომ ისინი ძალის გამოყენებაზე უარს აცხადებენ“, – განცხადება ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ალექსეი საზონოვმა გააკეთა. 

მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის განცხადებებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე ახალი ატმოსფერო შექმნა და რეალურად ხელის შეუწყო სტაბილურობის გაძლიერებას რეგიონში. 

„წინ წაწევას კი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში ხელი შეუშალა საქართველოს წარმომადგენელთა მიერ დაკავებულმა არაკონსტრუქციულმა პოზიციამ, რომელმაც ფაქტობრივად მეზობლების განცხადების იგნორირება მოახდინეს. კვლავ ცხადი გახდა თბილისი არამზაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განვითარებისა“, – განაცხადა საზონოვმა. 

„საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდნენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ახალი ატმოსფერო შექმნეს“, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა. 

კარასინმა აღიარა, რომ „ამ ახალი ატმოსფეროს ბოლომდე გამოყენება ვერ მოხერხდა, თუმცა თავად პრეზიდენტების მიერ მართალია ცალმხრივად, მაგრამ მაინც გაკეთებულ განცხადებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ადასტურებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი კარგი მოედანია საკითხთა განსახილველად“. 

ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „სინანულით“ აღნიშნა, რომ დისკუსიებს კვლავინდებურად ართულებს თბილისის სურვილის არქონა წარმართოს მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. თბილისი, მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების გაფორმებას კვლავ რუსეთთან მოითხოვს. 

„ჩვენს ქართველ პარტნიორებს დაჟინებით არ სურთ დაადგნენ საქმიანი, თანასწორუფლებიანი და სერიოზული დიალოგის გზას სოხუმთან და ცხინვალთან და ამას მივყევართ იქამდე, რომ დისკუსია ხანდახან იშლება ემოციების გამო. ასე მოხდა ეხლაც“, – აცხადებს კარასინი. 

ასეთი პოზიცია კარასინის თქმით „კონტრპროდუქციულია“ ვინაიდან მოლაპარაკებებზე სოხუმმა და ცხინვალმა „კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზად არიან თბილისთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეთ“. 

ამ სიტუაციაში „ვალდებულებებზე“ საუბრისას ცხადია ყველას სარკოზი–მედვედევის ცნობილი დოკუმენტი გაახსენდება, რომლის მოთხოვნებიც დღემდე მოსკოვის მხრიდან იგნორირებულია. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების ზემოაღნიშნული განცხადებებიც იმის დასტურია, რომ მათ აღებული ვალდებულებების შესრულებას რეალურად არავინ სთხოვს. 

სწორედ ამის გამო ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთთან მიმართებაში საფრანგეთის პრეზიდენტის უმოქმედობით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ მან გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას განუცხადა.

„როგორც „ვიკილიქსის“-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ტელეგრამაშია ნათქვამი, ადამიანების ჯგუფი, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს და რომლებიც მაფიოზებივით იქცევიან, ქვეყანას მართავს. რუსეთის ქმედებებზე საუბრისას მე ქართული პრობლემის მნიშვნელობას აღვნიშნავდი. 

უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი სარკოზი არ არის მომთხოვნი იმ მიმართულებით, რომ რუსები მუდმივად არღვევენ მისი უშუალო შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას. რუსეთი სრულიად დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს საფრანგეთის პრეზიდენტს ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს“, - განაცხადა მაკკეინმა.
მისივე შეფასებით, რუსეთი „არამშვიდობიანი დერჟავაა“ და არასამართლებრივ სახელმწიფოდ რჩება.

ამ ფონზე ევროპარლამენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ამჯერად დოკუმენტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. 

ევროპარლამენტის წევრები 2008 წლის ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ფაქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. 

„ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ შეუსრულებია „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება. 

გარდა ამისა, ევროპარლამენტის ანგარიშში დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ქართული სოფლების „განზრახ განადგურება“ მოხდა.