აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და მას სამართლიანი და მნიშვნელოვანი უწოდა. ბაიდენისა და ჯორჯ ფლოიდის ოჯახის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა გამოაქვეყნა.
„მომხდარს ბოლომდე ვერაფერი გამოასწორებს, თუმცა ეს სამართლიანობის აღდგენაა. ის სამივე პუნქტზე ცნეს დამნაშავედ და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ პოლიციის რეფორმირებისთვის ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ბაიდენის თქმით, ის და კამალა ჰარისი სასამართლო პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი ქვეყანაში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. მოსამართლე სასჯელის ზომას 8 კვირის განმავლობაში დაასახელებს.