ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. მოსამართლე განაჩენს რვა კვირის განმავლობაში გამოიტანს.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო.
სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 2020 წლის 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს, ოქტომბერში კი მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.