სამადაშვილმა ნაციონალების რუსული გეგმა ჩაშალა

სამადაშვილმა ნაციონალების რუსული გეგმა ჩაშალა

„საქართველოს წინსვლის გზა“ – შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“, მათ შორის დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ. დოკუმენტს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ აქვს, ხელი მოაწერა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოლაპარაკების საკითხზე უთანხმოების გამო წავიდა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ევროპული საქართველოსთვის“ პარტიული სიით გასულმა დეპუტატებმა: დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმაც. პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი ჯერ კიდევ ღიაა სხვა პარტიებისა და პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის.

მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე წუთში სალომე სამადაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიიდან გაუშვა და უკვე ღიად დაუპირისპირდა. სამადაშვილი აცხადებდა, რომ პარტიის ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გათავისუფლების და მასთან საუბრის შემდეგ მიიღებდა, მაგრამ პარტიამ მას კარი დაუკეტა. აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ სამადაშვილმა ხელის მოწერაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, შესაბამისად, ამიერიდან ის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ აფიქსირებს.

„მის გადაწყვეტილებას შევაფასებდი ძალიან ნეგატიურად, ეს ჩემი და ჩვენი პოზიციაა, ამ შემთხვევაში, პარტიის. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად. მისი ხელმოწერაც არის იქ ინდივიდუალური, როგორც სალომე სამადაშვილის. რაღაც გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ იქ მითითებული იყო, გვერდზე ეწერა „ნაციონალური მოძრაობა“.

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ხელს აწერდა არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგადაც კი მოხვდა პარლამენტში. ის გუშინდელი დღის შემდეგ არ გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

სალომე სამადაშვილს საკუთარი პარტია და მისი მხარდამჭერები ღიად უპირისპირდებიან, გადაწყვეტილებას ღალატად აფასებენ, თუმცა ასე არ ფიქრობენ ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსები, რომელთა შეფასებით სამადაშვილმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ამბობს, რომ უხარია ამდენმა ადამიანმა მოიწონა მისი გადაწყვეტილება, ვინც არა – მომავალში მიხვდება მის სისწორეში.

„გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი, დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო. არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია – გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ – ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. პოლიტპატიმრების განთავისუფლება არის წინაპირობა იმისთვის, რომ ამ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება შევძლოთ. ორი პოლიტპატიმარია, საუბარია გიორგი რურუაზე. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს უახლოეს დღეებში.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას. გირაოს გადახდა არც იურიდიულად არსებობს და ეს არც ბატონი მელიას სურვილია. ხელისუფლება თუ არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, მაშინ, შეთანხმების თანახმად, ერთ კვირაში, შემდეგ ორშაბათს, პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს უკვე ამნისტიის კანონი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ასრულებს ყველაფერს, რაც იყო მოთხოვნილი. რაც შეეხება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ შეთანხმების ჩაშლა რუსეთის ინტერესებშია, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი აბსოლუტურად მართალია.

„აბსოლუტურად... შემიძლია მხოლოდ მივულოცო სალომეს ამ განცხადების გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, მან აღიარა, რომ საქართველოში ერთიანობა არის ის, რაც არ სურს რუსეთს. რაც უფრო დიდია განხეთქილება, რაც მეტი დაპირისპირება და ბრძოლაა, მით უკეთესია რუსეთისთვის. ასე რომ, ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია, დარჩით ერთიანები, იმუშავეთ ერთად, ეცადეთ, იყოთ ვაშინგტონსა და ბრიუსელში თქვენს პარტნიორებთან შეთანხმებულები. შესაბამისად, დიახ, სალომე აბსოლუტურად მართალია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარს კორექტულობისკენ მოუწოდებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, თავისი მძიმე შეცდომის გადაფარვას აქეთ ბრალდებებით აპირებენ, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ბრალდებებით.

„თავი შეიკავონ არაკორექტული თავდასხმებისგან და ბრალდებებისგან, რომელთაც ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ. ზოგჯერ გულწრფელად ცდებიან და ამის მიღმა არაფერი არაა. ოღონდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. არც ერთ შემთხვევაში ასეთი სერიოზული შეცდომა არ ამცირებს ზიანს, რომელიც, ჩემი აზრით, უკვე დადგა. პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას. მჯერა, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის, არა ყველას შემთხვევაში, გულწრფელი შეცდომა არის ეს. ამიტომ კორექტულობისკენ მოვუწოდებ ყველას. მაგრამ თუ ახლა ისინი თავისი ამ მძიმე შეცდომის რაიმენაირად გადაფარვას აქეთკენ ბრალდებებით აპირებენ, მათ შორის ასეთი ბრალდებებით, რომ რუსეთისკენ იშვერენ ჩვენზე თითს, ამას თავგასულობა და უტიფრობა ქვია. თუ ეს ასეა, მე არ მომისმენია არავის განცხადება“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე ვერაფრით ვერ მოხდება შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტიაა, რომ დოკუმენტის სულისკვეთება მათი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით რეალიზდება.

„მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან, ახლა, ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ სულისკვეთების რეალიზებაზე. ამის გარეშე შეთანხმებას აზრი ეკარგება. წარმოუდგენელი პასუხისმგებლობაა ყველას წინაშე თანაბრად, მაგრამ უპირველესად ხელისუფლების მისამართით. დღეს იმაზე შეუდარებლად ახლოს ვართ ამ სურვილების რეალიზაციასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური რეალობა.

გარანტია უმთავრესად ჩვენი პასუხისმგებლობა და დასავლეთის თანამონაწილეობაა. ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს, ამ პასუხისმგებლობას გაექცეს. პოლიტიკური მძევლების საკითხი უნდა გადაწყდეს დაუყოვნებლივ. ამის მექანიზმი შეიძლება, იყოს სხვადასხვა. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტია ეხება არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს. შესაბამისად, პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება და ამნისტირებული იქნება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და ბრალი აქვს წაყენებული.

რაც შეეხება მელია–რურუას გათავისუფლების პროცედურებს, როგორც დეპუტატი აცხადებს, ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას შეეძლება, ნებისმიერ მომენტში გათავისუფლდეს. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია.

„მე ვნახე, სალომე სამადაშვილის პოზიციას როგორი იმწამიერი და მყისიერი ბულინგი მოჰყვა. მის მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მან ამოისუნთქა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. დავინახეთ ის, რაც დიდი ხანია ვიცოდით. კერძოდ, ის, თუ ვინ არიან რადიკალები და ვინ – არა, ვინ დგას ევროპისა და საქართველოს მხარეს, ვინ დგას გაყოფის, შუღლისა და რუსეთის მხარეს. ეს დავინახეთ გუშინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.