პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს არ გააუქმებს. ამის მიზეზად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას ასახელებს. თუმცა ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის შესაძლოა, მიმოსვლა გამარტივდეს.
შეხვედრის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილია და მიაჩნიათ, რომ მათ არაოფიციალურ კონტაქტებს მომავალი აქვს. მორიგი შეხვედრის გამართვა მაისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
თავის მხრივ, რუსული მხარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრას კონსტრუქციულს უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ განხილულა, მხარეებმა ისაუბრეს სატრანსპორტო მიმოსვლის რეგულირების საკითხებზე, განიხილეს თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში და ასევე შეთანხმდნენ აქტიური კონტაქტების დამყარებაზე, მეცნიერებასა და ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. შედგა შეთანხმება სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით.
კარასინმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ემოციური და პროვოკაციული განცხადებები ვერ შეუშლის ხელს ვერცერთ მხარეს პოზიტიური ნაბიჯების გადადგმაში.
„ეს ყველაფერი ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რისხვის კორიანტელის ფონზე, თუმცა ამის მიუხედავად, მას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ქართველი ექსპერტების ვიზიტი პროდუქტიულად დასრულებულიყო და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების საქმე წინ წასულიყო. ეს მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა კარასინმა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მთელი რიგი კონტაქტები საკმაოდ მაღალ დონეზე შედგა - მოსკოვში იმყოფებოდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო, გაიმართა რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის მოკლევადიანი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დავოსის ფორუმზე, სტრასბურგში, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩვენს პარლამენტარებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, აშკარაა, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ფონი შედარებით დამთბარია.
For.ge დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობებს და როდიდან უნდა დაიწყოს საუბარი ქართველებისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ. ამასთან, დეოკუპაციის გადასაწყვეტად რა როლი შეიძლება ითამაშოს კულუარულმა შეხვედრებმა?! - ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ დეოკუპაციის შესახებ სასაუბრო არხები მრავლად არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სახელისუფლებო დონეზე არის მხოლოდ კონტაქტის ორად-ორი ფორმატი, ეს არის ჟენევის პროცესი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურას წარმოადგენს და სადაც არა მხოლოდ რუსულ-ქართული, არამედ ევროკავშირის და სხვა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც ერთვებიან და ეს არის პირდაპირი კონტაქტის ფორმატი ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის სახით.
თუ რამდენად ნაყოფიერი და შედეგის მომტანი იქნება ეს კონტაქტი, ამაზე მსჯელობას ირაკლი მენაღარიშვილი ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, რადგან დიდი ხანი არ არის, რაც პროცესი დაიწყო. თუმცა პირველი შედეგი აშკარაა, კერძოდ, - სავაჭრო ურთიერთობის გააქტიურების შანსის გაჩენა. მართალია, გადაწყვეტილება ბოლომდე გაფორმებული არ არის, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივა ეს პროცესი.
„ბევრს ამ პროცესისგან არც უნდა ველოდოთ, რადგან მას არ აქვს ამოცანა, შეეხოს ქართულ-რუსული ურთიერთობის ძირითად პრობლემას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციის პერსპექტივებს, ამ საკითხებზე სასაუბროდ განსაზღვრული ჟენევის ფორმატია“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება დიპლომატიური არხების გარეთ პირდაპირი კონტაქტის სახით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, მენაღარიშვილი მას მხოლოდ დამხმარე საშუალებად განიხილავს, რომელმაც შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხსნას ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხები.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხი არათუ ამ ეტაპზე არ განიხილება, არამედ პირველსავე შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისაუბრებენ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ე.წ. წითელი ხაზების გარეთაა. ძირითადი პოლიტიკური პრობლემა კი ჩვენს ურთიერთობებში სწორედ ამ წითელი ხაზების გამოა წარმოშობილი. ამიტომ, ეს საკითხი დარჩება და განიხილება ჟენევის პროცესში.
„ამ შეხვედრას ურთიერთობის დარეგულირებას ვერ დავარქმევდი, რადგან ჩვენი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი პრობლემა დღის წესრიგის გარეთ რჩება. უბრალოდ, აქ საუბარია კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე, როგორცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, ჰუმანიტარული საკითხები, კულტურული ურთიერთობები, ანუ ის საკითხები, რომელთა შესახებაც შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაუჭრელობის პირობებშიც კი. ეს არის ორმხრივი კონტაქტი, სადაც სრულიად პრაგმატულ საკითხთა გადაწყვეტის მცდელობა მიმდინარეობს“, - აცხადებს ქართველი დიპლომატი.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ არ უნდა შევიქმნათ იმის ილუზია, თითქოს, ჩვენ უფრო გვჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს - საქართველო. სინამდვილეში, რუსეთს ძალიან ვჭირდებით და ეს გამოჩნდა კიდეც. ამდენად, რუსეთი, საბოლოო ჯამში, ალბათ, წამოვა ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენს ინტერესებშია. ქართულ მხარეს კი აქვს საშუალება, დაარწმუნოს რუსეთი, რომ ორმხრივი დაძაბულობა გაქრეს და რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც დაიწყოს სერიოზული საუბრები დეოკუპაციაზე.
„რუსეთისთვის იმდენად მტკივნეულია მის სამხრეთ საზღვრებთან მდებარე ჩრდილო კავკასია, რომ საქართველოში თუ არ ეყოლება ნორმალური პარტნიორი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იქნება მომავალში მისი განვითარება, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ აქედან ემუქრება. ოღონდ, ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის ალიანსის წევრი, არამედ უნდა ვიყოთ მისი პარტნიორი. ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა შეიძლება, ოღონდ, პარალელურად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და განმტკიცება უნდა მოხდეს, რათა ჩვენ ვიყოთ ღირსეული და სერიოზული პარტნიორი, რომელსაც ყველა ინატრებს რეგიონში“, - გვითხრა თორნიკე შარაშენიძემ და საქართველოს სახელმწიფოებრივი სიძლიერე კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს დაუკავშირა, რაც რუსეთს სათანამშროლოდ განაწყობს.
მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა რუსეთთან შეიძლება, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი და ჩრდილო კავკასიაში ისლამის რადიკალიზაცია არცერთს არ გვაწყობს.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთში სერიოზული განწყობაა საიმისოდ, რომ საქართველოსთან დიალოგი მოხერხდეს. მთავარია, ჩვენ არ ავჩქარდეთ და არ ავმჩატდეთ, რადგან ამ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებით რუსები ისევე არიან დაინტერესებულნი, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ჩვენ. ამიტომ, ჩვენი ინტერესები არცერთ ეტაპზე არ უნდა დავთმოთ.
გარდა ამისა, ექსპერტი გერმანიის მაგალითსაც იხსენებს. კერძოდ, ოდესღაც ჩვენი მსგავსი პრობლემა ჰქონდა გერმანიასაც, როცა აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლდებოდა, მაგრამ 70-იან წლებში გერმანიამ მაინც დაამყარა რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები, საიდანაც საბოლოოდ გერმანიამ უფრო იხეირა. მოგვიანებით, გერმანია გაერთიანდა კიდეც. ამდენად, ჩვენც უნდა შევეცადოთ, რუსეთთან დიალოგი ჩვენთვის სასარგებლოდ წარვმართოთ.