საქართველოში 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისის ეპოპეა დასრულებულია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამარჯევის გასაფორმებლად საქართველოში დაბრუნდა და მიღწეულ წარმატებაში უშალოდ დარწმუნდა. რა იქნება მიშელის წასვლის შემდეგ და მოხდება თუ არა დოკუმენტში არსებული რეფორმების განხორციელება? სავარაუდოდ, მიშელი საქართველოს ასე მარტივად არ დაემშვიდობება და მისი მხრიდან ყურადღება გაგრძელდება. თუმცა ფაქტი ერთია, მსგავსი ინტერესი საქართველოს მიმართ ევროკავშირის და ამერიკის მხრიდან ჯერ არ ყოფილა. უფრო მეტიც, არავის ახსოვს ევროპა და ამერიკა კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად ასე ტანდემში მოქმედებდეს. იდო თუ არა ქვეყნის ბედი სასწორზე და რა დაინახეს ჩვენმა პარტნიორებმა ისეთი, რომელიც ვერ დაინახეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ მათთვის ჩვენი ქვეყანა ახლა რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილია, რომლის ხელიდან გაშვებასაც არ აპირებენ. თუმცა, ჯერჯერობით, ამ შეთანხმების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას „ნაციოანლური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ ვერ მიხვდნენ. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მართალია, აზრი რადიკალურად შეცვალა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ქუჩაში მარტო რჩებოდა, მაგრამ სახის შესანარჩუნებლად ცდილობს, რომ მელია ციხიდან არა გირაოს მეშვეობით გამოვიდეს, როგორც ეს მიშელის დოკუმენტში წერია, არამედ მას პროკურატურამ ბრალი საერთოდ მოუხსნას, ხოლო ამის შემდეგ თანაპარტიელებს პარლამენტში შესვლსიკენ მოუწოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიშელი ნაციოანლებს ცალკე არ შეხვდა.
მე-10 მოწვევის პარლამენტში შარლ მიშელი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ფაქტობრივად, თავად შეუძღვა. დეპუტატების არაფორმალური შეკრება სიმბოლურად სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ყოფნისას ჩაინიშნა.
პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის ოფისში გამართული ხელმოწერისას ყველაზე მეტად გახარებული სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩანდა. მისი მედიაციის წარმატებით დასრულებას მიშელი ბრიუსელიდან კმაყოფილი ადევნებდა თვალს. თავის ემოციებს კი უკვე თბილისში გამოხატავდა.
„საქართველოს წინსვლის გზა“ - სწორედ ასე ჰქვია ბრიუსელის დოკუმენტს, რომელმაც რეალურად არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა შეცვალოს, დიდი პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ახალ გზას უხსნის.
ევროკავშირს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს მადლობაც არაერთხელ უთხრეს. მადლობა ისმოდა შარლ მიშელისგანაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ყველა იმ აქტორის როლზე ისაუბრა, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ან დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას შეუწყო ხელი.
შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი უკვე საკანონმდებლო ორგანოში იწყება.
ფასილიტატორი ელჩებისა და დისტანციურად ბრიუსელიდან ჩართული შარლ მიშელის წინაშე დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ორივე „გირჩმა“ და მანამდე პარლამენტში შესულმა „მოქალაქეების“ ლიდერმა. პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს დღეს დილიდან 10-მდე ხელმომწერი შეემატა. ის ჯერ კიდევ ღიაა სხვა პარტიებისა და პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის.
19 აპრილის შეთანხმებამდე საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამი პარტია - „ქართული ოცნება“, პარტია „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ პარტია „გირჩის“ წევრებიც.
როგორი კონფიგურაციაა პარლამენტში შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ?
- „ქართული ოცნება“ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 84 დეპუტატით, რადგან მათ რიგებს რამდენიმე დღის წინ 6 კანონმდებელი გამოაკლდა და უფრაქციო დეპუტატები გახდნენ.
- პარტია „მოქალაქეები“ წარმოდგენილია 2 დეპუტატით
- „ევროპელი სოციალისტები“ - 4 დეპუტატი
- „გირჩი“ - 3 დეპუტატი
- „გირჩი მეტი თავისუფლება“ - მხოლოდ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3 მანდატი
- „ლელო“ - 4 დეპუტატი
- „რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტში 2 ქალი დეპუტატი შეჰყავს
- პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა, ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში კიდევ 32 ადგილი აქვს
- შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ამჟამად უპარტიო დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა. ორივე მათგანმა სადეპუტატო მანდატები პარტია „ევროპული საქართველოს“ სიით მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა ამავე პარტიის სიით გასულმა შალვა შავგულიძემ
ხელმოწერის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უკვე დაკომპლექტებულია 8 პარტიით და 2 პარტიის წევრებით, რომლებმაც ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. საერთო ჯამში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში უკვე არის 114 დეპუტატი, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებს სჭირდება.
ამრიგად, 2020 წლის მოწვევის პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი იქნება.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისი მიუხედავად ოპოზიციის ნაწილის დოკუმენტზე ხელის მოწერისა, არ განმუხტულა. მან ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის და შარლ მიშელის მხრიდან მეთვალყურეობა გაგრძელდება. ზურაბიშვილის აზრით, პოლიტიკოსები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ხალხის დაკვეთა ქუჩა და აქციები არ იყო. ამიტომაც დოკუმენტზე ხელის მოწერა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ევროპის და ამერიკის ტანდემში მოქმედება ისტორიული ფაქტია, რადგანაც მსგავსი თავდადება მსოფლიოს არ ახსოვს. ეს კი ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული, რომ ევროპას საქართველოს დაკარგვა არ უნდა. ისინი ჩვენს ქვეყანაში რეგიონში ერთადერთ ნათელ წერტილად აღიქვამენ, ამიტომაც ეს გამარჯვება ევროპისთვის უპრეცედენტოა. მათ საქართველოს დემოკრატიასა და განვითარებაში იმხელა წვლილი და ამაგი აქვთ ჩადებული, რომ ხელს უფრო მაგრად ჩაგვჭიდებენ.
„რაც შეეხება ნაციონალების მოქმედებას, ისინი თავის ამპლუაში არიან და მათგან გასაკვირი არც არაფერია. მათი ტაქტიკა, ქმედება და პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რომელიც ამ ხელისუფლების დანგრევა-ჩამოშლით უნდა განხორციელდეს. სხვანაირად ენმ ხელისუფლებაში ვერ ბრუნდება, რადგან ხალხს წარსული არ ავიწყდება და უკან არ აბრუნებს. ამიტომ ამ პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელისუფლება უფრო ცუდი იყოს, ვიდრე თავად იყვნენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს სურათი დადონ. თუმცა ამას დღემდე ვერ ახერხებენ. ენმ-ის ყველა პოლიტიკურ მოქმედებაში ვხედავ, რომ ეს ხელისუფლება, როგორმე რამე ისეთ ლაფში ამოსვარონ, რომ სხვების თვალში მასზე უარესები გახდნენ. გარდა იმასა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, თავიანთი წარსულის გამართლებაზე „ჩალიჩობენ“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ნაციონალების მთავარი რევანშისტული ტიპური ძალა პარტიის შიგნით ვინმემ გადაწონოს. ამიტომაც პარლამენტშიც რომ შევიდნენ, ისინი თავის დღის წესრიგს მაინც გააგრძელებენ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ არ შევიდნენ და ამის მიზეზიც მოიფიქრონ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის, რასაც ახლა მივაღწიეთ, ამის მიღწევა 6 თვის წინ პარალმენტის ბოიკოტის და მელიას დაკავების გარეშეც შეგვეძლო. თუმცა ეს იყო პოლიტიკოსების მხრიდან დაშვებული შეცდომები, რამაც ქვეყნის დაზიანების მეტი არაფერი მოიტანა. მისი აზრით, მოსახლეობას პარლამენტის ბოიკოტირება თვალში არ მოსდიოდა და პოლიტიკოსებმა ეს კიდევ დროზე იგრძნეს. ამიტომაც პოლიტიკური მოღვაწეობა ასე თუ გააგრძელეს, შორს მაინც ვერ წავლენ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც for.ge-სთან ადასტურებს, რომ კრიზისი ამ ეტაპზე გადალახული არ არის. მისი აზრით, ამას ქვია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ეს ნამდვილად კარგი შედეგია. თუმცა კრიზისის ტრანსფორმირდება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ქუჩის ნაცვლად დაპირისპირება საპარლამენტო ცივილიზებულ ფორმატში გადადის. ხუხაშვილი ამბობს, რომ ბრძოლაში სახელმწიფომ გაიმარჯვა და ორივე მხრიდან პოლიტიკური ელიტა დამარცხდა. ესაა შუაშისტების გამარჯვება, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ქუჩის პოლიტიკაზე დაკვეთა არ ყოფილა.
„ეს არის ჩიხიდან გამოსვლა და შარლ მიშელმა ამისთვის ლომის წილი ჩადო. მიშელი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ეს კრიზისმენეჯმენტი გაიფორმოს. ის არის პოლიტიკოსი, რომლის აქტივშიც საქართველოში მიღწეული წარმატება ჩაიწერება. წარმოუდგენელი იქნება თუ ის წავიდა და აქ კიდევ დაგნარი ატყდა. ისეთ შავ სიაში აღმოვჩნდებით, რომ ევროპას საერთოდ დაგვავიწყებენ. დოკუმენტის ნაწილის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და სიმართლე რომ გითხრათ, ოპოზიციას არც ვურჩევდი ამ კომიტეტებზე ვაჭრობას.
მარაზმია ახლა იმაზე დავა, ვის რამდენი მანქანა მოემსახურება და პარალმენტში რა პოზიციებს დაიკავებენ. ოპოზიციის ადგილზე საერთოდ არაფერს მივიღებდი. ნებისმიერი თანამდებობის დაკავება პასუხისმგებლობის განაწილებაა. ოპოზიციის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ამ პარლამენტს არ აღიარებენ და ახლა მეგობრების და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ისინი დე-ფაქტოდ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომ ამ სიტუაციაში მათ არც კომიტეტები უნდა ჩაიბარონ და არც იმ რეფორმებზე ხელის მოწერა არ უნდა მოახდინონ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი for.ge-სთან.