„ასეთები დავიბადეთ, ეს არის ტრადიციული ქართული ღირებულებები და ვეუბნებით, რომ შემოგვიერთდნენ თუ ასე უყურებენ სამყაროს“

„ასეთები დავიბადეთ, ეს არის ტრადიციული ქართული ღირებულებები და ვეუბნებით, რომ შემოგვიერთდნენ თუ ასე უყურებენ სამყაროს“

„კეთილი იყოს გირჩის ფეხი საქართველოს პარლამენტში“, - ამ სიტყვებით შედგა ფეხი „გირჩის“ სამმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში. ასე რომ, პარლამენტში მუშაობას იწყებენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი. როგორც თავიდანვე ითქვა, ისინი სრულყოფილად საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას არ აპირებენ. ამ ეტაპზე გირჩელები პარლამენტის დერეფნებში ისეირნებენ მანამ, სანამ რაც მმართველი პარტია, მათი 7 მოთხოვნიდან რომელიმე ერთს სრულად არ დააკმაყოფილებს.

გირჩის შვიდი პირობა:

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

აღნიშნული შვიდი მოთხოვნის გარდა, „გირჩს“ კიდევ ერთი საინტერესო იდეა აქვს, ოღონდ ეს მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში სრულყოფილად დაიწყებენ მუშაობას - ეს არის იარაღის ტარების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს. For.ge-ს კითხვაზე, რამ განაპირობა ამ იდეის დაბადება, იაგო ხვიჩია გვპასუხობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა სარგებლობდეს ერთნაირი უფლებებით.

იაგო ხვიჩია: მე მაქვს იარაღის ტარების უფლება, გუშინ არ მქონდა, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. პარლამენტის წევრად გახდომის გამო, რომ იარაღის ტარების უფლება მომეცა, ეს არის აბსურდი, თქვენც უნდა გქონდეთ ეს უფლება. არ მესმის, რა შუაშია აქ პარლამენტარობა. ჩვენ გვინდა, რომ რა უფლებაც ჩვენ გვაქვს, ის უფლება გქონდეთ თქვენც.

როგორც ვხედავთ, მარიხუანას ლეგალიზაცია ისევ დგას თქვენთვის დღის წესრიგში?

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის თავისუფლების მიღწევა, გვინდა, რომ რასაც ეწევიან, ადამიანები ამით არ იტანჯებოდნენ. თუ რამეს ჩვენი სწრაფი გამდიდრება შეუძლია ამ კრიზისის ფონზე, ეს არის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანაში დაეტყობა ადამიანების ჯიბეებს.

საპარლამენტო ექსკურსიის შემდეგ რის გაკეთებას აპირებთ?

- ჩვენ გავიცნობთ ადამიანებს და გავეცნობით სიტუაციას. ჩვენ აქ მოვიტანეთ გაზეთი, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუცია და აქვე მოცემულია განმარტებები. ჩვენ გვინდა, რომ გავაცნოთ ადამიანებს და მოვისმინოთ მათი აზრები რას ფიქრობენ, რა უნდათ, რომ იყოს „გირჩის სამეფოში“.

უფრო გასაგებად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ, გირჩის სამეფო რას ნიშნავს, სახელმწიფო სახელმწიფოში?

- როგორ გითხრათ, აქ იგულისხმება ახალი საზოგადოების, „გირჩის“ სამეფოს დაბადება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება საკუთარი ფულადი ერთეულით, დავის გადაწყვეტის ორგანოთი, თავისი წარმომადგენლობითი სისტემის მმართველობით და ჩვენ შევძლოთ გადარჩენა იმ გიჟურ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობს, სადაც ლოგიკას არაფერი ექვემდებარება, სადაც ცხრის მერე გამოკეტილები ვართ, სადაც შეიძლება დაგვიჭირონ, ასეთ საზოგადოებაში გვჭირდება ჩვენნაირი ადამიანების გაერთიანება. ეს კონსტიტუცია ამისი მცდელობაა. ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ასეთები ვართ, ასეთები დავიბადეთ, ეს არის ტრადიციული ქართული ღირებულებები და ვეუბნებით, რომ შემოგვიერთდნენ თუ ასე უყურებენ სამყაროს.

თქვენს მიერ წარმოდგენილ შვიდ პუნქტს რაც შეეხება, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არც ერთ პუნქტზე არ აპირებს დათანხმებას და დერეფანში სიარულს რამდენ ხანს აპირებთ?

- ჩვენ ჯერ არ გვიცნობენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, სხვა ხალხი ვგონივართ, ისინი სხვა ხალხს არიან მიჩვეულნი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წესიერად დაველაპარაკოთ ერთმანეთს.

 

გრიგორი ვაი იმ ქვეყანას, სადაც ასეთები პარლამენტში არიან !!!
3 წლის უკან
Maverick ბოლო სამი გამოაკელი და დაგეთანხმები, თანაც უპრობლემოდ!
3 წლის უკან