ბოლო 12 წლის განმავლობაში ექსპორტის ასეთი ზრდის ტემპი არასდროს დაფიქსირებულა. სულ მალე, როდესაც ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2013 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 665 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 196 მილიონი დოლარი იყო (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 468 მილიონი დოლარი (6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარში 272 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ასე მკვეთრად ბოლო წლებში არ შემცირებულა. იანვრის მონაცემებით, იმპორტი ექსპორტს მხოლოდ 2,3-ჯერ აღემატება, არადა უკანასკნელ წლებში იმპორტი ექსპორტს, საშუალოდ, 3,5-4-ჯერ აღემატებოდა.
ეკონომიკის ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, 2013 წლის იანვარში, ბოლო 12 წლის განმავლობაში, ექსპორტის ზრდის ტემპთან მიმართებაში, საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა.
როგორც მან აღნიშნა, იანვარში ექსპორტის ზრდის ტემპმა მკვეთრად გადააჭარბა იმპორტს.
„ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა.
წარმოებამ დაიწყო განვითრება. ფეროშენადნობის ექსპორტი - 20 მილიონით, აზოტის ექსპორტი კი 15 მილიონით გაიზარდა. ეს დადებითი ტენდენციაა. იანვარი არის გამორჩეულად დადებითი თვე, ბოლო 12 წლის განმავლობაში. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა“, - აცხადებს ჯგერენაია.
ექსპერტების განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ განვითარდება სტაბილურად თუ ექსპორტის მაჩვენებელმა 40%-ს არ გადააჭარბა. კონკურენტუნარიანობის მიხედვით, სპეციალისტები რამდენიმე დარგს გამოყოფენ - სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობას, ჰიდროენერგეტიკას, ტრანსპორტის ლოგისტიკას, ტურიზმსა და საფინანსო მომსახურებას.
ექსპორტის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც რუსეთში ქართული პროდუქცია შევა. ადგილობრივი ნაწარმისთვის ჩრდილოეთის კარის გახსნას სტატისტიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესება მოჰყვება. ეს, ძირითადად, ალკოჰოლური და მინარალური წყლების ხარჯზე მოხდება. რუსეთის სავაჭრო ქსელში ქართული ნაწარმის გამოჩენას მაისიდან ელიან.
ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ რუსეთის 150-მილიონიანი ბაზარი საქართველოსთვის არა გადამწყვეტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში, საექსპორტო კალათისთვის მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის გატანა რუსეთში. რაც შეეხება პროცედურას, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროცესია. ხარისხის კონტროლში სიახლე არაფერია“, - აღნიშნა მან.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ქართული ღვინის ხარისხი ადრე მართლაც საკმაოდ დაბალი იყო და ბოლომდე დამაკმაყოფილებელი დღესაც არაა, თუმცა ბოლო დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ადგილობრივი ღვინო ევროპული დონის იყოს.
ჯგერენაიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს ექსპორტის გეოგრაფია შეიცვალა.
„თუ აქამდე რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები ქაოსური იყო, დღეს ის გარკვეულ სქემას ექვემდებარება და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ჯგერენაიამ.