„რას ნიშნავს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ სასამართლო ხელისუფლის ჩართულობით?!“

„რას ნიშნავს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ სასამართლო ხელისუფლის ჩართულობით?!“

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, მათ აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ქვეყნის წინაშე. მომხრე ვარ ისეთი პრინციპის, სადაც კანონმდებელი თავის საქმეს აკეთებს, აღმასრულებლი და სასამართლო კი - თავისას“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე For.ge-სთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალი დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი უკვე მოაწერეს.

ოპოზიციასა და ფასილიტატორ ელჩებს შორის 18 აპრილს შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა, სადაც ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც არის შეტანილი. უშუალოდ ამ პუნქტზე რა აზრის ხართ, ბატონო ლადო?

- სასამართლო ხელისუფლის დამოუკიდებლობას ვსწავლობთ ახლა. ძალიან რთული პროცესია, მაგრამ როდესაც მიგვითითებენ, რომ მიიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება დამნაშავეების გამოსაშვებად, ეს ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, კითხვას იწვევდა. რას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ სასამართლო ხელისუფლის ჩართულობით?! - თვითონ მოგცვენ განმარტება, როგორ უნდა იყოს ფორმულირება ამ მდგომარეობიდან ისეთი, რომ არ დაიზანდეს ძირითადი პრინციპი სახელისუფლებო შტოების ერთმანეთში ჩაურევლობის თაობაზე.

როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ და დოკუმენტზე, რომელზედაც ორი დღის წინ ხელი მოვაწერეთ, ორი დღის შემდეგ შედის ცვლილებები, ეს, ალბათ, პოლიტიკური სურვილია, რომ როგორც მმართველმა ძალამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ასეც მოვიქეცით - თანხმობა განვაცხადეთ იმაზეც, რაც წინა დოკუმენტში არ იყო.

მელიასა და რურუას გათავისუფლების საკითხზე რას ფიქრობთ? თქვენ პირადად როგორ, რა მექანიზმით გესახებათ მათი გათავისუფლება?

- მე მოვისმინე ძალიან გამართული შეთავაზება და მიხარია, რომ მხარი დავუჭირე სალომეს პრეზიდენტობას. დღეს მე მოვისმინე ზეპარტიული პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ერთ-ერთ გზას გვთავაზობს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე მისი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა“.

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტისა და შინაარსის შესახებ თქვენც მხოლოდ 18 აპრილს შეიტყვეთ?

- პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ, ვეცნობი გამოქვეყნებულ მასალას, მეტი სხვა წვდომა მე არ მაქვს.

დოკუმენტის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს, რამდენად მისაღბია ეს დათქმა თქვენთვის?

- ვის ხმასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ეს მილიონზე მეტი ადამიანია და ასეთი მხარდაჭერის პირობებში არც ერთი არჩევნები საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადების პირობებში „ქართული ოცნება“ 50%-ს აიღებს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას ახალი პარტიის პირობებში „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება 43%-ის აღება...

- საღ კონკურენციას მივესალმები - აჰა, ბურთი და აჰა მოედანი... როგორ შემიძლია ვინმე ვაძაგო ან ვინმე გადაჭარბებულად ვაქო? - არავითარ შემთხვევაში. მე ყველა ოპონენტს ვაფასებ მისი ღირებულებიდან გამომდინარე და მინდა ღირსეულ ადამიანს მოვუგო. სხვა შემთხვევაში, ცუდს რომ მოუგებ, ამით არაფერი მოგემატება, კარგს უნდა მოუგო.

როგორია დღეს გიორგი გახარიას რეიტინგი?

- რეიტინგი პირობითი ცნებაა. სოციუმი არის მკაცრი, რაღაც ღირებულბების დაცვის კუთხით და მას შეუძლია ზედაპირი სიღრმისაგან გაარჩიოს. ზოგჯერ არის, რომ მოვლენები ძალიან კარგად ლაპლაპებენ... პოლიტიკური პროცესი დინამიურია, რომელიც გარკვეულწილად წიაღსვლებს მოითხოვს და ეს გამოჩნდება.