დიდი ხანია ვგრძნობ, რომ ჩვენს ქალაქში მრავალ დამნაშავეს ზურგს უმაგრებს რაღაც ჩემთვის უცნობი ხელი - ძალუმი მაორგანიზებელი ძალა, რომელიც ყალბი პირების საფარველის უკან კანონის საპირისპიროდ მოქმედებს. რამდენიმეჯერ, სრულიად სხვადასხვა შემთხვევაში - ეს, სიყალბის ჩადენა იყო, ძარცვა თუ მკვლელობა, - ვგრძნობდი ამ ძალის არსებობას და ლოგიკური დასკვნების გზით ვაგნებდი მის კვალს იმ გაუხსნელ დანაშაულობებშიც, რომელთა გასარკვევად არავის მივუწვევივარ. მრავალი წლის მანძილზე ვცდილობდი, რაც ამ ძალას ფარავს, და აი, დადგა დრო, როცა დახლართული ძაფის ბოლო ვიპოვნე, დავიწყე კვანძების გახსნა და ათასობით მზაკვრული მარყუჟის შემდეგ სახელგანთქმულ მათემატიკოსს, ყოფილ პროფესორ მორიარტის მივადექი.
(არტურ კონან დოილი, "ჰოლმსის უკანასკნელი საქმე")
გასული კვირის ნიუსებს რომ გადავხედე, ვადაგასულ და ყავლგასულ პრეზიდენტს მივადექი. თავიდან, ძალიანაც არ მინდოდა - აბა, რა სასიამოვნოა პესტიციდებიანი კომბოსტო და ნიტრატებიანი კარტოფილი? გსმენიათ, რომ ვინმე, რაც არ უნდა დამშეული იყოს, ჯილეხიან ბადრიჯანს რომ ნატრობდეს, ყვავის ბულიონზე ან განგრენიანი ფეხების ხაშზე რომ აღარაფერი ვთქვათ!
გადავხედე ნიუსებს, ვერც კოსმონავტი ვნახე, ვერც აკადემიკოსი და ვერც იშტოიანი, ყველგან ის იყო - ხმლით, ფარით, კისერზე წურბელებით, დაცვით, დაცვის გარეშე , სანდრათი და უსანდროდ, ილჰამით და უილჰამოდ... ყველგან ის იყო - მიშტოიანი, თავდამსხმელი, რადგან საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.
მოკლედ, წავედი, წამოვედი, მივდექი, მოვდექი და ყველგან მიშტოიან-სააკაშვილს მივადექი. რას იზამ - დაცემული აქლემია, მაგრამ ვირისას მაინც ზიდავს.
ათი წლის წინ სტადიონებს ავსებდა, 6 წლის წინ სპორტის სასახლე გაავსო, ოთხი წლის წინ გაავსო შარვალი, მაგრამ დამარცხების დღესასწაულზე რუსთაველის გამზირის ერთი მონაკვეთის გავსება მაინც შეძლო. სულ ოთხიოდე თვის წინ ისევ გაავსო სტადიონი, მაგრამ ვაი ასეთ გავსებას! გასულ კვირაში კი...
"პრეზიდენტის რეზიდენციასთან "პატრიოტების" ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ სურდათ პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, თუმცა აქციის მონაწილეების სიმცირის გამო ვერ შეძლეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატალია ებრალიძემ განაცხადა..."
ვინ პატრიოტები, რა პატრიოტები, რისი და ვისი პატრიოტები?... ოცდაათი ოცდაათად (ეგეც მებევრა), მაგრამ ჩემი ყურადღება ნიუსის ბოლო აბზაცმა მიიპყრო: "პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიცია საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული".
ნატალია ებრალიძისგან თუ იცავდნენ და... ახლაღა ვხვდები, რომ მაშინ გორში, ქალაქში, მტვერში გიულის ბავშვი რომ წაიქცა რუსების თვითმფრინავმა კი არა, სწორედ ზემოთხსენებულმა ნატალია ებრალიძემ გადაიფრინა, რომელსაც ჩიორა თაქთაქიშვილი მართავდა.
რა თქმა უნდა, სულელური აზრია, მაგრამ მთელი გასული კვირა სისულელეებს ვისმენდით და სისულელეებს ვუყურებდით. ა, ბატონო: "ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გინდოდეს შენი ქვეყნის აშენება და პირადი ჯიბის გასქელება შეიძლება არ იყოს შენი მოტივაცია. რა მილიონებსა და მილიარდებზე გველაპარაკებიან? გველაპარაკება ის ხალხი, ვინც მართლა აკეთებდა ამას 90-იან წლებში და, ვინც დაბრუნდა ახლა თანამდებობებზე. ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ თუ არ ვაკეთებდით მილიონებს, ესე იგი სულელები და ბრიყვები ვიყავით".
ვფიქრობ, თავადაც მიხვდებოდით, ვინც ასეთ თავხედურ სისულელეს იტყოდა. სისულელე - სისულელედ, მაგრამ თავხედობა და - ეგეთი?!
"მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთის იმპერიული ზრახვების და ისეთი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, როგორიც კობა ხაბაზი და მისი გუნდის წევრებია, რომელთაც ქვეყანა მეწველი ძროხა ჰგონიათ. კობა ხაბაზმა ერთხელ მაინც თუ დაუსვა შეკითხვა თავის თავს – რისთვის იღებს ხელფასს თბილისის ბიუჯეტიდან?" - გასულ კვირაში მას შემდეგ განაცხადა ჯაბა სამუშიამ, რაც მის მანამდელ განცხადებას კობა ხაბაზი განცხადებით გამოეხმაურა. მანამდელი განცხადება იყო ის, რომ "სინათლის ქალაქის" ჩემი აზრით ყველაზე ბნელ თანამშრომელს, კობა ხაბაზს, ხელფასი ორჯერ გაეზარდა და 5000 ლარი გაუხდა.
"მიბრძანდი, წაეთრიე შენს რუსეთში. მის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, რაც არ უნდა თქვას. მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით გიპასუხებთ, რომ ჩემი ხელფასი არ გაზრდილა", - უპასუხა კობა ხაბაზმა და არ შემიძლია, რომ არ გავიხსენო ერთი ისტორია: 2002 თუ 2003 წელს ერთ-ერთმა გაზეთმა ვრცელი სტატია მიუძღვნა გია ჯოხთაბერიძეს და სტატიაში, სხვათა შორის, აღნიშნული იყო, რომ ჯოხთაბერიძის აგარაკს საგურამოში რვამეტრიანი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. გაზეთის გამოსვლის მეორე დღეს ჯოხთბერიძე რედაქციაში მივიდა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა - გალავნის სიმაღლე არა რვა მეტრია, როგორც თქვენ წერთ, არამედ ოთხი მეტრი და სამოცი სანტიმეტრიო.
ჯოხთბერიძეს არაფერს ვერჩი, იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან მეგონა, აი ხაბაზის ამბავში კი სულ სხვა ვითარება მივიღე - იმაზე ბევრად დიდი იდიოტი ყოფილა, ვიდრე ვიფიქრებდი.
"ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ თუ არ ვაკეთებდით მილიონებს, ესე იგი სულელები და ბრიყვები ვიყავით" - ისევ შეგახსენებთ მიშტოიანის სიტყვებს და დავძენ, რომ მართალია ხაბაზი იდიოტია, მაგრამ თვეში 2500 ლარს მაინც იღებს.
ისე, იმ ქვეყანაში, სადაც კობა ბექაურს ბიზნესმენი ქვია, ხოლო "მედია-ბაზარზე რვა წლის წინ შემოსული" შორენა შავერდაშვილი მეცხრე არხის ერთ ლარად ყიდვაზე ოცნებობს, არაფერი უნდა გაგიკვირდეს. ბესო ჯუღელმა - უმწეო ვარ და ხუთი ათასი ლარით დამეხმარეთო. გასულ კვირაში კი გაირკვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში "ლენდ კრუიზერებისა" და "ლექსუსების" მეპატრონეები შემწეობას ღებულობდნენ.
შექსპირის იმ ცნობილი სონეტისა არ იყოს...
პრეზიდენტი რომ გქვია და ოცდაათ კაცზე მეტს რომ ვერ შეაგროვებ, წადი რა, შეჩემა, ბრეჟნევივით სოციალისტური შრომის ოთხგზის გმირობას მაინც არავინ მოგანიჭებს! ხათუნა ბერძენიშვილი გამახსენდა და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მიხეილ სააკაშვილზე, კობა ხაბაზზე, კობა ბექაურზე, ბესო ჯუღელზე და შორენა შავერდაშვილზე ხათუნა ბერძენიშვილი გამახსენდებოდა და არა, ვთქვათ, ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც ჩიორა თაქთქიშვილისგან განსხვავებით, სწორედ ჩიორასავით არის გატრუნული.
გაგახსენებენ თავს და მერე მუდამ სწუხან ამაზე. მაგალითად, საერთოდ აღარ მახსოვდა მაგდა ანიკაშვილი - ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ უკვე... პენსიონერი. გასულ კვირაში თავი შეგვახსენა: "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება. "მივესალმებით შს მინისტრის ინიციატივას მრავალშვილიანი და ახლად შექმნილი ოჯახების ფულადი პრემიებით წახალისების შესახებ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მსგავსი პოლიტიკა ყველა საჯარო მოსამსახურეზე უნდა გავრცელდეს. მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა მმართველი კოალიციის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და საზოგადოება ამ დაპირების შესრულებას ელოდება".
რაღა მაგდა და რაღა ჩიორა, სიტყვებიც იგივეა, პათოსიც და დატვირთვაც, ანუ მაგდა ანიკაშვილმა მხოლოდ საკუთარი თავი კი არ შეგვახსენა, არამედ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ სააკაშვილის პირველი ვიოლინო სწორედ გიორგი თარგამაძის როიალშია და არა, დავუშვათ, შალვა ნათელაშვილის ბალალაიკაში. შეგვახსენა-მეთქი, მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ შეახსენა მას, ვისაც არ ახსოვდა, თორემ პირადად მე ისიც მახსოვდა და ესეც, რაც გასულ კვირაში კიდევ ერთხელ ითქვა - "მთავრობის განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად მილიონ ლარს ურიცხავდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს, აგრეთვე, მაგდა ანიკაშვილსა და დავით ბაქრაძის მეუღლეს, მაკა მეტრეველს, კერძოდ "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების" ფონდს, სადაც ეს პირები მუშაობდნენ".
პირებიო... რატომ პირები? რამდენადაც ვიცი, ქათმებს ფრთებით ითვლიან, "ჭრიჭინაშიც" ხომ მასეა - ამდენი და ამდენი ფრთა ქათამიო, მაგრამ მართალია ის ჩიორაა, თუმცა ფრთებამდე ბევრი უკლია და თუ მაინცდამაინც ფრთებით არ დავთვლით, დავითვალოთ ნისკარტებით - "აღნიშნულმა ნისკარტებმა ოთხი წლის განმავლობაში სულ ოთხი მილიონი ლარი მიიღეს".
რაც შეეხება მიღებას. მიიღეს თუ არა იურიდიული განათლება მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და მაია გიგაურმა? დავა ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი გასული კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და არ ვიცი, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები და შეუსაბამო სამგანოები (ამ უკანასკნელთა განცხადებით - მიიღეს), მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავინ დავობს იმის თაობაზე, აქვს თუ არა იურიდიული განათლება მას, ვისი ცხრაწლიანი მმართველობაც ნულოვანი ტოლერანტობით აღინიშნა. ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ მთავარი დიპლომი კი არ არის, მთავარი გაგებაა.
რა საჭიროა უნივერსიტეტის არქივებში ქექვა, როდესაც არსებობს სასამართლოს არქივი, რომლის შესწავლის შედეგად, დარწმუნებული ვარ, ერთადერთ დასკვნას გამოვიტანთ - ალავიძეს, გიგაურს, კუბლაშვილს, არევაძეს და სხვებს და სხვებს, იურიდიული განათლება იქით იყოს და, წესიერი აღზრდაც კი არ აქვთ მიღებული და თუ მაინცდამაინც გააპროტესტებენ, აღზრდა მიღებული გვაქვსო, მაშინ...
ნამდვილი ამბავია: ერთმა რაჭველმა რაჭველმა მეორეს, თბილისელ რაჭველს მოუყვა, როგორ ზრდიდა ღორს - დილა-საღამოს ბანდა, საკვებს გამოზომილ დროს აძლევდა, საღორეს უწკრიალებდა, ძილის წინ კი "თეატრალურ კვარტეტს" და სოფო ნიჟარაძეს ასმენინებდა. თბილისელმა უთხრა - შენ, ძმაო, ღორი კი არ გაგიზრდია, აღგიზრდიაო.
რას არ გაიგებ... მაგალითად, "რა თქმა უნდა, მე დიდ სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს. მწუხარებას გამოვთქვამ აგრეთვე ლეონიდ რაზვოჟაევის მდგომარეობის გამო. გული ძალიან დამწყდება, თუ ისეთ პოლიტიკოსს, როგორიც უდალცოვია, ციხეში ჩასვამენ. მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას მომხდარზე, რადგან სინამდვილეში მე არ მქონია არანაირი კავშირი არ მოვლენებთან", - განაცხადა გივი თარგამაძემ გასულ კვირაში და თითქოს, რა უნდა იყოს ამ სიტყვებში უცნაური? უცხადებს სოლიდარობას, გული წყდება.
საქმე იმაშია, რომ გივის ვიცნობ. ეს არის კაცი, რომელსაც, ბოდიში გამოთქმაზე და, ყველა და ყველაფერი კიდია - კიდია ყველა უდალცოვი, კიდია ყველა რაზვოჟაევი, კიდია ყველა ნავალნი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა თარგამაძეც კიდია, საკუთარი თავის ჩათვლით და გიორგი თარგამაძის თამადობით. კიდია სააკაშვილი და, რატომღაც, სერგო რატიანი და გოგა ხაჩიძე რომ არ დაიკიდოს! ხოლო იმ ციტატაში, ზემოთ რომ გაახლეთ, გივი თარგამაძის მხრიდან გულწრფელობის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა - პასუხისმგებლობას არ ვგრძნობო. გივი არასოდეს გრძნობს პასუხისმგებლობას. ეგეთია და შეეკითხეთ, ვინ იყო არმაგედონის ზანგი!
ისიც - 25 თებერვალს "სანთლების აქცია" რომ მოაწყეს... "მიგვაჩნია, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქეს შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, მკაფიოდ გავაჟღეროთ ოკუპანტის სახელი და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ", - უთქვამს თეონა ლავრელაშვილს. გასულ კვირამდე არ ვიცოდი, ვინ არის თეონა ლავრელაშვილი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ თეონა ლავრელაშვილი არის ის, ვისაც უნდა რომ ირაკლი წერეთელს, ირაკლი ბათიაშვილს, მამუკა გიორგაძეს, ზაზა კუტალიას, დათო ზარდიაშვილს, ზურა მარშანიას, ზაზა დავლაძეს, ამირან ადამიას... შეახსენოს "ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორია", მკაფიოდ გააჟღეროს ოკუპანტის სახელი და საჯაროდ განაცხადოს თავისი "მოქალაქეობრივი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ".
მე რას მახსენებ, დალოცვილო, თემურ ალასანიას შეახსენე.
რატომ არ მიყვარს ენჯეოშნიკები? იმიტომ, რომ უფულოდ გამარჯობას არ გეტყვიან. უკვე ორი თაობა აღიზარდა მათ მაგალითზე და იდუმალებით მოცულ თეონა ლავრელაშვილს რომ ვუსმენ, ასე მგონია, რომ "ოკუპანტის სახელის მკაფიოდ გაჟღერებაში", გასამრჯელო თუ არა, კობა ხაბაზის მხარდამხარ "სინათლის ქალაქში" დასაქმების დაპირება მაინც ექნებათ მიღებული. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ არა მგონია.
მაგათმა გამოზრდილმა მოსამართლეებმა გასულ კვირაში თბილისში მყოფი გიგი უგულავა სასამართლოდან პირზე კოცნით გაისტუმრეს, მაგრამ, სამაგიეროდ "დაიჭირეს და დააპატიმრეს" მიმალვაში მყოფი დავით კეზერაშვილი.
საინტერესო ამბავი: "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრებმა მალხაზ ქოქოლაძემ ძაღლების მიერ დაკბენილი 4-5 წლის ირემი აღმოაჩინა, რის შემდეგაც გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდა. ქოქოლაძემ ირემი მდინარე მაჭახელადან ამოიყვანა. ირემს დაზიანებული აქვს კისერი და ზურგი, ასევე, მარცხენა ფეხის არე. როგორც გარემოს დაცვის აჭარის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა არჩილ კუპრეიშვილმა აღნიშნა, ირემს 5 დღის განმავლობაში მკურნალობის კურსი ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების შემთხვევაში ველურ გარემოს დაუბრუნდება".
მალხაზ ქოქოლაძე ერთხელ, სათოფეზე მაინც რომ გაკარებოდა რომელიმე გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას, დარწმუნებული ვარ ასეთ ნიუსს მივიღებდით: "სამართალდამცველებმა დააკავეს ხელვაჩაურის მცხოვრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "დაუბრუნე ირმები ტყეებს" თავმჯდომარე, მალხაზ ქოქოლაძე, რომელმაც ძაღლების მიერ დაკბენილ ირემს დახმარება არ აღმოუჩინა. "გრანტი არ მქონდა და რატომ უნდა დავხმარებოდი?" - გაიკვირვა ქოქოლაძემ. კითხვაზე, თუ რატომ გამოჭრა ირემს ყელი და რატომ მიჰქონდა სახლში, ქოქოლაძემ გაკვირვება გამოხატა: "თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემ ადგილას?"
ჰო... ძნელია სხვის ადგილას ყოფნა, შეუძლებელი. სამაგიეროდ, არსებობს ჩემი მეგობარი სააგენტო, რომელიც საშუალებას მაძლევს გაახლოთ და წაგაკითხოთ ყველა სისულელე, რომელიც იმ დაცემულმა აქლემმა თქვა, ამჟამად ვირისას რომ ზიდავს.
"არ მინდა დაცვა, გადავადგილდები ჩვეულებრივი მანქანით და მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო დაცვის კორტეჟებზე. მოიყვანეს უფრო მეტი მანქანა, ვიდრე ცხოვრებაში მინახავს არა მხოლოდ ჩემს ესკორტში, არამედ სხვა ქვეყნებში. კატეგორიულად ვაცხადებ და მინდა ვუთხრა პრემიერს, რომელსაც აქედან რაღაცის მოწყობა უნდა - ეს არის ხალხის რესურსების ტყუილი ყრა გაურკვეველი პოლიტიკური ცირკებისთვის. რა არის ეს 30 მანქანა, რომელიც აქ არის?! რატომ უნდა დამყვებოდნენ, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.?! ძალიან მარტივია, ეს მანქანები წაიყვანონ "გარაჟში". მათი ბენზინის ფული გადაუნაწილონ იმ გაჭირვებულებს, ვისაც ჰპირდებოდნენ ორჯერ შემცირებულ ბენზინის ფასს, გაზის ფასს და ყველაფერში მოატყუეს. მე ვივლი ეკონომიური ელექტრომობილით, რომელიც ძალიან ცოტას წვავს და არის ადმინისტრაციის ბალანსზე".
ეს იყო მიშტოიან-სააკაშვილის განცხადება, რომელიც ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. ნიუსი კი ასე სრულდებოდა: "მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში ელექტრომობილის საჭესთან თავად დაჯდა და რეზიდენციისკენ გაემართა, დაცვის ესკორტი კი პრეზიდენტის მგზავრობისას მიმდებარე პერიმეტრს აკონტროლებდა".
როგორც ზემოთ ავნიშნე, წავედი, წამოვედი და ყველგან, ყველა ნიუსში სააკაშვილი დამხვდა. სადაც არ დამხვდა - იგულისხმებოდა. იქაც, ირმის გადარჩენის ამბავში, სააკაშვილი იგულისხმებოდა, ოღონდ არა თავად გადარჩენის ამბავში, არამედ იმ ამბავში, ძაღლებმა რომ დაკბინეს და ირემს გადარჩენა რომ დაჭირდა.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაჭირდა და "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მზადაა, აქეთ, კაკო ბობოხიძემ, არ მაწყენსო და - საბოტაჟით მესამე ძალაა დაინტერესებულიო.
"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობას "კონკრეტულ უბედურ შემთხვევად" მიიჩნევს, - ამის შესახებ მან გუშინ , ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა" - რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ამ ნიუსის შემდეგ? ალბათ ეს - მიხეილ სააკაშვილის დაბადებას ქართველი ხალხი კონკრეტულ უბედურ შემთხვევად მიიჩნევს
"მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ. არ მკითხოთ, საიდან ვიცი. პატრიარქმა უთხრა პუტინს, იქნებ ვიზები მაინც მოხსნათო პირველ ეტაპზე, როგორც პირველი ჟესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის. პუტინმა კი უპასუხა..." - ეს უკვე პრესკონფერენციაზე თქვა, მაგრამ რატომღაც არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, მართლაც საიდან იცოდა სააკაშვილმა ასეთი დეტალები. რა, მისი სიტყვა კანონია? თუ კანონია და, მაშინ მეც ტაქსისტი ვყოფილვარ, თქვენც და სრულიად საქართველოც. "არჩევნები "ტაქსისტებმა" წაგვაგებინეს ნაწილობრივ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა".
ეეე... ხელი მოისვი, ბიჭო, მგონი მართლა ვირისას ზიდავ!
გ.ა. (გიგი აგენტია) აგენტი შეიძლება დაიჭირონ. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის გამოინახება ფული, რომ თავდებით გააშვებინონ ან დამცველი აუყვანონ. მაგრამ მთავარი ხელმძღვანელი, ის, ვინც საქმეზე გააგზავნა აგენტი, არასოდეს ჩავარდება.
(არტურ კონან დოილი, "ჰოლმსის უკანასკნელი საქმე")