„ნიკა მელიას არც არავინ სთავაზობს სადმე შესვლას, ამინისტიის შესახებ კანონს მიიღებენ და გაათავისუფლებენ, ხოლო თუ ციხეში დარჩება, მაშინ საკანი იქირაოს“

„ნიკა მელიას არც არავინ სთავაზობს სადმე შესვლას, ამინისტიის შესახებ კანონს მიიღებენ და გაათავისუფლებენ, ხოლო თუ ციხეში დარჩება, მაშინ საკანი იქირაოს“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ასევე, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

მიშელის დოკუმენტს ოპოციის ნაწილმა ხელი მოაწერა, მათ შორის არიან „ლელო“, „გირჩი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი ტავისუფლებისთვის“. ისინი მზად არიან პარლამენტის მანდატები დაიბრუნონ და საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლონ.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას შეიწყალებს, თუმცა, გარკვეული პირობებით.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორ აფასებს შალმ მიშელის ახალ დოკუმენტს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკურ ველზე, რას მოიმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, for.ge-ს ამ კითხვებს ექსპერტი პასუხობს.

როგორ შეაფასებდით შალ მიშელის ახალ დოკუმენტს, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციამაც მოიწონა და რა იყო ამ დოკუმენტიდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- უპირვლეს ყოვილისა, მინდა ვთქვა, რომ როგორც იქნა ევროპამ გაიგო თუ როგორ შეიძლება ჩვენთან ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში რაღაცებს მიხვდა და დოკუმენტი მარტო პოლიტიკოსებისთვის კი არ შეადგინა, რომელსაც მაგიდის ქვეშ ამოიდებდნენ, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა. ჩვენი პოლიტიკური სპქეტრი ძირითადად გონივრულობას არ ექვემდებარება. ექვემდებარებიან უშულოდ ბრძანებას - ეს ერთი ნაწილი.

მეორე - პირველი დოკუმენტისგან განსხვავებით, რაღაც ცვლილებები არის, თუმცა ეს ცვლილებები დიდად არ განსხვავდება დანიელსონის დოკუმენტისგან. მით უმეტეს არ განსხვავდება იმ ხელმოწერისგან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. სხვაობა რომელსაც გამოვყოფ არის 3%-იანი განსხვავება, რომელიც ახალ დოკუმენტში დაიდო. თუმცა, „ოცნება“ დანიელსონის იმ დოკუმენტზეც თანახმა იყო, სადაც საუბარი 40%-ზე იყო და ახლა 43%-ზეც თანახმაა. ასე რომ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ კრიზისი, შეიძლება ითქვას, ამოწურულია. არა მგონია ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან „ქართული ოცნების“ მარცხი იყოს, ან ოპოზიციის გამარჯვება. ერთი თემაა, რომ ეს ხელშეკრულება პოლიტიკურ სტაბილურობას შექმნის. ამიტომ ვთვლი, რომ არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას, მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა ის ინფორმაცია რასაც სთავაზობდნენ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, სხვა გზა არ ჰქონდათ, მათ შორის არც პრეზიდენტს.

თუმცა, უკრაინიდან ექს-პრეზიდენტი პროცენტებით ისევ ვაჭრობს და მისთვის 43% მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან არ შეწყვეტს ბუნტს და იქიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს საშუალებას, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერონ და შევიდნენ პარლამენტში?

- მთელი ამ კრიზისის განმავლობაში მეც და სხვა ექსპერტებიც ერთსა და იმავეს ვლაპარაკობდით. ამ კრიზისიდან კი არა, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობენ, რომ როგორმე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა დარჩეს. საბოლო ჯამში, ფაქტიურად ეს ამოცანა მათ შეასრულეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ფორმით პარლამენტში შესვლა მაინც და მაინც დიდად არ აწყობს. თუ იძულებული გახდა, რომ შევიდეს და ალბათ, გახდება კიდეც იძულებული, მერე სხვა პრობლემები ჩნდება. ასე რომ, ვნახავთ „ნაციონალური მოძრაობა“ პარალამენტში როგორი კონსტრუქციულიც იქნება - დაპირისპირება ქუჩიდან პარლამენტში გადავა. ამ შემთხვევაში სხვა არაფერი შეიცვლება.

სააკაშვილს უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ქუჩიდან მოვიდეს. ამასთანავე უნდა, რომ მესამე ალტერნატივა მოსპოს, რადგან თვლის, რომ თუ მესამე ალტერნატივა არ იქნება, „ოცნებიდან“ წამოსული ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მივა, რადგან სხვა არჩევანი არ ექნება. რამდენად ასე იქნება, ეს სხვა თემაა, მაგრამ სააკაშვილი ასე თვლის. ამიტომაც პროცენტებზე ვაჭრობს, სხვაზე რაზე უნდა ივაჭროს?! გამორიცხული არაა, თუ იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათანხმდება თუ 50% იქნებაო. ვფიქრობ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდა „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპული საქართველოს“ ნაწილისა, რადგან ვნახე შალვა შავგულიძისა და არმაზ ახვლედიანის განცხადებები, რომ ისინი ხელს აწერენ - თუ ყველანი პარლამენტში შევლენ, მარტივად, ნაციონალების მარგინალიზაცია დაიწყება. „ევროპული საქართველო“ რადარებიდან საერთოდ გაქრება. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაიწება ცუდი პროცესები, იგივე სააკაშვილისთვის.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშელის დოკომენტს მარტო სალომე სამადაშვილმა მოაწერა ხელი. ეს გამოიწვევს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდ რღვევას და გაიზიარებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ევროპული საქართველოს“ ბედს?

- ვისაც საღი აზრი გააჩნია და ამ პროცესს საღად უყურებს, ამას დაინახავს. ახლა, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია კი არა, ყოფილი ნაციონალები უპირისპირდებიან დანარჩენებს. ასეთ ვითარებაში დაკარგო დასავლეთის მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ დღეს თუ არა ხვალ, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრები. მე არ ვიცი „ევროპული საქართველო“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ ნაციონალები გარეთ დარჩებიან და ევროპელები პარლამენტში შევლენ, მიაღწევენ იმას, რომ ამომრჩეველს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვაშაძის მხარდაჭერის გამო დაკარგა, ნელ-ნელა უკან დაიბრუნებს. საღი აზრი თუ შერჩათ, ამ მიმართულებით ნაბიჯს გადადგამენ.

90-ანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე ქართულ პოლიტიკაში მუდმივად იყო გარე ფაქტორები, მეტ ნაკლებად ძლიერი - ჯერ რუსული და შემდგ შერეული.

ბატონო ვახტანგ, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა, რადგან ეს საკითხი მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო. თუმცა, ეს შეწყალება საზოგადოებაში ხომ არ გამოიწვევს პროტესტს, თუნდაც სხვა პატიმრებში, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ რურუას შეწყალება და დასავლეთის ჩარევა სამართლებრივ საკითხებში?

- რა თქმა უნდა, სხვა პატიმრებშიც დაიწყება შეწყალების მოთხოვნა, მაგრამ რეალობასთან არ იქნება ახლოს. თუ რურუას გათავისუფლებაზეა საქმე, პრეზიდენტის განცხადებით, რურუა საერთო პოლიტიკის ნაწილია და არა ცალკე აღებული ფიგურა. ამ პროცესიდან გამომდინარე, მისი შეწყალება ხდება. ეს არ არის საყოველთაო ამნისტია, ეს არის პერსონალური შეწყალება, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის დასავლური ორიენტირი გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს საქართველოში გეგმები ჩაეშალა?

- არ ვიცი, რუსეთს რა გეგმები ჰქონდა, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსული ფაქტორი ამით განეიტრალდა, ძალიან გამიჭირდება, გამომდინარე იქიდან, რაც პოლიტიკურ სივრცეში ხდება. ვიდრე რუსული ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ძირითადად გამოიყენება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეზე ვიძიოთ შური და პოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოვიყენოთ, იქამდე რუსული ფაქტორი ყოველთვის იარსებებს.

გიორგი რურუას კი იწყალებს პრეზიდენტი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ასევე სასჯელაღსრულებს დაწესებულებაში იმყოფება განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ის ამ გარიგებაში არ შევა...

- ნიკა მელიას არც არავინ სთავაზობს სადმე შესვლას. უბრალოდ, ამინისტიის შესახებ კანონს მიიღებენ და მას გაათავისუფლებენ. თუ ციხეში დარჩება, მაშინ საკანი იქირაოს.

ცნობილია, რომელი პარტიებიც შევლენ პარლამენტში. თქვენი აზრით, ახლა როგორ განვითარდება პარლამენტის შიგნით მოვლენები?

- არაფერი, ჩვეულებრივი საქმიანობა გაგრძელდება. ნაციონალები არ შედიან და ეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები კი არაა, არამედ პატარა პარტიების მიმართ არის გადადგმული. იმ მოლაპარაკების სპექტრში საუბარი იყო 2%-იან ბარიერზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 2%-ანი ბარიერი ნამდვილად არ აწყობს. ამიტომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გაჩნდა, ნაციონალებისთვის ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ არ შევიდეს, ან შევიდეს მოგვიანებით. მოკლედ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს არ აძლევს 2%-იანი ბარიერი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ წავა დათმობაზე და ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადააყენებს?

- შეთანხმების დოკუმენტში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსის გადახალისება უნდა მოხდეს. დოკუმენტი ძალაში თუ შევა, იძულებული გახდება, რომ წავიდეს.

ამ პოლიტიკური ციებ-ცხელების ფონზე, ცალკე ექს-პრემიერი გიორგი გახარია გააქტიურდა, მისგან რას ელოდებით, საით ან ვისკენ გადაიხრება?

- ჯერ ვნახეთ მარტო იმ 6 ადამიანის გააქტიურება, რომლებმაც „ოცნება“ დატოვეს. გახარია იმ ელექტორატზე მუშაობს, რომელ ელექტორატსაც არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა. თუ რეპუტაციაზეა საუბარი, გახარიასთვის 2%-იანი ბარიერი ნორმალურია და ამას მხარს დაუჭერს.

შეიძლება, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ველზე მესამე ძალად ჩაითვალოს?

- ამ ეტაპზე - არა. მომავალში რას იზამს, ვნახოთ. ჯერჯერობით მას დაახლოებით იგივე პროცენტი აქვს, რაც „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ - დღეს, რომ გახარიას უკვე პარტია ჰქონდეს, დაახლოებით ამ არეალში იტრიალებს - 1-დან 3-4%-მდე.