– ვიღაცას სცემდნენ.
– რატომ?
– რა ვიცი, ისე კი, იმიტომ უკრავენ ხოლმე, ყვირილის ხმა არ მოედოს ქალაქს.
– რატომ?
– ვითომ, კამორაში ცემა არ არსებობს. ასეთია წესი
– და ისე აბნეულად რატომ უკრავდნე
– არ იციან და იმიტომ. ისე კი, იძახიან, მომავლის მუსიკააო.
– ძალიან სცემენ?
– არა, არც ისე, მხოლოდ ცხვირ–პირში…
(გურამ დოჩანაშვილი, “სამოსელი პირველი”)
ბევრი არაფერი, მხოლოდ რამდენიმე საინტერსო ამბავი მოხდა, არც ისე საინტერესო, მაგრამ – ნიშანდობლივი და დამახასიათებელი. გამიჭირდებოდა კიდეც პრიორიტეტის მინიჭება – რით დამეწყო – მაგრამ, როცა მთავრობა გამოქვაბულში იკრიბება, ვფიქრობ, ეს არის მთავარიც და უმთავრესიც. კარგია, როდესაც ადამიანი საკუთარ თვს და საკუთარ ადგილს პოულობს, მაგრამ ცუდია, როდესაც რამდენიმე მილიონ წლის წინ დაბადებულ–გაზრდილ–გარდაცვლილი პირუტყვი ტოვებს ნაკვალევს, ქვეყნის მთვრობას და მთავრობის წევრებს კი სატრაბახო არაფერი აქვთ. თუმცა, ტრაბახობენ კია…
“ჩემს ბავშვობაში არსებობდა ფილმი “მილიონი წელი ჩვენს ერამდე”. იქ არის სიუჟეტი, როდესაც ბელადი ზის შუაში და გარშემო ტომის წევრები ჰყავს შემოკრებული. მთავრობის გუშინდელ სხდომას სრული სიუჟეტისთვის დინოზავრი აკლდა, რომელიც შევარდებოდა გამოქვაბულში, ყველას გადასანსლავდა და ერს დაასვენებდა” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
კარგია! ყოჩაღ, ცაგარ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებ – ესენი იქით გადასანსლავენ ნებისმიერ დინოზავრს და ბრონტოზავრს, რადგან, როგორც სკოლის სახელმძღვანელოდან მახსოვს, ყველაზე საშიში, მაინც, ტირანოზავრი იყო.
მთავრობის სხდომაზე ყველაზე საშიში იყო მიშა. მიშა ქვეყნისთვის არის საშიში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისთვის წარმოადგენს უდიდეს საშიშროებას, რადგან… “ამ უწყებაში ბარდაგი და განუკითხაობაა” – ეს სიტყვები, რა თქმა უნდა პრეზიდენტს ეკუთვნის. პრეზიდენტს უყვარს ისეთი სიტყვები როგორებიცაა “ბარდაგი” და “ფარჩაკი”. ბარდაგისა და ფარჩაკის გარდა, პრეზიდენტს ასევე უყვარს შალვა ფრიდონის–ძე ხიზანიშვილის “კაი ბიჭმა ჩემოდანი ასწია” და გოგა ხაჩიძის “როგორ მინდა მოგეფერო”.
“სააკაშვილმა, ზოგადად, სამინისტროს საქმიანობაში მინისტრ გოგა ხაჩიძის წვლილიც აღნიშნა და მას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა” – გვატყობინებდა “ინტერპრესნიუსი”, მაგრამ ერთია, როდესაც რამეს გეუბნებიან და მეორე – როდესაც რამეს ხვდები. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე კი მივხვდი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორი კვირის წინ არ იყო დექვატური ელექტრომობილში, გასულ კვირაში არ იყო ადექვატური გამოქვაბულში.
თუმცა, როგორც ამბობენ, საქართველოს ბიუჯეტი ძირითადად საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული თანხებით ივსება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგა ხაჩიძის ახლობელ – მეგობრებმა უკვე რამდენიმე მილიონი გადაიხადეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი პენსიონერები დიდწილად გარემოს დაცვის მინისტრის საკადრო პოლიტიკაზე არიან დამოკიდებულნი. საკმარისია გოგა ხაჩიძემ რამდენიმე პატიოსანი ადამიანი დანიშნოს, რომ რამდენიმე ათასი პატიოსანი ადამიანი პენსიის გარეშე დარჩება.
როგორც გამოქვაბულში გაირკვა, 300–კაციან სტრუქტურაში 110 კაცი დაპატიმრებულია; რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომელთა 1/3 დამნაშავეა. საუბარია სატყეო სააგენტოზე. “ერთადერთი სტრუქტურა, სადაც ქრონიკულად ვერ დამყარდა წესრიგი, არის ტყე” – მიშა გაბრაზებული ჩანდა და ჰქონდა კიდევაც გაბრაზების მიზეზი – მთვრობის ამ სხდომის ჩატარებას პრეზიდენტი ტყეში აპირებდა, მაგრამ კოვზი ნახერხში ჩაუვარდა.
გასულ კვირაში სამართალდამცველებმა სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე სააგენტოს გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. მაშინვე დამებადა კითხვა – “ყველა ხაჩიძეს დაიჭერენ, თუ ამ ერთით შემოიფარგლებიან?” მაშინვე ნაცნობ ძალოვანებ დავუკავშირდი და პასუხმაც არ დააყოვნა: “ყველას დაიჭერენ, გარდა ერთისა. ეს ერთი დააჭერინებს ყველას”.
როგორც ხედავთ, ერთი ხაჩიძე დანარჩენი ხაჩიძეებისაგან იცავს გარემოს და ბუნებრივ რესურსებს.
ერთი ბაღათურია დაიჭირეს, მეორე ბაღათურია მოუხელთებელია – მოუხელთებელი ჯო–ნდი. მეორე ბაღათურიამ გასულ კვირაში რამდენიმე გრანდიოზული პროექტი წამოიწყო – ქერჩისა და რომელიმე ქართული ზღვისპირა ქალაქის დაძმობილება და ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ბიუროების შექმნა.
პირველი ინიციატივა ბარათურიამ დეპუტატებს გააცნო: “ქერჩი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველებმა გაათავისუფლეს, თბილისთან ან საქართველოს რომელიმე ზღვისპირა ქალაქთან დაძმობილდეს”.
მეც მაქვს ინიციატივა და ამ ინიციატივით ვან ბაიბურთს მივმართავ – “ანისი, რომელიც დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა, დაუძმობილდეს ახალქალაქს, რომლის გათავისუფლების პატივიც გენერალ ერმოლოვს ეკუთვნის”.
რაც შეეხება ბაღათურიას მეორე ინიციატივას, იგი გაცილებით მასშტაბური და ყოვლისმომცველი – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიქმნება “ქართული დასის” ბიუროები, რაც ემიგრანტებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ “ქართულ დასთან”. ჯონდი ბაღათურიამ “ქართული დასის” საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელიც წარადგინა. აღნიშნულ სამსახურს თამარ ბაღათურია უხელმძღვანელებს.
ემიგრანტები აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ “ბაღათურიების დასთან”, მაგრამ 2011 წლის არჩევნები ახლოვდება და თნამშრომლობა უფრო ყოვლისმომცველი უნდა გახდეს. მთლ მსოფლიოში გაფანტული ქართველი ემიგრანტები ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისათვის, რომ ჯონდი ბაღათურია კვლავ მოხვდეს პარლამენტში. ამაში მათ “რომელიმე ქართული ზღვისპირა ქალაქის” მცხოვრებლები დაეხმარებიან.
მოკლედ, ჯონდი ილუზიებშია, გიორგი თარგამაძემ კი ოპოზიციას ილუზიებიდან გამოსვლისკენ მოუწოდა – მოგვბაძეთო, ჯერ სამი წლისაც არა ვართ და ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან თნამშრომლობას კი ვახერხებთო.
მართლაც, ოპოზიცია ილუზიების ტყვეობაში იმყოფება, ცაში დაფრინავს. “დენი 2 თეთრი, გაზი 1 თეთრი, წყალში ფული აქეთ გადაგვიხადეთ” – ეს არის ოპოზიციის ლოზუნგი, თარგამაძე და მისი ხალხი კი მიწაზე მყარად დგანან – “დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო”. სანამ ბაღათურია ემიგრანტების იმედზეა, თრგამაძეს უკვე ჰყავს შეკრებილი აქტიურ თნამოაზრეთა დიდი ჯგუფი – “ნაციონალური მოძრაობის გავასქელ კოორდინატორთა უბიწო კავშირი”.
უბიწოთა კავშირი იქით იყოს და, გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა ბადრი ბიწაძის გვარმა. როგორც ამბობენ, ბიწაძემ დააკვალიანა “ასავალ–დასავალის” ჯაბა ხუბუა და სენსაციაც გამოცხვა – ლევან გაჩეჩილაძემ ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკის დასაარსებლად მიხეილ სააკაშვილს 12 მილიონი თხოვაო. “პირდაპირ ეთერში გამოვიჭრი ყელს, გამოდის, რომ არ მიცხოვრია”, – აღშფოთდა “უცნობმა” და დაინტერესდა, რას იზამს ჯაბა ხუბუა, თუ დადასტურდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ყალბია - გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ჯაბა ხუბუამ “გაზეთი უნდა შეჭამოს”.
იმედი მაქვს, ამ საქმეში გაჩეჩილაძე უბიწო აღმოჩნდება. იმიტომ კი არა, რომ წიწიბურა მიყვარს, უბრალოდ პატარა წიწიბურა მეცოდება. ისე კი, მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის “ასავალ–დასავალის” წაკითხვის იძულებაც კი უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე ყელის გამოჭრა.
“მკითხა ბანკზე ვმუშაობდი თუ არა. ვუპასუხე, რომ ვმუშაობ და საქმეზე გადასვლა ვთხოვე. ილია ჭავჭავაძის საადგილმამული ბანკი არის ჩემი ჰობი, კალათბურთთან ერთად” – დეტალებს იხსენებდა გაჩეჩილაძე. ხოლო უძველესი ქართული საგალობლები არის ჩემი ჰობი, კობა ხაბაზის რეპთან ერთად.
ამ ამბავმა თუ ისე ჩაიარა, გამოდის, რომ არავის გვიცხოვრია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრემიები სახელფასო ფონდს ბევრად აღემატება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 20 წელი სულ ტყუილად ვიცხოვრეთ. თავად მინისტრი კი თვლის, რომ სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს. “ის, რაც დღეს ვნახე ძალიან შთამბეჭდავია. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სათესლე მასალამ გაამართლა, მაგრამ საბოლოო შეფასების გაკეთება ზაფხულში, მოსავლის მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი”, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა, როდესაც ამერიკული ჯაგერის ჯიშის ხორბლის სათესლე მასალაზე საუბრობდა.
ვნახოთ, ვნახოთ… რადგან სათესლე მასალა ჯაგერის ჯიშისაა, შეგვიძლია რაღაც იმედი ვიქონიოთ. ყოველ შემთხვევაში, სოროსის ჯიშის სათესლე მასალამ რომ არ გაამართლა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს.
არ ვიცოდი და გასულ კვირაშ მითხრეს, რომ ბ–ნი კვეზერელი საქართველოში დედალ–მამალი ძროხების შემოყვანას აპირებს. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის მინისტრი არ დაარღვევს გენდერულ ბალანსს და ქვეყანას დედალ–მამალი ხარებითაც გააბედნიერებს, შემდეგ უკვე ულაყი ფაშატების ჯერიც დადგება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ სატირალიც რომ არის? ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ამ შვიდი წლის წინ, როდესაც კვეზერელი სკოლას ამთავრებდა, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს სათავეში არ ედგა ლადო ვარძლაშვილი, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სკოლა დამთავრებული.
გასულ კვირაში ვარძელაშვილმა ახალი პროექტი წამოიწყო – მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები “რა? სად? როდის?” ტიპის თამაშით დაკავდებიან. ამ სამ კითხვაზე სამი სწორი პასუხი არსებობს – “მზესუმზირა, დიღმის მასივი, 23 წლამდე”. მას, ვინც სუპერფინალში გავა, დაუსვამენ მხოლოდ ერთ კითხვას – “ვინ?” სწორი პასუხია “ლადო ვარძელაშვილი”.
გურამ აბსანძე გამახსენდა – ჭადრაკის ფედერაციის ყოფილი შეფი. იმან სვლები მაინც იცოდა…ამას კიდევ სულ “შეტენვა–წაგლეჯვა” აკერია პირზე. თუ შეეტენები, გამოქვაბულის ბიჭები წაგლეჯვის უფლებას არ დაგამადლებენ.
გასულ კვირაში კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა – საქართველოსა და სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. საინტერესოა, რომ მთელი მსოფლიოს დიპლომატები შთანხმებულებივით წუწუნებენ, ვარძელაშვილთან საერთო ენის გამონახვა ურთულესი საქმეაო და აი პირველი მერცხალიც – არტურ პეტროსიანი ქებად დაიღვარა, უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთსო, ასე მგონია, წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავიო. პეტროსიანს არც ვარძელაშვილი ჩამორჩა – ასე მგონია, მე ვიყავი წინა ცხოვრებაში სომეხიო. არ ვიცი, ვინ ვინ იყო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – პეტროსიანმა და ვარძელაშვილმა თბილისსა და თბილისის შემოგარენში არსებული ყველა სპორტული ბაზა დაათვალიერეს, გარდა საკალათბურთო ბაზისა.
გრეჩიხამ რომ თქვა, კალათბურთი ჩემი ჰობიაო… ეტყობა, წინა ცხოვრებაში ზანგ… უკაცრავად, აფროამერიკელი იყო. ყოველ შემთხვევაში, სომეხი ნამდვილად არ იქნებოდა.
“ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრები მცხეთას დაათვალიერებენ, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებენ” – ვარძლაშვილის პრესსამსახური ასე კი იუწყებოდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სომხეთის დელეგაცია საქართველოში თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში, ანუ – სომხეთში.
ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში თავს უკვე ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. “გუშინ პატიის მთავარმა საბჭომ იმსჯელა და ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება გადაწყდა”, - აღნიშნეს პრესსამსახურში და განმარტეს, რომ ნინო ბურჯანაძე, გარდა იმისა, რომ მემორიალის გახსნას დაესწრება, მოსკოვში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
ჰო, მაგრამ ვისთვის და რისთვის იქნება ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი, სწორედ ეს არის საინტერესო. მოსკოვიდან მოწვევა ნოღაიდელმაც მიიღო. ჩვენ რომ აქ “ხისტ ზურაბას” ვეძახით, მოსკოვში თურმე “რბილი ზურაბა” შეარქვეს. დიდების მემორიალი კარგია, მაგრამ დიდების მემორიალის გახსნაზე პატარების წასვლა ცოტა არ იყოს გაუმართლებლად მიმაჩნია.
ცნობილ ქართველ ექსპერტს, მოაზროვნესა და საზოგადო მოღვაწეს, ნიკა ჩიტიძეს დემოკრატიის ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზე ყოფნა გაუმართლებლად მიაჩნია. “103-ე ადგილი არ უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 200-მდე სახელმწიფოა და მათგან 192 გაეროს წევრია. ასევე, თუ გავითვალისწინებთ “Freedom House”-ის შეფასებებს, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა”, - განაცხადა ჩიტიძემ.
ჰო–ჰო–ჰო… ჩიტიძეს არ უყურებთ?! გამიკვირდა, მეთქი, რაებსაა ეს კაცი რომ ამბობს, მეგონა “Freedom House”–ს ყველაფერს დაამხობდა. შვცდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორი კვირის წინ სამხედრო აკადემიის რექტორად ჩიტიძე რომ დაენიშნათ საქართველოში არსებული თავისუფლების ხარისხს ანდრო ბარნოვი დაიწუნებდა.
ერთი საინტერესო ამბავიც და, დაგემშვიდობებით:
ამერიკელო მეცნიერებო, დაინტერესდით ქართული საზოგადოებით, იგი ხომ ყველა ემოციას განიცდის, გარდა პროტესტისა; დაინტერესდით საქართველოს მთავრობით, იგი ხომ ყველა ემოციას განიცდის, გარდა სირცხვილისა;
მე ის მიკვირს, რა უნდოდა ამაყ დინოზავრს გამოქვაბულში (ეტყობა, რაღაცის შეეშინდა), თორემ მთავრობის ადგილი ნამდვილად გამოქვაბულშია. ინდიელი ჯო ხომ გახსოვთ? ბოლოს ღამურებს რომ ჭამდა…
ესენი უნდა ჩაკეტო გამოქვაბულში და დაუტოვო ერთი მამალი ძროხა და რამდენიმე ღერი პლასტმასის შეშა.
ა.ს. (ამაშია საქმე) – …რაშია, იცი, საქმე, დომენიკო? ამ ყვირილს განგებ გვასმენინებენ.
– როგორ… ეს როგორ…
– როგორ და, სინამდვილეში, დამნაშავეებს სადღაც მიწისქვეშ აწამებენ, მაგრამ ეს რომ მიიჩქმალოს, ვითომ ცემაც კი აკრძალულია და ვითომ მაინც ჩუმად სცემენ და ცემაც რომ ვითომ გასაიდუმლოებულია დაკვრის წყალობით, ვითომ მხოლოდ ცემაა კამორაში, იფ, იფ,, რა დალაგებულად ვლაპარაკობ? – ფუჰ, რამდენჯერ ვახსენე ეს ერთი სიტყვა… გაიგე რამე?
(გურამ დოჩანაშვილი, “სამოსელი პირველი”)