ემანუელ მაკრონი ევროპის საფეხბურთო სუპერ ლიგის შექმნას ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი ევროპის საფეხბურთო სუპერ ლიგის შექმნას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპის საფეხბურთო სუპერ ლიგის შექმნას ეწინააღმდეგება.

„პრეზიდენტი მიესალმება ფრანგული კლუბების პოზიციას, უარი თქვან ევროპულ საფეხბურთო სუპერ ლიგის პროექტში მონაწილეობაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სოლიდარობისა და სპორტული დამსახურების პრინციპს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მხარს დაუჭერს საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-სა და FIFA-ს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს შეჯიბრებების დასაცავად, იქნება ეს ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე.

ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საუკეთესო კლუბებმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადეს. მათ შორის არიან: 6 ინგლისური კლუბი: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.

UEFA-მ და ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ეროვნულმა ლიგებმა ეს გადაწყვეტილება დაგმეს. FIFA-ში კი განაცხადეს, რომ ახალ ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებენ.