რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვაშინგტონში, ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩემს ახალ კოლეგებთან აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე პირდაპირი საუბარი“, - აღნიშნა ჯონ სალივანმა.
ამასთან, რუსეთში ამერიკის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.
15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.
აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.
გარდა ამისა, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.
ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.
16 აპრილს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის ადმინისტრაციის რვა მაღალჩინოსანს სასანქციო სიაში შეიყვანს.