შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. თუმცა ევროკავშირსა და აშშ–ში ამბობენ, რომ შეთანხმება შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. შესაბამისად, საპატიმროს დატოვებენ გიორგი რურუა და ნიკა მელია.
შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიმუშავებს. მმართველმა გუნდმა მიშელის დოკუმენტს მხარი დაუჭირა და რურუას ნაწილში დარწმუნებით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. „ქართული ოცნების“ ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის და მმართველ გუნდს საჯაროდ შეახსენა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც პრეზიდენტის სახელს შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თანხმობის გარეშე უკავშირდება. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, გიორგი რურუა არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, თუმცა, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დააყენოს.
„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ.
არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.
ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეწყალება არის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია. რაც შეეხება რურუას საკითხს, აქ არანაირ პოლიტიკურ შეწყალებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ანგარიში გაუწია დასავლელ პარტნიორებს და აჩვენა, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაცია.
„ეს საკითხი ასახული იყო შეთანხმების პროექტში, დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უკავშირდება შეწყალების საკითხს, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მან იმოქმედა იმ ლოგიკის შესაბამისად, რომელიც შეთანხმების დოკუმენტში იყო ასახული. პრეზიდენტმა ანგარიში გაუწია დასავლელ პარტნიორებს და აჩვენა, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, პირველ რიგში კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მისი დანამატი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, ეს არის მიუღებელი და ყოველგვარ მორალურ სტანდარტს გადაცილებული.
„ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის ყოველგვარ მორალურ ზღვარს გადაცილებული, რომელსაც ჩვენ აქამდე შეჩვეულები ვართ. რას ნიშნავს ტყვეებით ვაჭრობა, რას ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობა, როგორ შეიძლება, რომ ადამიანის თავისუფლება სავაჭრო საგნად აქციო. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ის, რასაც ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ „ქართული ოცნება“ და მისი დანამატი სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ, რაც არის მიუღებელი და ყოველგვარ მორალურ სტანდარტს გადაცილებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რაზეც „ევროპული საქართველო“ ამ შეთანხმების კონტექსტშიც საუბრობს. ბოკერია მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური პატიმრებით პირდაპირი ვაჭრობა.
„ადამიანები ციხეში არიან და თუ არ მივიღე მე რაც მინდა პოლიტიკურად, ამ ადამიანებს ციხეში დავტოვებ – ესაა სწორედ პრობლემა, რისი გადაწყვეტაც არის ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ის ხალხი, ვისაც ძალაუფლება აქვს, ტერორისტების მსგავსად ეუბნება საზოგადოების ნაწილს, მის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოლაპარაკებისას, თავისუფლება პოლიტიკური ოპონენტის, რომელიც პოლიტიკური მოტივით ზის ციხეში, დამოკიდებულია იმაზე, მიიღებენ თუ არა იმ შედეგს, რაც მათ სურთ იმ მომენტისთვის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მიდგომა და სწორედ ეს უნდა დასრულდეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მეორედ უნდა მიიღოს არაპოპულარული და მძიმე გადაწყვეტილება, როგორიც არის გიორგი რურუას შეწყალება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არ გააკრიტიკებენ შეთანხმების იმ ნაწილს, რაც რურუას ეხება და თუკი პრეზიდენტი შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის დისკრეცია არის.
პრეზიდენტს, რომ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, გიორგი რურუას აქვს სერიული მკვლელის რეპუტაცია და ეს ფაქტია. მისი თქმით, პრაქტიკულად, ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს შეთანხმებით და თუ ამას ხელს უშლის რურუას საქმის გადაწყვეტა, ეს მნიშვნელოვანი არ არის.
„ოცნებამ“ თქვა, რომ ერთადერთი მექანიზმი რითაც შეიძლება კრიზისი დასრულდეს, დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ პრეზიდენტის შეწყალებაზე. ცხადია, „ოცნება“ ვერ აიღებდა ვალდებულებას პრეზიდენტის ნაცვლად. პრეზიდენტმა ცალსახად თქვა, რომ ჩემთვის იქნება სკანდალური ფაქტი, რადგან შინაგანად აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, რომ განვახორციელო შეწყალება, რადგან არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებსო, მაგრამ მე ამას მაინც გავაკეთებ, თუკი კრიზისი დასრულდებაო. პრეზიდენტი შეიწყალებს რურუას, გაანთავისუფლებს ამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომიდინარე, კიდევ ერთხელ გადააბიჯებს საკუთარ თავს. გვახსოვს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს, რომ ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის არის დაპირისპირება. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ გამოთქვეს იმედი, რომ პრეზიდენტი შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გააკეთებს სწორ სვლას და თავის თავზე აიღებს რურუას განთავისუფლებას.
„სხვაგვარად რურუას განთავისუფლება ვერ ხერხდება, ისევ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. ვერაფერს მოულოდნელს ვერ ვხედავ, რადგან მეტი გზა არ არის. სანამ „ქართული ოცნება“ ამ განცხადებას გააკეთებდა, პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა ამერიკის და ევროკავშირის ელჩთან, არა მგონია, რომ იმ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოებზე ყოფილიყო ლაპარაკი, ალბათ, ლაპარაკი იყო სწორედ რურუას შეწყალებაზე, სხვა თემა იქ სალაპარაკო არაფერი იყო.
პრეზიდენტი ახლა პოზას უფრო იჭერს, საკმაოდ გაუგებარი განცხადება იყო. მისგან არავის არ მოუთხოვია პირდაპირ, რომ შეიწყალეთო. მხოლოდ გამოითქვა მოსაზრება. პრეზიდენტი უფრო ადრე უნდა ჩართულიყო პროცესში, თუნდაც იმ მიმართებით, რომ საზოგადოების ინფორმირება მომხდარიყო, რომ პრეზიდენტი საქმის კურსშია. ის, რომ რაღაცა გაახსენდება, ეგრე არ გამოდის“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ განცხადებას წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის და დანიელსონის, ასევე ამრიკის და ევროკავშირის ელჩების შეხვედა. მისი თქმით, დახურულ შეხვედრაზე რაზე მიდიოდა ლაპარაკი უცნობია, მაგრამ ბევრს გაუჩნდა აზრი, ხომ არ მზადდებოდა შეწყალების აქტი?
„არ ვიცით რაზე იყო საუბარი. თუკი ამ მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაითანხმეს ზურაბიშვილი ითანამშროლოს მათთან ამ კონცეფციის ფარგლებში, მაშინ ხელისუფლება არ არის საკრიტიკო, რადგან მისი განცხადება უფრო უტაქტოა, ვიდრე შეცდომა. უტაქტო იმიტომ, რომ შენ (ამ შემთხვევაში უმრავლესობაზე ვსაუბრობ) პრეზიდენტს პატივს უნდა სცემდე საიმისოდ, რომ მისი სახელით არ ილაპარაკო და აგრძნობინო ყველას, რომ ის შენი პრეზიდენტი არის და არა შენი საპრეზიდენტო განყოფილების გამგე. აი, მინიმუმ, ეს უტაქტობა იყო“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
„ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი გრძელდება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას, რომ რაღაცა ფორმით წარმოდგენილი იყოს მოალაპარაკების პროცესში, რასაც მისი თქმით, ვერ მიაღწევს და ესეც გახდება ახალი კონფლიქტის მიზეზი.
„ჩვენ რა პროცესს ვხედავთ? – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია. ანუ, ორი ძირითადი ფიგურა, ვისზეც იდგა „ოცნების“ ელექტორალური რესურსი. შემდეგ წავიდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასიკო მაღლაფერიძე, წავიდა „ოცნების“ პიარკონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი. საუბარია იმაზე, რომ კახა კალაძესთანაც უთანხმოება აქვთ. ახლა დაფიქსირდა უთანხმოება პრეზიდენტთანაც. ანუ, ჩვენ ვაკვირდებით იმ პროცესს, რაც მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, რომელიც განერიდა ამ პროცესს, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა, რაც იყო მოსალოდნელი.
თუ გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილის ხასიათს, არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს კონფლიქტი პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის. პრეზიდენტმა რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქმის კურსში არ ჩააყენეს. დედა ენის დღეზე საჯაროდ განაცხადა, რომ კარგია ოპოზიციასთან ათანხმებთ, მაგრამ მეც უნდა შემითანხმოთ რაღაცებიო. ამას რომ საჯაროდ იტყვის ქვეყნის პრეზიდენტი, რაზეა საუბარი.
ახლა მეორედ გამოხატა საჯარო უკმაყოფილება. ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას, რომ რაღაცა ფორმით წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკების პროცესში, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს და ესეც გახდება ახალი კონფლიქტის მიზეზი. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს კონფლიქტი ძალიან მალე ვიხილოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ოცნების“ დაშლის პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.