მეორადი ფაკულტეტის დიპლომი ადვოკატთა ასოციაციის გამოცდების ჩასაბარებლადაც კი არ კმარა

მეორადი ფაკულტეტის დიპლომი ადვოკატთა ასოციაციის გამოცდების ჩასაბარებლადაც კი არ კმარა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა სულ უფრო საინტერესო ელფერს იძენს. მაგალითად, 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმეზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა გარკვეული მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. მოხდა საოცრება და საქმეზე მტკიცებულებად დაურთეს ხელისუფლების წარმომადგენლების სატელევიზიო გამოსვლები, ასევე, ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაც, რომელიც საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ გავრცელდა.

ახალაიას საქმე ნათელი მაგალითია იმ ცივი ომისა, რომელიც პროკურატურასა და სასამართლოს შორის მიმდინარეობს. ეს პროცესი კარგად გამოჩნდა ორი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟში. ეს თემა პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოს შორის ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. კერძოდ, უზენაესი სასამართლო პროკურატურას ალავიძის უმალღეს განათლებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. პროკურატურა კი ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული წერილის გამოქვეყნებით პასუხობს. წერილში კი წერია, რომ მეორადი ფაკულტეტი ადამიანს კვალიფიკაციას არ ანიჭებს. ამავე წერილის თანახმად, ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურს აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია არ მინიჭებიათ.

რას ნიშნავს პროკურატურასა და სასამართლოს შორის მიმდინარე ომი და ასევე რამდენად მიზანშეწონილია, ახალაიას საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედებები, ამაზე for.ge-ს იურისტი ლია მუხაშავრია ესაუბრება.

ლია მუხაშავრია: ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ერაში შევდივართ და ალბათ, სასამართლოს გადაწყვეტილება, სატელევიზიო განცხადებების მტკიცებულებად საქმეზე დართვის შესახებ, ამის შესაბამისია. დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც გავიგე, რომ ბრიტანეთში დაინერგა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სხვა ქალაქში მყოფი მოწმის ტელეხიდის საშუალებით დაკითხვა შეიძლებოდა, ძალიან გავოცდი, მაგრამ ასეთი რაღაცეები თანამედროვე სასამართლოში დასაშვებია. ალბათ, კარგია ასეთ მტკიცებულებების საქმეზე დართვა, რადგან სასამართლოს უწევს, დროს ფეხი აუწყოს. სხვა საკითხია, შინაარსის და მტკიცების თვალსაზრისით, ეს რას მისცემს სასამართლოს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს კარგია. რაც ნოვაციაა და პროგრესზე მეტყველებს, არ ვარ წინააღმდეგი, რომ პოზიტიურად ჩავთვალო.

როგორ ფიქრობთ, იგივე შუამდგომლობები რომ დამდგარიყო ისეთი ადამიანის საქმეზე, რომელიც არ არის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი და ვის მიმართაც „ნაციონალურ მოძრაობასპირადი ინტერესი არ აქვს, სასამართლო მაინც დააკმაყოფილებდა ამ შუამდგომლობას?

- მოდით, ასე ნუ შევხედავთ ამ საკითხს. მაგალითად, ეს დღეები სტატისტიკაზე საუბრობდნენ და ასეთი მიდგომით სასამართლოს განსჯა არ შეიძლება, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიდგომა განსხვავებულია. მაგალითად, კიბერდანაშაულზე სასამართლო მხოლოდ ვირტუალური სამყაროს მასალებს დაეყრდნობა და ეს იქნება მისი მტკიცებულება. იმის კვლობაზე, რა საქმეს განიხილავს, სასამართლოს არ შეიძლება ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა, რომელსაც ვერ გადაუხვევს და არ უნდა გადაუხვიოს. ამიტომ, რადგან საუბარია მაღალი პოლიტიკური ყოფილ თანამდებობის პირზე და რადგან საუბარია მის დანაშაულზე, რომელის მისი თანამდებობის ორგანული ნაწილი იყო და სწორედ მისი თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეფასებები - რამდენად ის სხვის დავალებას ასრულებდა, თუ თვითონ იყო ორგანიზატორი და დამკვეთი, ამის შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ. ამდენად, კარგია, რომ ეს მტკიცებულებები საქმეს დაერთო, რადგან ეს არის უნიკალური პროცესი. ასეთი სასამართლო განხილვები ჩვენ არ გვქონია და ამიტომ, სასამართლომ ყველაფერი უნდა განიხილოს, შეაფასოს და დასკვნები ასე გააკეთოს. სხვაგვარად, მართლმსაჯულება ვერ შედგება და ახალაიას წინააღმდეგ განაჩენი დასაბუთებული ვერ იქნება. ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით, სასამართლო კრიტიკას არ იმსახურებს.

უნდა გკითხოთ მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის საკითხზე. უზენაესი სასამართლო პროკურატურას მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. რა ხდება სინამდვილეში, ეს მხოლოდ ორ უწყებას შორის ატეხილი მტკიცებულებების ომია, თუ აქ უფრო პრინციპულად დგას საკითხი?

- მე დიპლომში მიწერია, რომ მომენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. შეიძლება ადამიანს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდეს, მაგრამ მისი კვალიფიკაცია არ იყოს დადასტურებული, როგორც იურისტის კვალიფიკაცია. როგორც ვიცი, მეორადი ფაკულტეტის დიპლომი ადვოკატთა ასოციაციის გამოცდების ჩასაბარებლადაც კი არ კმარა, ანუ პიროვნებამ ამ დიპლომით რომ ჩააბაროს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა, ის ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვერ გახდება, რადგან იურისტის კვალიფიკაცია არ აქვს. ადამიანს შეიძლება განათლება ჰქონდეს, მაგრამ კვალიფიკაცია კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას გულისმხობს. თუკი ადამიანს ამ დიპლომით არ შეუძლია ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდეს და საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს, მოსამართლეობას უფრო მეტი მოთხოვნა არ წაეყენება? - რა თქმა უნდა, წაეყენება.

მანდ მე მგონი უნივერსიტეტის განმარტება არ უნდა ყოფილიყო. უმჯობესი იქნებოდა, განმარტება განათლების სამინისტროს გაეკეთებინა, რადგან სწორედ სამინისტრო განსაზღვრავს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვიღაცის კვალიფიკაციას ადასტურებს, ან არ ადასტურებს. ეს ძალიან ადვილი გასარკვევია, რადგან მაგალითად, უცხოეთში ქართული დიპლომით რომ დააპიროთ მუშაობა, უცხოურ კომპანიას უფლება აქვს, მოგთხოვოთ თქვენი სამშობლოდან იმის განმარტება, თქვენი დიპლომი საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, რა სტანდარტს შეესაბამება. ამას აკეთებს განათლების სამინისტრო, შემდეგ კი შესაბამისი პროცედურებით იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით, მანდ ბევრი არაფერია გამოსაძიებელი. თანაც, მოსამართლე უდავოდ უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი უნდა იყოს. შესაბამისად, ასეთი მოსამართლის განათლება ყველაზე მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ყველაზე მაღალი სტანდარტი კი არის იურისტის კვალიფიკაცია, რომელიც მას დიპლომით უნდა ჰქონდეს აღიარებული. თუ დიპლომში უბრალოდ იურიდიული განათლება უწერია, იურისტის კვალიფიკაციის გარეშე, მაშინ ეს ადამიანი განათლების ასეთი ცენზის მქონე პირად არ ჩაითვლება. ეს იწილო-ბიწილო კი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვისაა, რომ ერთმა მხარემ მეორის თავდასხმა მოიგერიოს.

უკვე ქალბატონი თინა ბოკუჩავა ალაპარაკდა იმაზე, რომ თურმე, თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის კვალიფიკაცია და მის მიერ წაყენებული ბრალდებები გაბათილდება. მინდა გითხრათ, რომ თეა წულუკიანი სულ ახლახანს გახდა იუსტიციის მინისტრი და თუ მისი შესაბამისი კვალიფიკაციის უქონლობა დადასტურება (დავუშვათ და დადასტურდეს), მხოლოდ ორიოდე ბრალდების გაბათილება შეიძლება მოხდეს, მაშინ როცა გიგაური და ალავიძე რამდენი წელია მოსამართლეები არიან და უამრავი საქმე აქვთ გადაწყვეტილი. პროცესუალური ნორმების თანახმად, თუ სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ გამოიტანა გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია. არაკანონიერად კი ითვლება შემადგენლობა, თუკი მოსამართლეს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.

საერთოდ, ეს პრობლემები წარმოიშვა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოზე ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ოპონენტი მხარე რამდენიმე ნაბიჯით გადაახტა პროცედურებს, როდესაც თქვა, რომ კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. ჯერ უნდა დადგეს ამ ორი მოსამართლის მიერ გადაწყვეტილი საქმეების საკითხი და შემდეგ დაისვას საკითხი, თუ ვინ დაუშვა ეს ადამიანები მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე, რადგან გამოცდაზე ადამიანი წარადგენს იურისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, რომელსაც შეისწავლიან და შემდეგ იტოვებენ მის ასლს. ამიტომ, როცა მეორადი ფაკულტეტის დიპლომი მიგაქვს, მაპატიეთ, მაგრამ შორიდანვე უნდა გითხრან, რომ ამით მოსამართლის გამოცდას ვერ ჩაბარებ. ძალიან ცალსახაა, რომ ეს მოსამართლეები სრულიად განზრახ დაუშვეს გამოცდაზე და ჩააბარებინეს ეს გამოცდა, რადგან ამ გამოცდის ჩაბარება საკმაოდ რთულია და მეორად ფაკულტეტზე განა რა ისწავლეს ისეთი ამ ადამიანებმა, რომ წარმატებით დაემთავრებინათ ეს კურსი და შემდეგ ეს გამოცდაც წარმატებით ჩაებარებინათ?

აქვე გეტყვით, რომ მე პირადად მაქვს გამოცდილება მოსამართლე ალავიძესთან დაკავშირებით. მას ეწერა ჩემი პირადი საჩივარი, რომელსაც არა და არ აღირსა განხილვა. მაინტერესებდა, ვინ იყო ეს მოსამართლე და ამიტომ შევედი ერთ-ერთ პროცესზე, რომელზეც ის პალატაში იჯდა. მინდა გითხრათ, რომ ბესარიონ ალავიძე იჯდა და მთელი პროცესის განმავლობაში კომპიუტერზე თამაშობდა, თანაც, ამას არც მალავდა. მე ყველაფერი გავაკეთე, ვცმუკავდი, ვხმაურობდი, ვლაპარაკობდი, რათა კოლეგიის თავმჯდომარის ყურადღება მიმეპყრო. სხვა შემთხვევაში ასე მოქცევისთვის უეჭველად გამიშვებდნენ დარბაზიდან. როგორც თქვენ არავის შეუმჩნევიხართ იმ პროცესზე, რადგან არ იყავით, ისე არ შევუმჩნევივარ მეც მოსამართლე ალავიძეს. ამ ადამიანის ქმედება ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ამ კაცისთვის ყველაფერი სულერთია. ყველაფერი კი სულერთი შეიძლება იყოს იმ მოსამართლისთვის, რომელსაც დანიშვნამდე ჰქონდა მიღებული ის გარანტიები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე. თავისი ჰაბიტუსით ის ადასტურებდა იმას, რომ არის სრულიად უვიცი, არაკვალიფიცირებული, მაგრამ არც კი აინტერესებდა ის, რომ სხდომათა დარბაზში ხალხი ხედავდა, როგორ იქცეოდა იგი პროცესზე.

ამ მოსამართლეების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ასე დაცვაც იმას უკავშირდება, რომ ეს პირადად მისი პასუხისმგებლობის საკითხია?

- რა თქმა უნდა, ბოლო ეტაპზე დადგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უკეთებს ორგანიზებას მოსამართლის გამოცდებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხია, თუკი ეს გამოცდა შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლემ ჩააბარა. თუკი დადასტურდა, რომ ამ ორი მოსამართლის კვალიფიკაცია არ არის მათი თანამდებობის შესაბამისი, მაშინ არ გაჩერდება არც ადვოკატი ალადაშვილი და ალბათ, კიდევ ბევრი სხვა ასეთი დარღვევა ამოტივტივდება. ეს იქნება დაახლოებით ისეთი პროცესი, ჯებირი რომ მოირღვევა და იქიდან წამოსული წყლის ნაკადს ვეღარაფერი რომ ვერ აჩერებს.

ახლა ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ იმ პროცესის ფესვებზე, რის გამოც ამდენი ხანი სასამართლო სისტემას ვაკრიტიკებდით ხოლმე, ანუ რა ფესვები ჰქონდა ამ ბოროტების ხეს. ფესვები არის სწორედ ეს, რომ სრულიად არაკვალიფიცირებულ ადამიანებს, მოსამართლედ მუშაობის და ასეთი წარმატებული სამოსამართლო კარიერის გაკეთების უფლებას აძლევდნენ. უზენაესი სასამართლოს წევრობა (როდესაც იქ სულ 12 მოსამართლე გიზის),  ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა და როგორ შეიძლება, რომ იქ მეორადი ფაკულტეტდამთავრებული ადამიანი იჯდეს?

ბაჩო ახალაიას მეუღლემ განაცხადა, რომ პროკურატურა პანიკაშია, ვინაიდან ახალაიას ბრალს ვერ უმტკიცებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ახალაიას სულ ახალ-ახალ ბრალდებებს უყენებენ, რათა როგორმე მისი პატიმრობაში ყოფნა გაახანგრძლივონ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ძალიან ვწუხვარ, რომ ახალაიას მეუღლის ამ განცხადებას ნაწილობრივ ვეთანხმები. როდესაც ახალაია ჯერ დაკავებული არ იყო და დაკითხვაზე იყო დაბარებული, „მქონდა პატივი“ პირდაპირ ეთერში მეთქვა, რომ ეს კაცი დასაჭერი არ იყო. სამწუხაროდ, მის შემთხვევაში ინერციით გაგრძელდა ის პრაქტიკა, როდესაც ადამიანს ჯერ დაიჭერდნენ და შემდეგ დარბოდნენ, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ. ახალაიას იმ ბრალდებებით დაკავება (თუნდაც ეს ბრალდებები დადასტურდეს) არ არის გონივრული და ეს პოლიტიკაც რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი არ არის. ვერ გეტყვით, რა შედეგები დადგება, თუმცა ჯობია, ახალაია გამართლდეს და ამით სილა გაეწნას ყველას, ვინც ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი და ამ ადამიანებმა ჭკუა ისწავლონ. უნივერსალური პრინციპი, რომ ჯობია ასი დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო იყოს დაჭერილი, ეს პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ეს ახალაიაა და იგი აუცილებლად მკაცრ სასჯელს იმსახურებს.

სანამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ალბათ, მოგვიწევს პროკურატურის და სასამართლოს ჭიდილის ყურება?

- არა მხოლოდ სააკაშვილია აქ მნიშვნელოვანი, არამედ თავად პროკურატურის კვალიფიკაციაც. სამწუხაროდ, ასეთი პროკურატურა გვყავს. კარგი იქნებოდა, ნახევარი „დუჟინი“ ბრიტანელი, ან ამერიკელი პროკურორი დაგვექირავებინა, მაგრამ ვინც გვყავს, იმას უნდა დავჯერდეთ. ამ ვითარებაში ძალიან პოზიტიური იქნებოდა, ეღიარებინათ, რომ შეეშალათ. მესმის, რომ ეს ძალიან მძიმეა იმ ადამიანებისთვის, ვისი ოჯახის წევრიც პატიმრობაში დაიღუპა, ან ციხიდან დასახიჩრებული გამოვიდა, ან თუნდაც ვისი ოჯახის წევრიც სამხედრო იყო და ახალაიას არაადამიანური მოპყრობა გამოიარა, მათთვის ამის მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ სამართლიანობა არის უმაღლესი ღირებულება და არაფრით არ შეიძლება, ამაზე თვალი დავხუჭოთ. სჯობს, ასი დამნაშავე გარეთ დადიოდეს, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო გვეჯდეს ციხეში.