ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დილემა გადაჭრილია - იმის მიუხედავად, რომ მის მიერ დოკუმენტის შინაარსის ცვლილებამ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში გაურკვევლობა და აღშფოთებაც კი გამოიწვია, მან შეძლო ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება საბოლოო შეთანხმებამდე მიეყვანა. 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია და ისტორიული შეთანხმება შედგა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორბელიანის სასახლეში ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ნაციოანლური მოძრაობის“ პოლიტიკურ შანტაჟს როგორც იქნა თავი დააღწიეს და დოკუმენტს სახელწოდებით „საქართველოს წინსვლის გზას“ ხელი მოაწერს: „ქართულმა ოცნებამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „გირჩმა-მეტი თავისუფლებისთვის“, „ლელომ“, „მოქალაქეებმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“. დოკუმენტს ინდივიდუალურად ხელს მოაწერეს დეპუტატებმა: დავით ბაქრაძემ და ენმ-ის ერთ-ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ ეხმიანება.
„საქართველოს გაუმარჯოს!
ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც არსებული კრიზისიდან გამოიყვანს“!
შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის და ხალხის ინტერესი დააყენეს წინ. ის მადლობას უხდის პრეზიდენტსაც. დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობდა. თუმცა მან განაცხადა, რომ ის 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა და პოლიტიკოსებს შეხვდება. არაა გამორიცხული მისი ჩამოსვლის მიზანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრა იყოს.
ორბელიანების სასახლში მიმდინარე ხელმოწერის ცერემონიას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
ხელმოწერის პროცესში კი, თითოეულმა პოლიტიკოსმა განცახდებაც გააკეთა.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელმოწერამდე მადლობა გადაუხადა ელჩებს მოთმინებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს დღე გარდატეხის წერტილი იქნება“.
„ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ“, - ამის შესახებ კი დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილმა კი განაცხადა: „თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა“.
ყველა მათგანმა ხელმოწერის შემდეგ მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გადაუხადეს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან აცხადებენ, რომ მართალია, დოკუმენტის შინაარსის ცვლილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან ცოტ გაუგებარი და მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მას საბოლოო ჯამში საკმაოდ ბევრი პლუსი აქვს. მართალია, თავიდან მენტორული ტონი არაპარტნიორულ საქციელს ჰგავდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მიშელის ახალმა დოკუმენტმა ოპოზიციას საშუალება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ტირანიისგან თავი დაეხსნა. ანალიტიკოსები ქუჩაში მარტო დარჩენილ ნაციონალებს თავდაღმა სვლას და პოლიტიკურად გაბანკროტებას უწინასწარმეტყველებენ, ამასთან ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მათი არასწორი ტაქტიკის გამო პოლიტიკურ ველზე სიტუაცია შეიცვალოს და ამომრჩევლის ნაწილმაც კი ზურგი აქციოთ. თავად ენმ-ის შიგნითაც რღვევის პროცესი დაიწყება, რაც ამ დესტრუქციული ძალის დასუსტებას გამოიწვევს.
მიშელის ახალი პოლიტიკური წინადადება კი, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა, ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
„თუკი პარტიები ხელს მოაწერენ დოკუმენტს და ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები იტყვიან, რომ შეთანხმება შედგა, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება. როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში განმარტა, არსებობს რამდენიმე კითხვა, მათ შორის რატომ გადაწყდა 43%-იანი დათქმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამასთანავე, ვინ დათვლის ამ ხმებს?
სააკაშვილის თქმით, თუ ხმებს კვლავ თამარ ჟვანია ამჟამად მოქმედი სისტემით დაითვლის, კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. მისი თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც არსებობს, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ჯერჯერობით ასეთია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება საკმაოდ მოულოდნელი იყო. იმ დროს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა. ამან კი გარკვეული გაურკვევლობა, როგორც პოლიტიკურ, ასევე ფართო საზოგადოებაში გამოიწვია. თუმცა მიუხედავად პოსტ-ფაქტუმ ცვლილებებისა, „ქართული ოცნება“ მაინც მზად აღმოჩნდა, რომ მიშელის წინადადებაზე ხელი მოეწერა, რითაც მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია კუთხეში მოექცნენ. აბაშიძეს მიაჩნია, რომ ამ პროცესით დაიწყება, როგორც ნაციონალების ასევე ევროპელების ეროზია და პოლიტიკურად გაბანკროტდებიან.
„რაც შეეხება მცირე პარტიების გადაწყვეტილებას, მათ საკამოდ სწორი ნაბიჯი გადადგეს. არაერთხელ მითქვამს, რომ ისინი სააკაშვილის პოლიტიკური გრავიტაციიდან უნდა გამოსულიყვნენ. ფაქტია, ეს ასეც მოხდა და პატარა პარტიებმა ნაციონალების ტყვეობას თავი დააღწიეს. სწორი იყო, თუმცა ბევრისთვის გაუგებარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ დათქმის შემთხვევაში ის გიორგი რურუას შეიწყალებს. საზოგადოებამ ძალაინ კარგად იცის რურუას ბნელი ბიოგრაფია, ამიტომაც არ არის ადვილი პრეზიდენტმა ასეთ დანაშაულებების პაკეტის მქონე ადამიანი გარეთ გამოუშვას. ჩემი სუბიექტური შეფასებით, მიშელის ეს მოულოდნელი განცხადება მაქსიმალურად ორივე მხარისთვის შუალედური ვერსია იყო, რასაც მმართველი გუნდი დათანხმდა, თუმცა სააკაშვილის პარტიას მეტი უნდა და კვლავ პირობებს აყენებს. დასავლეთიდან წამოსული პოზიტიური შეფასებებიდან ნათლად ჩანს, რომ „ოცნების“ ეს მძიმე ნაბიჯი დადებითად არის შეფასებული“,-განაცხადა გია აბაშიძემ for.ge-სთან.
მისივე თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის განაწყენების და კრიტიკული განცხადებებისა, მიშელის ახალმა შემოთავაზებამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაქსაქსვა გამოიწვია, ასევე „ევროპული საქართველო“ საერთოდ დაშლისთვის არის განწირული, ხოლო მცირე პოლიტიკურ პარტიებს საშუალება მიეცათ, რომ სააკაშვილის გრავიტაციული პოლიტიკური ველიდან თავი დაეღწიათ და დამოუკიდებლად, მმართველი გუნდის წინააღმდეგ კონსტრუქციული ბრძოლა განაგრძონ. აბაშიძე ამბობს, რომ ამის ოპტიმისტური ნიშნები უკვე ჩანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, 2024 წლისთვის სრულიად სხვა პოლიტიკური გარემო მივიღოთ. ეს პირიქით, კარგია და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება მოხდება.
„შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი ჩანს მისაღებია და თან მიუღებელი, მაგრამ ვხედავ, რომ უფრო ბევრი პლუსები აქვს. მგონია, ამ დოკუმენტს დადებითი შედეგი უფრო გამოჩნდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ელის, რომ დასავლეთი მათ მხოლოდ ერთ დოკუმენტს შესთავაზებს, სადაც ეწერება, რომ ხელისუფლება მათ უნდა გადააბარონ. სააკაშვილისთვის კონსტრუქციული პირობა და მოლაპარაკება არის მიუღებელი. სააკაშვილი და მისი პარტია აღმოჩნდება ქუჩაში აბსოლუტურად მარგინალიზებული, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლებისგან. ამიტომ, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი მიშელის დოკუმენტი, ქართული პოლიტკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ შარლ მიშელმა გადაწყვეტილების შეცვლით სცადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობისგან ეხსნა. მართალია, მიშელის ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ ხელისუფლება ამ ცვლილებასაც დათანხმდა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის მზად არის 43%-საც კი ხელი მოაწეროს და მას არაფრის ეშინია. ბოჟაძე აცხადებს, რომ მიუხედავად მელიას ციხიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებისა, მას ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს, რადგან გირაოს თანხას ევროკავშირი გადაიხდის. ასევე - არც გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებაზეც გადაწყვეტილება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ზურაბიშვილმა მიიღო.
„ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობაში იყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისინი მათ საშუალებას არ აძლევდნენ, რომ შეთანხმება შემდგარიყო. მთელი 6 თვე, ეს ადამიანები ფაქტობრივად ტყვეობაში ჰყავდათ. ამიტომ შარლ მიშელის მიერ დოკუმენტის შინაარსის ცვლილებამ, ვფიქრობ, ამ ადამიანების ტყვეობიდან დახსნა გამოიწვია. აქ საინტერესოა ის მექანიზმი, რომ ისევ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იქნება რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა 2022 წელს.
მიშელმა და „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტით არანაირი შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, რომ ხელის მოწერის მიზეზი არ ჰქონოდა. ყველა საფუძველი და საბაბი ხელიდან გამოაცალა. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ , „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ დოკუმენტს ხელს არ აწერენ, მიუხედავად ამისა, დანარჩენი ოპოზიციის პრინციპული თანხმობა ვნახეთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევა დაიწყოს. ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო, ეს საკამოდ სწორი და პრინციპული მიდგომაა. მთელი ამ პროცესების ამოსავალი წერტილი, რასაც ენმ ცდილობდა, იყო, რომ, როგორმე პარლამენტში 113 ხმა არ შეგროვებულიყო და წყალში ჩაეყარათ. შარლ მიშელის და „ოცნების“ საკმაოდ სწორმა გადაწყვეტილებამ ნაციონალებს ყველა გზა მოუჭრა“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ვინც ახლა ენმ-ის კლანჭებს დაეხსნა, მას ეძლევა შანსი, რომ რიგგარეშე არჩევნები როცა არ უნდა დაინიშნოს, მხოლოდ 2%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მართალია, მცირე პარტიებმა არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის გამო ამომრჩეველი დაკარგეს, მაგრამ მათ კიდევ ექნებათ შანსი, რომ ეს დანაკარგი აღიდგინონ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ის ამ გადაწყვეტილებას, როგორც 8 მარტის შეთანხმებას, გაგებით მოეკიდება და მიხვდება, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი შეთანხმება და „ოცნება“ კიდევ უფრო გაძლიერდება.